Accessibility links

აფეთქების ხმამ კოსოვოდან გაერომდე მიაღწია


გაეროს უშიშროების საბჭო

გაეროს უშიშროების საბჭო

გაეროს უშიშროების საბჭომ 6 ივლისს საგანგებო სხდომა მიუძღვნა კოსოვოში შექმნილ დაძაბულ ვითარებას. სხდომის გამართვის თხოვნით გაეროს სერბიამ მას შემდეგ მიმართა, რაც ეთნიკურად გაყოფილ ქალაქ მიტროვიცაში მომხდარ აფეთქებას გასულ კვირაში მსხვერპლი მოჰყვა. სესიას გაეროში ესწრებოდნენ სერბიის პრეზიდენტი ბორის ტადიჩი და კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრი სკენდერ ჰისეინი. მათ ურთიერთგამომრიცხავ შეფასებებს კი ასევე არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარმომადგენელთა მხრიდან.

სერბიის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა „ტერორის აღმაშფოთებელი ფაქტი" უწოდა გასულ კვირაში კოსოვოს ჩრდილოეთში მომხდარ აფეთქებას, რომლის დროსაც ადგილობრივი ბოსნიელი მუსლიმანი დაიღუპა და 11 გამვლელი დაიჭრა. ტადიჩი გაეროში გამართულ სესიაზე ამტკიცებდა, რომ ორი ბომბი იმ ეთნიკური ალბანელების სახლის ეზოდან ისროლეს, რომლებიც კოსოვოს დამოუკიდებლობას უჭერენ მხარს. აფეთქება მოხდა მაშინ, როდესაც ადგილობრივი სერბები საპროტესტო დემონსტრაციას მართავდნენ პრიშტინის ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც, ტადიჩის მტკიცებით, კოსოვოს სამთავრობო ოფისის გახსნით ქალაქის სერბული ნაწილის გაკონტოლებას ცდილობს.

„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პასუხისმგებელ დაინტერესებულ მხარეს, რომ თავი არ ჩაიყენონ ისეთ მდგომარეობაში, რაც პრიშტინაში შემდგომ დესტაბილიზაციას გამოიწვევს. ეთნიკურ ალბანელთა ხელისუფლებას უნდა განემარტოს რა შეიძლება მოჰყვეს მომავალში მათ ქმედებას. სხვაგვარად, სერბიას სხვა რა გზა დარჩება იმის გარდა, რომ გადახედოს პროვინციაში საერთაშორისო წარმომადგენლობის ყოფნის მიმართ თავის დამოკიდებულებას.“

თუმცა კოსოვოს წარმომადგენელმა სკენდერ ჰისეინიმ გაეროს საბჭოს სესიაზე უარყო ტადიჩის მტკიცება და 2 ივლისის ინციდენტი შეაფასა როგორც, უბრალოდ, ერთ-ერთი კრიმინალური აქტი, რომელსაც ხელისუფლება ამჟამად იძიებს. აღნიშნულ მოსაზრებას მხარი დაუჭირა შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ გაეროში ალეჰანდრო ვულფმა, რომელმაც წუხილი გამოხატა მიტროვიცაში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო და გააკრიტიკა დემონსტრანტების და მათ უკან მდგომი ძალების მოქმედება.

„ჩვენი შეთანხმებით, გამჭვირვალობის ინტერესებიდან გამომდინარე, სერბიის ხელისუფლებას წინასწარ ეცნობა ცენტრის გახსნის შესახებ. სამწუხაროა, რომ მოხდა პოლიტიზება კოსოვოს ხელისუფლების მცდელობისა, გაეხსნა მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი მათთვის, ვინც ამას ყველაზე უფრო საჭიროებს, რამაც ჩრდილოეთ კოსოვოში სიტუაციის დესტაბილიზაცია გამოიწვია. ჩვენ ასევე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ დაუშვებელია ნებისმიერი ძალადობა და პროვოკაციული ქმედებები დემონსტრანტთა მხრიდან.“

გაეროს საგანგებო სესიაზე სერბიას უპირობოდ მხარი დაუჭირა მისმა მტკიცე მხარდამჭერმა, რუსეთის ფედერაციამ. გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა აშკარად მიანიშნა, რომ კოსოვოში სიტუაციის დესტაბილიზაციაში დამნაშავეა საერთაშორისო საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი:

„კოსოვოს ხელისუფლებამ, საერთაშორისო საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლის მხარდაჭერით, სცადა გაეხსნა დროებითი ინსტიტუტების კანცელარია ჩრდილოეთ მიტროვიცაში, კოსოვოში. ეს აშკარა პროვოკაციაა, რომელიც მხარის სერბებით დასახლებული რაიონების დესტაბილიზაციას ისახავდა მიზნად. ჩვენამდე მოდის ინფორმაცია, რომ მსგავსი მადესტაბილიზებელი ნაბიჯები შემდგომშიც იგეგმება. საჭიროა ყველა ზომის მიღება მსგავსი პროვოკაციული ქმედებების თავიდან ასაცილებლად.“

კოსოვოს ალბანურმა ხელმძღვანელობამ 2008 წლის თებერვალში ცალმხრივად გამოაცხადა სერბიისგან დამოუკიდებლობა. მას შემდეგ გაეროს 192 წევრი სახელმწიფოდან კოსოვო 69 ქვეყანამ ცნო, თუმცა აზრთა სხვადასხვაობა მაინც არსებობს, რის გამოც გაეროს საერთაშორისო სასამართლო განიხილავს კოსოვოს დამოუკიდებლობის სამართლებრივ მხარეს. გადაწყვეტილებას სასამართლო წლის ბოლოს გამოაქვეყნებს.
XS
SM
MD
LG