Accessibility links

კოკოითი პრეზიდენტობას აღარ აპირებს


ედუარდ კოკოითი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი

ედუარდ კოკოითი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი კონსტიტუციის შეცვლას და საპრეზიდენტო პოსტზე მესამე ვადით კენჭისყრას აღარ აპირებს. ეს მან ჯერ დე ფაქტო რესპუბლიკის მმართველი პარტიის „ედინსტვოს“ მე-7 ყრილობაზე განაცხადა, შემდეგ კი მთავრობის სხდომაზე გაიმეორა. დე ფაქტო რესპუბლიკაში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები 2011 წლის ნოემბერში უნდა გაიმართოს. როგორც კოკოითიმ აღნიშნა, მომავალი პრეზიდენტი გარედან მოსული კაცი ვერ იქნება.

გარეთ მყოფ ადამიანებში კოკოითიმ მოსკოვში მყოფი ოსური ოპოზიცია იგულისხმა, რომლის ლიდერი ალბერტ ჯუსოევია. ჯუსოევის გარშემო შემოკრებილნი არიან დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი მოხელეები: ყოფილი თავდაცვის მინისტრი ანატოლი ბარანკევიჩი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი იური მოროზოვი და ცხინვალში ყველაზე გავლენიანი ჯამბულათ თედეევი, მეტსახელად ”დიკი”. იგი რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი და რუსეთის პრემიერთან, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირია. თავის დროზე სწორედ თედეევმა ჩამოიყვანა კოკოითი ცხინვალში და ლუდვიგ ჩიბიროვის დამარცხებაში დაეხმარა, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი ”მოსისხლე მტრებად” იქცნენ.

გასული წლის განმავლობაში ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა და კოკოითისთვის მესამე ვადით არჩევის უფლების მინიჭება იგეგმებოდა, მაგრამ მოულოდნელად ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა, რაც მოსკოვური ოპოზიციის გააქტიურებას დროში დაემთხვა. გარდა ამისა, კოკოითს ურთიერთობა საკუთარ პრემიერ-მინისტრთან ვადიმ ბროვცევთანაც დაეძაბა, რუსული ფულის გადანაწილების გამო. გაეროს ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი მალხაზ მინდიაშვილი მიიჩნევს, რომ კოკოითზე ზეწოლა კრემლიდან განხორციელდა და მას უარი ათქმევინეს საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რადგან კოკოითიმ მითვისებული რუსული ფულის გამო საკუთარ ხალხშიც დაკარგა ავტორიტეტი. მინდიაშვილის აზრით, მოსკოვი ფსონს ოსური ოპოზიციის რომელიმე ლიდერზე დადებს.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე საარჩევნო მარათონი უკვე იწყება. საკუთარი ფავორიტი კოკოითისაც ჰყავს. რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყაროს ცნობით, დე ფაქტო ლიდერს ძალიან უნდა, რომ მომავალი პრეზიდენტი მისი ძმის ახლობელი, დე ფაქტო რესპუბლიკის ამჟამინდელი გენერალური პროკურორი თეიმურაზ ხუგაევი გახდეს. ხუგაევს კარგად იცნობდა სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენელი ვლადიმერ სანაკოევი. მისი აზრით, ხუგაევი დაბალი დონის იურისტია და კოკოითის ბრძანებების უსიტყვოდ შესრულებისთვის წინაურდებოდა.

ექსპერტების აზრით, კოკოითი საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი ფავორიტის გამარჯვებისთვის იბრძოლებს, ბრძოლას ოსური ოპოზიციაც აპირებს, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მაინც მოსკოვში გადაწყდება და დე ფაქტო რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტი მაინც კრემლის ფავორიტი გახდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG