Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯაშუშური თამაშები


ნიუ-იორკის ერთ-ერთი გაზეთის ყდაზე: რუსეთისთვის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ანა ჩეპმენი
ნიუ-იორკის ერთ-ერთი გაზეთის ყდაზე: რუსეთისთვის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ანა ჩეპმენი
რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილებს დღეს ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში ელიან. ხუთი მათგანი ოთხშაბათს უნდა წარმდგარიყო ბოსტონისა და ვირჯინიის სასამართლოების წინაშე, მაგრამ ბოლო წუთს გადაწყდა, რომ ისინი ნიუ-იორკში მყოფ დანარჩენ ხუთს შეერთებოდნენ. მოელიან, რომ ამერიკა და რუსეთი უახლოეს ხანებში გაუცვლიან ერთმანეთს ჯაშუშობაში ეჭვმიტანილებს. რას ეყრდნობა ეს მოლოდინი?

ჯაშუშების გაცვლის შესაძლებლობაზე კომენტარს არც რუსი და არც ამერიკელი ოფიციალური პირები არ აკეთებენ, თუმცა, არაოფიციალური წყაროების ცნობით, ეს თითქმის გადაწყვეტილი ამბავია.

თავდაპირველად ინფორმაცია გაცვლის შესაძლებლობის შესახებ მეცნიერ იგორ სუტიაგინის ადვოკატმა და ოჯახმა გაავრცელა. სუტიაგინი რუსულმა სასამართლომ 2004 წელს დააკავა ბრიტანული ფირმისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის ბრალდებით და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის სასჯელს არხანგელსკში იხდიდა, ორშაბათს კი მოსკოვში, ლეფორტოვოს ციხეში, გადაიყვანეს და ოჯახის ნახვის საშუალებაც მისცეს. სუტიაგინის ადვოკატმა, ანა სტავიცკაიამ, განაცხადა, რომ მეცნიერი აიძულეს ბრალი ეღიარებინა, სანაცვლოდ კი უთხრეს, რომ გაცვლიდნენ:

„მიუხედავად იმისა, რომ ის დათანხმდა და ხელი მოაწერა დოკუმენტებს, რომლებიც მისცეს და რომლებიც არც წაუკითხავს, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მას უნდა, რომ ყველამ იცოდეს,მას სურს გადმოგცეთ, რომ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.“

სუტიაგინის ძმამ დმიტრიმ კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას აჩვენეს იმ 11კაცის სია, რომელთა გაცვლასაც რუსები აპირებდნენ. მანვე თქვა, რომ დაამახსოვრდა მხოლოდ ერთი სახელი - რუსული დაზვერვის ექს-პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი, რომელსაც 2006 წელს 13 წელი მიუსაჯეს, დიდი ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით. თავად სკრიპალის ადვოკატი რუსულ პრესასთან საუბარში ამ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს.

ამასობაში, გაცვლის შესახებ ხმები ვრცელდება ვაშინგტონიდანაც. სპეკულაციები მოჰყვა სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსის, რუსეთში ყოფილი ელჩის, შეხვედრას რუსეთის ელჩთან ამერიკაში სერგეი კისლიაკთან. სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის მოადგილემ მარკ ტონერმა თქვა, რომ ამერიკელი და რუსი დიპლომატები ერთმანეთს ჯაშუშების საქმის გამო არ შეხვედრიან, თუმცა დაადასტურა, რომ ეს საკითხი ნამდვილად წამოიჭრა:

„შეხვედრის მთავარი მიზანი რეალურად იყო სამიტის განხილვა, რომელიც აქ ორი კვირის წინ ჩატარდა. წამოიჭრა თუ არა ჯაშუშების საკითხი? - ალბათ, წამოიჭრა. ვაპირებ თუ არა ჩავუღრმავდე დეტალებს? - არა.“

ამასთან, რუსული პრესა იუწყება, რომ ბერნსი და კისლიაკი სწორედ ჯაშუშების გაცვლის შესათანხმებლად შეხვდნენ ერთმანეთს. რუსული ინტერნეტგამოცემა „გაზეტა.რუ“ კი დაუსახელებელ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრაზე გადაწყდა სუტიაგინი ჯაშუშობაში ბრალდებულთაგან ყველაზე ცნობილში - ენ ჩეპმენში - გაცვალონ.

იგივე „გაზეტა.რუ“ წერს, თუ რატომ აძლევს ხელს ორივე მხარეს - ამერიკასაც და რუსეთსაც - გაცვლა სწრაფად განხორციელდეს. პოლიტოლოგმა ნიკოლაი ზლობინმა გამოცემას უთხრა, ვაშინგტონს გაცვლა საშუალებას მისცემს დროზე მოიშოროს ისინი თავიდან და რუსეთთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოსო, რუსეთს კი სურს შეინარჩუნოს იმიჯი ქვეყნისა, რომელიც თავისიანებზე ზრუნავსო.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG