Accessibility links

logo-print
გასული საუკუნის მიწურულს საქართველოში წლის განმავლობაში 100 ათასამდე ბავშვი იბადებოდა, 2006 წლისათვის ეს მაჩვენებელი თითქმის 2,5-ჯერ დაეცა. დემოგრაფებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ შობადობის ამგვარი დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნების შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობა 2050 წლისათვის განახევრდებოდა, თუმცა სულ ახლახან იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, რომელთა მიხედვითაც 2006 წლიდან განუხრელად იზრდება შობადობის მაჩვენებელი: 2009 წელს საქართველოში 62 ათასი ბავშვი დაიბადა - თითქმის 20 ათასით მეტი, ვიდრე 2006 წელს.

ადრე წლის განმავლოაბში 600-მდე ბავშვი იბადებოდა, ახლა 800-900.
საქართვლოში დღე-ღამის განმავლობაში საშუალოდ 170 ბავშვი იბადება. შესაბამისად, გაზრდილია მოსახლეობის აღწარმოების მაჩვენებელი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ 1,7 იყო, ახლა კი 2,3-ია. სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკის - „ბიბიდას“ - განყოფილების გამგე დავით დავარაშვილი ამბობს, რომ შობადობის მატება საქსტატის მონაცემების გარეშე, მათი კლინიკის მაგალითზეც თვალშისაცემია:

“რასაკვირველია, გაიზარდა! ადრე წლის განმავლოაბში 600-მდე ბავშვი იბადებოდა, ახლა 800-900.“

და მართლაც, ბოლო წლების განმავლობაში ქორწინებისა და დაბადების რეგისტრაციის რიცხვის მკვეთრი ზრდა დააფიქსირა იუსტიციის სამინისტრომაც: 2006 წელს 46 ათასი ბავშვი დაიბადა, 2007 წელს - 48 ათასი, 2008 წელს - 57 ათასი და 2009 წელს - 62 ათასი. გიორგი ვაშაძე, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე, შობადობის ზრდას ასეთ ახსნას უძებნის: „გაცილებთი მეტი ადამიანია, როგორც ჩანს, დასაქმებული, განსაკუთრებით ახალგაზრდები.“

გიორგი ვაშაძის ვარაუდით, ეკონომიკისა და კეთილდღეობის ზრდასთან ერთად გარკვეული როლი ითამაშა პატრიარქის ინიციატივამ მონათლოს ყოველი ჯვარდაწერილი წყვილის მესამე და შემდგომი ბავშვი. პატრიარქი ბავშვებს 2008 წლიდან ნათლავს და პატრიარქის ნათლულთა რიცხვმა 4 ათასს გადააჭარბა.

მართალია, სამი შვილის დედა არაა, მაგრამ იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ სტატისტიკაში მოკრძალებული წვლილი აქვს შეტანილი თბილისში მცხოვრებ მაია კაპანაძესაც, რომელიც იმათ შორისაა, ვინც უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ორჯერ მიაკითხა სამშობიაროს. უფროსი ბავშვი ორწლინახევრისაა, უმცროსი - წლისა და სამი თვის.

„მესამის გაჩენასაც ვაპირებთ, მაგრამ ჯერ არა, 4-5 წლის მერე, როცა შვილები წამომეზრდებიან და უკეთესი ცხოვრებაც იქნება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მაია კაპანაძემ.

ორი მცირეწლოვანი ბავშვის დედა არ კარგავს უკეთესი ცხოვრების დადგომის იმედს. მაია კაპანაძის ოთხსულიანი ოჯახი ნაქირავებში, ერთ მცირე ზომის ოთახში ცხოვრობს და თავს არასტაბილური, სეზონური შემოსავლით ირჩენს.

თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და სწორედ ამის პირდაპირი შედეგია შობადობის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ზრდაც. მაინც რა გავლენას ახდენს მატერიალური კეთილდღეობა შობადობის მაჩვენებელზე? ამ შეკითხვის პასუხად ვახტანგ მეგრელიშვილი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე და „თავისუფალი უნივერსიტეტის“ კვლევების ცენტრის დირექტორი, ამბობს, რომ ყველაზე მძიმე დემოგრაფიული ვითარება სწორედაც რომ განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებშია:

„როდესაც სახელმწიფო სოციალური პოლიტიკა ხორციელდება ევროპაში და იქ მოხუცები არიან უზრუნველყოფილი პენსიებით ისე, რომ მათ არ სჭირდებათ საკუთარი შვილების დახმარება და, შესაბამისად, არ არის მოთხოვნილება იმისა, რომ ამ ადამიანებმა შრომისუნარიანობის პერიოდში იზრუნონ ინვესტიციებზე - ყველაფერი ეს უშლის შობადობის ზრდას და ამიტომაც ევროპაში შობადობის მაჩვენებელი არის ძალიან დაბალი. ჩვენ ქვეყანაში კი შვილები არის კარგი ინვესტიცია.“

ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, შვილი, როგორც სიბერეში შემწე, საქართველოში ბევრისთვის ბავშვის გაჩენის საკმარისი მიზეზია, თუმცა, მისივე განმარტებით, შობადობის ზრდა შესაძლებელია სხვა მიზეზებითაც იყოს განპირობებული. საუბარია იმაზე, რომ 2008 წლის ომის ფსიქოლოგიური ეფექტი გარკვეულ როლს თამაშობს შობადობის ზრდაში, ისევე როგორც მოსახლეობის განცდა, რომ ყველაფერი არც ისე ცუდად არის.

ჩვენ არ ვართ დაზღვეული იმისგან, რომ მომავალ წელს შობადობა არ შემცირდება, თუნდაც იმის გამო, რომ ფერტილურ ასაკში შევა შედარებთი ნაკლები ქალი, ვიდრე აქამდე შედიოდა ...
ვახტანგ მეგრელიშვილის ამ არგუმენტს არ იზიარებს დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი ავთანდილ სულაბერიძე, რომლის თქმითაც, სხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ გარდამავალ პერიოდს ახასიათებს დემოგრაფიული ვითარების ტალღისებური ცვლილება, ანუ მოულოდნელი, ერთჯერადი ზრდა, ხოლო იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობას არ გაუტარებია არანაირი დემოგრაფიული პოლიტიკა და ეკონომიკის ზრდას არ მოჰყოლია სოციალური დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება, კვლავ მოსალოდნელია ქვეყნის დეპოპულაციის პროცესის გაგრძელება:

„ჩვენ არ ვართ დაზღვეული იმისგან, რომ მომავალ წელს შობადობა არ შემცირდება, თუნდაც იმის გამო, რომ ფერტილურ ასაკში შევა შედარებთი ნაკლები ქალი, ვიდრე აქამდე შედიოდა. თუნდაც იმიტომ, რომ ბავშვთა ყოლის მოთხოვნილება დღევანდელ თაობაში ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე წინა თაობაში იყო. თუნდაც იმის გამო, რომ ჩვენ დემოგრაფიულად დაბერებული ქვეყანა ვართ და 65 წელს გადაცილებული მოსახლეობის რაოდენობა 14 პროცენტს აღემატება, ანუ 2-ჯერ და მეტად დაბერებული მოსახლეობა გვყავს ჩვენ.“

ავთანდილ სულაბერიძის თქმით, ვითარების სიმძიმეზე ასევე მეტყველებს ის ფაქტი, რომ 2010 წლის პირველ ხუთ თვეში 23 ათასი ადამიანი გარდაიცვალა, მაშინ როცა იმავე პერიოდში მხოლოდ 25 ათასი ბავშვი დაიბადა. დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი სანუგეშოდ ვერც ქორწინებათა რაოდენობის ზრდას მიიჩნევს და მას აღრიცხვის მოწესრიგებას უკავშირებს: ბოლო დრომდე ბევრი წყვილი ოფიციალურად არ აწერდა ხელს, ხოლო ჯვარდაწერილებს სამოქალაქო რეესტრი არ აღრიცხავდა. ავთანდილ სულაბერიძის თქმით, დემოგრაფიული ვითარების შესაცვლელად მთავრობის მხრიდან თანმიმდევრული დემოგრაფიული პოლიტიკის გატარებაც არაა საკმარისი. ბევრი რამ დამოკიდებულია ტრადიციებსა და პიროვნების დემოგრაფიულ ქცევაზე, რაც, თავის მხრივ, მრავალი ფაქტორის გავლენის შედეგად ფორმირდება და ძნელად ექვემდებარება მყისიერ ცვლილებას.
XS
SM
MD
LG