Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნანა ჯორჯაძე - ჟურნალისტი, პედაგოგი


20 ივნისი, კვირა
დღეს ჩამოვედით. მძიმე გზა გამოვიარეთ. ძნელია ამხელა გზაზე ამერიკიდან საქართველოში ჩამოსვლა, თან სამი პატარა შვილიშვილი ჩამოვიყვანე. აეროპორტში ახლობლები დაგვხვდნენ. უცებ ჩავარდები ამ დიდ სიყვარულში, მონატრებაში, და აღარც გახსოვს ეს დაღლილობა. „ჯეტ ლეგი“ მაქვს, არ მეძინება.

ლამაზია ღამის თბილისი, თანაც ბევრი დრო მაქვს დასაფიქრებლად. თენდება. ჯერ კიდევ ვერ გავეცი პასუხი ჩემს მთავარ კითხვას: „სწორად მოვიქეცი ამ 20 წლის წინათ, როცა დავტოვე სამშობლო და ‘ამერიკებში’ გადავიხვეწე?“ ალბათ, ვერც ვერასდროს გავცემ ამ კითხვას პასუხს... მაგრამ რაღაც არ ვნანობ, ნამდვილად არ ვნანობ.

21 ივნისი, ორშაბათი
დღეს „რუსთაველში“ მივდივარ, რობიკოს სპექტაკლზე. ჯერ კიდევ წამოსვლამდე, ამერიკაში, ვნახე აფიშა ინტერნეტში. მხოლოდ ერთი სპექტაკლი იყო და იქიდანვე მოვითხოვე ბილეთები.

დაიწყო წარმოდგენა, სულ ორად-ორი ახალგაზრდა მსახიობი თამაშობს - ბესო ზანგური და გაგი სვანიძე. ველოდები. და, რა თქმა უნდა, „ეს“ ისევ ხდება - ეს სასწაული!

მერე მივდივართ ღამის თბილისში, ვსეირნობთ, თითქოს არაფერი შეცვლილა, ოღონდ ნაცნობ სახეებს ვეღარ ვხედავ რუსთაველზე. რას იზამ, დიდი დრო გავიდა...
თავისუფლების დღიურები - ნანა ჯორჯაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:11:26 0:00

22 ივნისი, სამშაბათი
დილაა, ჩემი „ამერიკელი“ შვილიშვილები „ქართულ“ ბაღში მიმყავს. გზად ჩემი სკოლა უნდა გავიაროთ, ამ სკოლაში გავიზარდე, მერე თვითონაც ვასწავლიდი. სკოლა სულ დალეწილია, ბავშვები გარეთ დაყიალობენ, ეწევიან. გული მეტკინა.
მიყვარს ჩემი საქმე. იქაც ვასწავლი, ამერიკაში. დღე ძალიან ადრე მეწყება, 5 საათზე ვდგები და გზაში სულ იმას ვფიქრობ: აბა, ახლა დაანახა ჩემი თავი ჩემს მეგობრებს, ამ დილაუთენია სიამოვნებით რომ მივიჩქარი სკოლისაკენ-მეთქი.

მძიმე წლების დროს ვცდილობდი, დავხმარებოდი ბავშვებს, თავი დაეღწიათ აქაური გაჭირვებისთვის, ომისთვის... ამერიკა მართლა კარგი ქვეყანაა, მე დღემდე მგონია, რომ დახმარება ამ ხალხის მთავარი მოწოდებაა. ბევრმა უძვირესმა სკოლამ და კოლეჯმა გაუწოდა ხელი ქართველ ბავშვებს იმ წლებში. მახსენდება ტომ ბერტრანდი - ემორის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი და შემდგომ ბრევარდის კოლეჯის პრეზიდენტი. უამრავ ქართველ ახალგაზრდას გაუკვალა გზა, ნამდვილი „ქართველი“ პატრიოტია!

მახსოვს, ერთხელ ერთი 14 წლის გოგონა მივიყვანე რობინ გეპის სკოლაში. სკოლის პრეზიდენტთან ერთად მთელი სკოლა გამოეფინა მის შესახვედრად. სკოლა დაათვალიერებინეს და თან გზადაგზა ეკითხებოდნენ, რამდენი ენა იცის. მან მორცხვად უპასუხა, ინგლისური, ქართული, რუსული, გერმანული კარგად და ფრანგულს და ესპანურს ახლა ვსწავლობო; ახლა სპორტზე ჰკითხეს, მან ისევ ჩუმად უპასუხა: თხილამურები მიყვარს და ჩოგბურთიო (მოგებული ჰქონდა შეჯიბრებები); მუსიკაო? - ფლეიტაზე და ფორტეპიანოზე ვუკრავო. უკვე ეჭვიც შეეპარათ და სთხოვეს, რაიმე დაეკრა მათთვის. გოგონა მივიდა ფორტეპიანოსთან, ჯერ ნელ-ნელა შოპენის ეტიუდი დაუკრა, მერე ჯაზზე გადავიდა, უცებ წამოდგა და რეგტაიმი დაიწყო, სკამიც კი გასწია ცოტათი ფეხით. შევხედე პრეზიდენტს, თვალში ცრემლი ჩასდგომოდა.

...თამუნა ლოლაძემ ორი სპეციალობით, ბრწყინვალედ დაამთავრა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის მაგისტრატურა და დღეს ვაშინგტონში მუშაობს. ასეთი საამაყო ამბავი ბევრი, ძალიან ბევრი მახსოვს. იმ ახალგაზრდებიდან ბევრი დაბრუნდა, ბევრი ჯერ კიდევ სწავლობს. მეც ვსწავლობ ბევრს და გაუთავებლად, რაზეც ჩემი მეგობრები სულ ხუმრობენ, მაგრამ ასე უფრო საინტერესოა ცხოვრება... აქაც ბევრი რამ არის შესასწავლი, ერთ მშვენიერ დღეს იქნებ გამოვადგე ვინმეს.

23 ივნისი, ოთხშაბათი
დღეს ოპერის თეატრში სეზონის დახურვაა. ვემზადები. ოპერა რემონტზეა, რუსთაველის თეატრში გადაინაცვლეს. ვნერვიულობ და მიხარია, ჩემი 7 წლის შვილიშვილი ელენე მიმყავს თან. ლამაზად გამოვაწყვე, პატარა პრინცესას ჰგავს.

და აი, იწყება... ელენეს სახეს ვუყურებ, ძალიან მოსწონს. მთელი საღამო ნინოს ელოდება. იცნობს და იმიტომ. ჩარლსტონში ყოველ წელიწადს „სპოლეტოს“ ფესტივალზე დავდივართ. იქ ნინო ანანიაშვილი თავის დასთან ერთად მართავს წარმოდგენებს. ბილეთების შოვნა თითქმის შეუძლებელია ხოლმე, დარბაზი გადაჭედილია, ოვაციები გრძელდება გაუთავებლად! სპექტაკლის შემდეგ კულისებში შევდივართ და ნინოს სიყვარულს ვუხსნით, ელენე ცოტათი გაოგნებული უყურებს, მგონი დაიჯერა, რომ მართლა გედი იყო!

24 ივნისი, ხუთშაბათი
დღეს მეგობრებს ვხვდები. ეს პროცესი არც ერთი წუთით არ წყდება. ხშირად ვინმე „ახალს“ მახვედრებენ, ვინც წლების განმავლობაში არ მენახა, ბევრს მეც მოვიკითხავ ხოლმე. აი, მაგალითად, იმ ექიმს (სახელს და გვარს, ამერიკული კანონის თანახმად, დაუკითხავად ვერ გავამხელ). დიდი ხნის წინ მძიმე დღეები დაგვიდგა ოჯახში, ჩემი გამზრდელი დეიდა კომაში ჩავარდა, მეგონა, ვკარგავდი. გამოვიძახეთ სასწრაფო, მოვიდა სულ ახალგაზრდა, სიმპათიური, გამხდარი ბიჭი. რომ დავინახე, გულზე შემომეყარა, ამან რა უნდა მიშველოს-მეთქი. ბიჭმა- ექიმმა მიიხედ-მოიხედა, მოულოდნელად დაავლო ხელი ლამპას, გატეხა და დეიდაჩემს ხელი შუშის ნამსხვრევით გადაუჭრა. მე გული წამივიდა... მერე მიამბეს, რომ დეიდაჩემი იმ წამს გონს მოსულა.

„ლეჩკომბინატში“ გადაიყვანეს, მივვარდი და რას ვხედავ: ეს ბიჭი- ექიმი უკვე იქ არის! შეწუხებული იყო, რაღაც წამალს ასახელებდა - ამის ნემსი თუ გაუკეთეს, შუშისგან ინფექცია არ შეჭროდაო... დეიდა გადარჩა. ამ ექიმისთვის მადლობის თქმაც ვერ მოვასწარით, ისე გაქრა.

გავიდა წლები. მე ამერიკაში ვცხოვრობ. ერთ საღამოს სტუმრებს ველოდები, მირეკავენ და მეუბნებიან, რაღაც ძალიან ბევრნი შევგროვდით და აღარ მოვალთო. ვინ არიან-მეთქი და უცებ ჩემი ბიჭი- ექიმის გვარი და სახელი არ მესმის?! როგორ შემეძლო, ჩემთან არ მომეწვია? გავაღე კარი, აგერ არის ჩემი ბიჭი-ექიმი, ოღონდ უკვე კაცი, თავის ამერიკელ სპონსორებთან ერთად.

ვსაუბრობთ... მიიხედ-მოიხედა და მეკითხება: აქ ყველაფერი გაქვთ, მაგრამ მაინც, იქნებ რამე გენატრებათო? კი-მეთქი, ვუთხარი: ნარდის კამათლის ხმა მენატრება-მეთქი (ნარდის დაფას ამერიკაში რბილი ხავერდი აქვს გადაკრული, კამათლის ხმა არ ისმის ხოლმე). ვიხუმრე.

გავიდა რამდენიმე თვე, ჩემი ვასო ეგნატაშვილი მესტუმრა. ოდესღაც მას თბილისის „გერმანულ სკოლაში“ ვასწავლიდი, ახლა კი მართლა საამაყო სპეციალისტი დადგა, „ნანა მასს“ მეძახის. ნანა მას, მე თქვენთვის რაღაც გამომატანეს თბილისიდანო. გავხსენი - ჩვენებური ნარდი იყო, ხმაურიანი. ჩემს ბიჭ-ექიმს გამოეგზავნა!

25 ივნისი, პარასკევი
დღეს მერიკომ დამპატიჟა უნივერსიტეტში, ჟურნალისტების ბოლო ზარიაო. საერთოდ, ეს ჩემი ტრადიციაა: აუცილებლად უნდა ვესტუმრო ხოლმე ჩემს მე-6 კორპუსს.

ავირბინე კიბეზე, შევიხედე დარბაზში, ეს იყო „ჩვენი დარბაზი“, აქ ვიცავდი დიპლომს, აკანკალებული. ახლა ჟრიამულია, მაგიდებზე ნამცხვარი და ხილი აწყვია. ფოტოებს ვიღებ - ამერიკელებს უნდა ვანახო. მარინა ვაშაყმაძე გზას ულოცავს ახალგაზრდა ჟურნალისტებს და მათ „დესანტს“ უწოდებს ქართულ ჟურნალისტიკაში.

ახლა ხშირად ვეუბნები ჩემს ამერიკელ სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებსაც კი: მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა სულმოუთქმელად ვკითხულობდით ამერიკელ ავტორებს, თითქმის რელიგიური ექსტაზით ვუსმენდით „ბაბინებზე“ ჩაწერილ ჯაზს. თქვენ კი არც მიაქციეთ ყურადღება, რომ სელინჯერი და აპდაიკი გარდაიცვალნენ-მეთქი...

ჰოდა, იმ წლებში ერთი ჩემი ნათესავი მიემგზავრებოდა ამერიკაში. რა ჩამოგიტანოთო, მკითხა. მე გაზეთი ვთხოვე, „ნიუ იორკ ტაიმსი“. არც კი წარმომედგინა, რომ ეს უზარმაზარი გაზეთი იყო, 50 გვერდამდე! ჩამომიტანა!!! საბაჟოზე რომ არ შეემჩნიათ, ყველა ნივთი სათუთად გაეხვია თითო ფურცელში. დაჭმუჭვნილი გაზეთი ფრთხილად გავაუთოვე და მივიტანე უნივერსიტეტში. ყველანი მომცვივდნენ, განსაკუთრებით ლექტორები: აბა, რას ნიშნავს სიმართლის წერა, აბა, რის რეკლამაა, აბა, როგორ არის მასალა განლაგებული, აბა, როგორ არის აწყობილი და შეკრული?.. მთელი ორი კვირა „ვსწავლობდით“ იმ „ნიუ იორკ ტაიმსს“. ახლა კი ვუყურებ მომავალ ჟურნალისტებს და ვფიქრობ, ამათ რაღა უჭირთ: ინტერნეტი, iPhone, ათასნაირი საშუალება ინფორმაციის მისაღებად... მერე გავიფიქრე, ალბათ ახლა კიდევ უფრო ძნელია არჩევანის გაკეთება, სწორი, რაციონალური მარცვლის მოძებნა ამ ქაოსში-მეთქი... რამდენიმე სტუდენტს გავესაუბრე - აფხაზეთიდან და ოსეთიდან რუსეთში ყოფილან გადახვეწილი და ახლა თბილისში სწავლობენ. აქ რატომ გადაწყვიტეთ ჩამოსვლა-მეთქი, ვკითხე. შემომხედა ერთ-ერთმა გოგონამ და მიპასუხა: „Домой захотелось.“ მერე თვითონვე თარგმნა: „შინ მომინდა დაბრუნება.“ გული მომეწურა: მეც მინდა, სახლში დავბრუნდე ოდესმე.

26 ივნისი, შაბათი
დღეს დილიდან ვემზადები კახეთში წასასვლელად. მაინც, საოცრად ბედნიერი ადამიანი ვარ, განსაკუთრებით კარგ და საინტერესო ადამიანებთან გავიზარდე: ჩემი დეიდების - ულამაზესი დების - ჩიჩუების ოჯახებში. უფროსი და - ნინა ჩიჩუა - თავის მეუღლე ედიკო ბედიასთან ერთად ბერიამ 37-ში დახვრიტა. მათი ცხოვრება და სიყვარული ლეგენდად დარჩა ჩვენს ოჯახში, ჩემს შვილსაც ნინა დავარქვი.

დეიდა დარეჯანის სახლში დიდი მრგვალი მაგიდა იდგა, ქვეყნის ხალხი იკრიბებოდა ხოლმე და მხოლოდ ახლა ვხვდები, ეს რა სასწაული იყო! ერთ უხეირო სიტყვას ვერ გაიგონებდი, ჭორს ან ვინმეს ლანძღვას, ფულზე და საჭმელზე ლაპარაკი უხერხული იყო. იქვე მურაბები იხარშებოდა, „დიდი“ ოთახიდან ნარდის ხმა ისმოდა. ამერიკაში მათი სურათები მაქვს გამოფენილი, ყოველდღე ვუყურებ. მახსენდება, როგორი მომთხოვნები იყვნენ, ჩემს დისერტაციას ელოდებოდნენ. დავპირდი, შეგისრულებთ-მეთქი. მართლაც შევუსრულე, ოღონდ იქ - ამერიკაში.

ვუყვები და ვფიქრობ, რა ბედნიერი ადამიანი ვარ, აქა ვარ და ამდენი ოჯახია „ჩემი“. შვილებმა ამას წინათ მკითხეს, კი მაგრამ, რამდენ სახლში იზრდებოდიო?! რა ვქნა, მართალს ვეუბნები. ისევ და ისევ ვუსვამ ჩემს თავს კითხვას: სწორი იყო თუ არა ჩემი არჩევანი, „ამერიკებში“ რომ გადავიხვეწე. ჩემები ამ კითხვას არ დამისვამენ, ან, რა თქმა უნდა, მეტყვიან, რომ სწორი იყო, გამოსავალსაც დამიტოვებენ, მეტყვიან, რომ ჩემს შვილებს ნამდვილი თავისუფლება ვაჩუქე და აწი უკვე თვითონ უნდა მოძებნონ თავიანთი გზები, მე კი ეს საშუალება ამერიკამ მომცა.
XS
SM
MD
LG