Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენს აძლიერებენ


გიორგი ტუღუში, სახალხო დამცველი
გიორგი ტუღუში, სახალხო დამცველი
საქართველოს პარლამენტი მალე "სახალხო დამცველის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანაზე იმსჯელებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მომზადებული ცვლილებების მიხედვით, დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, ომბუდსმენს უფლება ექნება პროკურატურას სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით მიმართოს. გარდა ამისა, ცვლილებები ითვალისწინებს ომბუდსმენის სპეციალური რწმუნებით აღჭურვილი პირის ცნების შემოღებასა და პარლამენტისათვის ანგარიშის ჩაბარების მექანიზმის შეცვლას.

„სახალხო დამცველის შესახებ კანონში“ შესატანი ცვლილებები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მომზადდა, თუმცა, როგორც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ნინო ერემაშვილი ამბობს, გათვალისწინებული იქნა ომბუდსმენის ოფისის მოსაზრებებიც.

კანონპროექტის ავტორთა თქმით, შეიცვლება პარლამენტისათვის ანგარიშის ჩაბარების სიხშირე, ხოლო ომბუდსმენს უფლება ექნება სპეციალური რწმუნებით აღჭურვოს ესა თუ ის პირი.

მოხსენებების სიხშირის წელიწადში ორიდან ერთამდე შემცირებას, მოქმედი სახალხო დამცველის მსგავსად, იწონებს ყოფილი ომბუდსმენიც. სოზარ სუბარის თქმით, ორჯერ ანგარიშის მომზადებას მიაქვს დიდი დრო, სჭირდება უზარმაზარი რესურსი, მისი ეფექტიანობა კი უმნიშვნელოა, რადგანაც, სურვილის შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობა იოლად ახერხებს აქცენტების გადატანას მოხსენების მნიშვნელოვანი ნაწილიდან უმნიშვნელო ნაწილზე.

სოზარ სუბარისგან განსხვავებით, ომბუდსმენის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე დეტალური საუბარი არ სურს ნანა კაკაბაძეს, ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელს. მისი თქმით, თავის დროზე საქართველოში სახალხო დამცველის ინსტიტუტი პოლონეთის ანალოგიით შეიქმნა და გამართულ საკანონმდებლო ბაზას დაეფუძნა, რაც, ნანა კაკაბაძის მტკიცებით, წარმატების აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა. „ სახალხო დამცველი ავტორიტეტული და პრინციპული პიროვნება უნდა იყოს“, ამბობს ნანა კაკაბაძე.

სახალხო დამცველის შესახებ მოქმედი კანონის მიხედვით, ყველა სახელმწიფო ორგანო, თანამდებობის ან იურიდიული პირი, რომელიც მიიღებს საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ან წინადადებებს, ვალდებულია ერთი თვის ვადაში განიხილოს და წერილობით აცნობოს განხილვის შედეგები. ყოფილი ომბუდსმენი სოზარ სუბარი კანონის ამ მუხლს აქტიურად იყენებდა - ითხოვდა, ამა თუ იმ დარღვევაზე რეაგირების სახით, გამოძიების დაწყებას, თუმცა ეფექტი, როგორც სუბარი ამბობს, პარლამენტის პასიურობის გამო, მინიმალური იყო. სოზარ სუბარი ფიქრობს, რომ თუ არაფერი შეიცვალა, მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა ექნება ომბუდსმენის უფლებასაც, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება მოითხოვოს: სახალხო დამცველი მოითხოვს საქმის აღძვრას, მაგრამ პროკურატურა ვერ იპოვის ამისათვის სათანადო საფუძველს. როგორ უნდა მოიქცეს ასეთ შემთხვევაში პარლამენტი, რომელიც თავის ერთ-ერთ ფუნქციას - კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლების დაცვის კონტროლს - სახალხო დამცველის ინსტიტუტის საშუალებით ახორციელებს? ყოფილი ომბუდსმენი სოზარ სუბარი ამბობს, რომ პარლამენტმა ყველაფერი უნდა გააკეთოს ომბუდსმენის მხარდასაჭერად, უნდა დაიბაროს თანამდებობის პირები (მათ შორის, მინისტრები) და პასუხი მოსთხოვოს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG