Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 8 ივლისი 2010


Georgia -- Newspapers. undated
Georgia -- Newspapers. undated
მოსკოვში ქართული პროპაგანდის ჩახშობისა და ქართულენოვანი ფედერალური მედიაარხის შექმნის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ, წერს დღევანდელი ”რეზონანსი”. პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის ანალიტიკოსის ანატოლი ჩიგანკოვის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს რუსეთმა ოპერაცია საქართველოს დასამშვიდებლად წამოიწყო, საინფორმაციო გამარჯვება მაინც თბილისს რჩება. როგორც პოლიტოლოგი გოგი ხუციშვილი გაზეთ ”რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, ”რუსები აღშფოთებულები და გაღიზიანებულები არიან იმით, თუ როგორ ილაპარაკა ჰილარი კლინტონმა. მან ბევრჯერ ახსენა ტერმინი ”ოკუპაცია” და ძალიან მაცრი პოზიცია გამოხატა. რუსეთიდან ბევრი კითხვა მივიღე და ვიცი, რომ ამასთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ საინფორმაციო ომი მოვიგეთ. რუსეთის საინფორმაციო მანქანა ძალიან ძლიერია, მაგრამ, უბრალოდ, იმის გამო, რომ რეალურად მართლა არის ტერიტორია ოკუპირებული, ძნელია იმ გადაწყვეტილებებს არ დაეთანხმო, რაც ტალიავინის კომისიამ და მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ მიიღო“, - აცხადებს გოგი ხუციშვილი ”რეზონანსთან’ საუბრისას.

კიდევ ერთი თემა, რასაც გაზეთი ”რეზონანსი”, ისევე როგორც მთლიანად დღევანდელი პრესა, აქტიურად აშუქებს, არის ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, დეპუტატის, ”ვითიბი ბანკის” ყოფილი აქციონერისა და ”სოკარ ენერჯი ჯორჯიას” აქციათა მფლობელის ვანო ჩხარტიშვილის ოჯახთან ერთად ბრიტანეთში გახიზვნის საკითხი. ზურაბ ნოღაიდელის თქმით, ჩხარტიშვილს მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. ”რეზონანსის” ინფორმაციით, საქართველო დატოვეს ჩხარტიშვილის ძმის ოჯახის წევრებმაც სწორედ იმ მიზეზით, რომ თბილისში შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეჰქმნოდათ. მაგრამ თუ რაში მდგომარეობს პრობლემის არსი, ამაზე კომენტარის გაკეთებისაგან ყველა თავს იკავებს.

დღევანდელი ”ყველა სიახლე” აქვეყნებს ვრცელ ინტერვიუს „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერ ნინო ბურჯანაძესთან: ”რა თქმა უნდა, ოპოზიციაში არის პრობლემები”, - აცხადებს ბურჯანაძე და იქვე განაგრძობს: ”ჯობდა, შარშან ოპოზიციას ბოლომდე მიეყვანა საქმე, ასეთი არათანმიმდევრული არ ყოფილიყო და არ ეღალატა ხალხისთვის. ადგილობრივ არჩევნებზე წასვლით ხელისუფლებას შევცვლითო, აბა სად არის ალასანიას მიერ დაპირებული ცვლილებები?! ცხრაჯერ ახსენა ქალბატონმა კლინტონმა ”ვარდების რევოლუცია”. არა მგონია, სააკაშვილის პიარის გავლენის ქვეშ იყვნენ ამერიკაშიც და არ იცოდნენ, რომ რევოლუციის შემოქმედი მხოლოდ სააკაშვილი არ იყო. ნორმალურია ის, რომ ვარდების რევოლუციის ერთი ლიდერი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა და მეორე ლიდერი კი ოპოზიციაშია?”, - კითხულობს ნინო ბურჯანაძე.

ნინო ბურჯანაძის რიტორიკულ კითხვას, აბა სად არის ალასანიას შეცვლილი ხელისუფლებაო, ირაკლი ალასანია, ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი, ისევ გაზეთ ”ყველა სიახლის” ფურცლებზე პასუხობს: ქალბატონ ნინოს ვურჩევდი, როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი, კონცენტრირებული იყოს ხელისუფლების კრიტიკაზე. ჩვენ ვემზადებით ხელისუფლების ხელში ასაღებად არჩევნების გზით, სხვა პოლიტიკური პარტიები რას აკეთებენ, არ ვიცი. როგორც ჩემი დაკვირვებით ჩანს, კონკრეტული გეგმა არ აქვთ”, - აცხადებს ალასანია ინტერვიუში.

კვლავ აქტიურად წერს ქართული პრესა მაგისტრალური გაზსადენის გასხვისების საკითხზე. როგორც ”ახალი თაობისათვის” მიცემულ კომენტარში უმრავლესობის წევრი დეპუტატი დავით დარჩიაშვილი აცხადებს, ”აქ არ იქნება რუსული ”გაზპრომი”, თუკი ეს იქნება ქვეყნისთვის საზიანო და ამას არ სჭირდება კანონში ჩაწერა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ”გაზპრომი” ”შავ სიაში” შევიტანოთ. ეს იგივეა, რომ საშვილიშვილოდ მივიღოთ კანონი, რომ რუსეთი იყოს საქართველოს მტერი.”

მაგისტრალური გაზსადენის გასხვისების თემაზე საუბარს აგრძელებს გაზეთი ”საქართველოს რესპუბლიკა”. ”ექსპერტები საქართველოს მთავრობას შეახსენებენ, რომ რუსეთს ჩვენი გაზსადენის ხელში ჩაგდებით შესაძლებლობა ეძლევა ჩაშალოს ევროპისთვის გაზის მიწოდების ალტერნატიული პროექტები, შუა აზიისა და ირანის აირი საკუთარ ინფრასტრუქტურაში მოაქციოს და ერთადერთ მონოპოლისტად იქცეს. ეს დასავლური კურსიდან გადახვევის ტოლფასი იქნება, რასაც აშშ-ის მთავრობა არ მოიწონებს”, - წერს პუბილკაციის ავტორი.
XS
SM
MD
LG