Accessibility links

logo-print

კლინტონი თბილისში - სტუმარმასპინძლობის კვირა


ჰილარი კლინტონი და მიხეილ სააკაშვილი თბილისში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, 2010 წლის 5 ივლისი

ჰილარი კლინტონი და მიხეილ სააკაშვილი თბილისში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, 2010 წლის 5 ივლისი

გასული კვირა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდვინის სტუმრობით დაიწყო. ჰილარი კლინტონი თბილისში 5 ივლისს კიევის, ვარშავის, ბაქოსა და ერევნის გავლით ჩამოვიდა. ერთდღიანმა ვიზიტმა აჩვენა, რომ არ გამართლდა პოლიტიკის ექსპერტთა ერთი ნაწილის ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთისა და შეერთებული შტატების ურთიერთობათა გადატვირთვის პოლიტიკა საქართველოს ინტერესების ხარჯზე განხორციელდებოდა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა თავისი გამოსვლა ვაშინგტონიდან თბილისში ჩამოტანილი გზავნილით დაიწყო:

”შეერთებული შტატების პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ არის მყარი. შეერთებული შტატები არ აღიარებს გავლენის სფეროებს. პრეზიდენტმა ობამამ და მე ეს გზავნილი პირდაპირ მივაწოდეთ ჩვენს რუს კოლეგებს ბოლოს, - ეს სულ ახლახან იყო, - როცა 24 ივნისს ვაშინგტონში ვხვდებოდით ერთმანეთს. კვლავაც მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის აგვისტოში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, რომელსაც ხელი მოაწერეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა და პრეზიდენტმა მედვედევმა. ვალდებულებებში ვგულისხმობ ოკუპაციის დასრულებას და რუსეთის ჯარის გაყვანას სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან კონფლიქტამდელ პოზიციებზე. ჩვენ ასევე ვაყენებთ ჰუმანიტარული დახმარების მისაწვდომობის საკითხს ამ ტერიტორიებისთვის და მომავალშიც განვაგრძობთ მუშაობას კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად საერთაშორისო მექანიზმებისა და კონსტრუქციული, არაძალადობრივი არხების აღდგენის გზით.”
ჰილარი კლინტონი საქართველოს ლიდერ ქალებთან შეხვედრაზე. თბილისი, 2010 წლის 5 ივლისი

ჰილარი კლინტონმა ასევე ილაპარაკა იმ დიდ წვლილზე, რომელიც საქართველოს ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში შეაქვს და რითაც თბილისი ადასტურებს ”გულმოდგინე სვლას ნატოსკენ”. სახელმწიფო მდივანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა ლიდერ ქალებთან შეხვედრის დროს. ჰილარი კლინტონმა თითქმის ერთი საათი დაუთმო საუბარს დემოკრატიის განვითარებაზე, რუსეთ-საქართველოსა და რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებზე, ამერიკის როლზე ამ ურთიერთობის დარეგულირების საქმეში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჯანმრთელობისა და განათლების საკითხებზე:

”ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია ერთდროულად ორი საქმე გააკეთოს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეუმჯობესებინა ურთიერთობა რუსეთთან. ამაზე თავიდან ბევრი ვიფიქრეთ, რა რეაქციებს, გაუგებრობებს გამოიწვევდა ეს ნაბიჯი მსოფლიოში. მაგრამ ეს ჩვენ გავაკეთეთ და შედეგიც არის. მაგალითად, შეთანხმება ბირთვული იარაღის შემცირებაზე. თუმცა ამასთან ერთად ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთის ქმედებების კრიტიკას - ნომერ პირველი საკითხია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ჩვენ ამას ხმამაღლა ვამბობთ და პარალელურად ვცდილობთ დაგეხმაროთ იმ საფრთხეების თავიდან აცილებაში, რაც რუსეთიდან შეიძლება მოდიოდეს. ამიტომ მე ვწუხვარ, როდესაც ამბობენ, რომ თქვენთან იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც დასავლური კურსიდან გადახვევა სურს. არც კი წარმომიდგენია, ქვეყანამ, რომელმაც ამდენი წელი იბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, ეს კურსი შეცვალოს. საქართველომ უნდა აირჩიოს თავისი მომავალი, მაგრამ, ვფიქრობ, ქართველებმაც შეიძლება ერთდროულად ორი საქმე აკეთონ - დაიცვან საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა, წინ აღუდგნენ რუსებს, ოღონდ პროვოკაციების გარეშე, და, პარალელურად, ეცადონ განავითარონ დემოკრატია, ეკონომიკა, რაც ქართველი ხალხისთვის დიდი შანსი იქნება.”

ჰილარი კლინტონის ვიზიტი, როგორც უკვე ვთქვით, ერთდღიანი იყო და 5 ივლისსავე დასრულდა, თუმცა მისი მნიშვნელობის შესახებ მსჯელობა თითქმის მთელი კვირი ს განმავლობაში გაგრძელდა. სახელმწიფო მდივნის განცხადებებს რუსეთის პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა. მან კომენტარი გააკეთა კლინტონის გამოსვლის იმ ნაწილზე, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას შეეხებოდა:

„ვიღაც თვლის, რომ ის ოკუპირებულია და ვიღაც თვლის, რომ ის გათავისუფლებულია... და ეს წარმოადგენს ხალხებს შორის დიალოგის საგანს - ქართველ და სამხრეთოსეთელ ხალხებს შორის. ამ დიალოგის წარმართვა საჭიროა მესამე მხარის დამოწმების გარეშე.”

პუტინის ეს განცხადება, რომელიც გასულ კვირაში გაკეთდა, თბილისმა კრემლისთვის დამახასიათებელი ცინიკური განცხადებების ჭრილში განიხილა. აი, რა თქვა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიგა ბოკერიამ:
გიგა ბოკერია

”ის ხაზი, რასაც რუსეთის ფედერაცია მთელი ეს პერიოდი აგრძელებს, ცინიკური ხაზია: რომ ჩვენ არაფერ შუაში არა ვართ, რომ ეს არის სხვა მხარეების პრობლემა და ამიტომ ნუ გვრევენ ჩვენ... ვიცით, რომ ამ ხაზს აგრძელებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ხაზი ვერავითარ წარმატებას ვერ აღწევს. სიმართლე ყველასათვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რომ პრობლემა, პირველ რიგში, მდგომარეობს რუსეთის ოკუპაციაში და ამ პრობლემის გადაჭრის გარეშე რთული იქნება რეალური წარმატების მიღწევა...”

გასულ კვირაში საქართველოსათვის მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდა თბილისიდან შორს, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, სადაც, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის ფარგლებში, საკომიტეტო მოსმენაზე ხმათა უმრავლესობით მიიღეს რეზოლუციის პროექტი, რომელშიც ნათქვამია, რომ აუცილებლად უნდა დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს საქართველოს შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ იძულებით გახიზნული ადამიანები და რომ ამისთვის ყველა გზა უნდა გამოინახოს. აქცენტები გასული საუკუნის 90-იანი წლების დევნილებზეც გაკეთდა. ამავე პროექტში შეხსენებულია ვალდებულებები, რომლებიც მხარეებს 2008 წლის აგვისტოსა და სექტემბერში ხელმოწერილი შეთანხმებების მიხედვით ეკისრებათ. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა, რომელიც ასევე გამოვიდა სიტყვით 8 ივლისს გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას რეზოლუციის პროექტიდან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე გამოყო:

”ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებში პრაქტიკულად არასდროს ყოფილა აქცენტი გაკეთებული ეთნოწმენდაზე. არა მხოლოდ რეზოლუციაში, არამედ თავის გამოსვლაშიც ბატონმა ლენმარკერმა ამ საკითხით დაიწყო - მიუღებლობა ეთნოწმენდის, დაუშვებლობა ეთნოწმენდის და ვალდებულება იმის გამოსწორების, რაც მოჰყვა ეთნოწმენდას...”

გასულ კვირაში ვნებათაღელვა გამოიწვია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვამ. დეპუტატები და მთავრობის წევრები დავობდნენ იმაზე, უნდა გაიყიდოს თუ არა მაგისტრალური გაზსადენი. პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის მტკიცებით, სახელმწიფო არ შეელევა გაზსადენის საკონტროლო პაკეტს:

”არ ვაპირებთ გაზსადენის პრივატიზაციას არც ერთ ვარიანტში... დღეს არსებული გაზის ინფრასტრუქტურის საკონტროლო პაკეტი არ გასხვისდება. 51% ყოველთვის იქნება სახელმწიფოს ხელში.“
მაგისტრალური გაზსადენის ერთი მონაკვეთი

თუმცა პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა სამომავლოდ აპირებს გაზსადენის აქციათა 10-15 პროცენტის გატანას ლონდონის ბირჟაზე. ბევრისთვის მოულოდნელად მთავრობაზე მეტად რადიკალური აღმოჩნდა საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი წარმომადგენელი. მაგალითად, ლაშა თორდიამ მაგისტრალური მილსადენის არასაპრივატიზაციო ობიქტების სიიდან ამოღება მოითხოვა: ”მე ვთვლი, რომ ამ ტიპის ობიექტები შესაძლებელია იყოს პრივატიზებული, მათ შორის - მთლიანი პაკეტითაც...“

პრივატიზების მოწინააღმდეგენი შიშობენ, რომ მაგისტრალური გაზსადენი რუსული სახელმწიფო კაპიტალის ხელში აღმოჩნდება და საქართველო, სულ ცოტა, ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, ევროპა კი გაზის მიწოდების ალტერნატიულ გზას დაკარგავს, თუმცა საპარალმენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, დავით დარჩიაშვილი, გაზსადენის პრივატიზებას ასეთ ახსნას უძებნის: „ რომის ერთი იმპერატორის თქმისა არ იყოს, ფული არ ყარს. შემოსული თანხა სოციალური პროექტების განხორციელებას მოხმარდება.“

გასული კვირა მხოლოდ პოლიტიკური მოვლენებით არ ყოფილა გამორჩეული. გასულ კვირაში ქართულმა კულტურამ მნიშვნელოვანი დანაკლისი განიცადა: 85 წლის ასაკში პოეტი ფრიდონ ხალვაში გარდაიცვალა, 8 ივლისს კი საზოგადოებამ ბიძინა კვერნაძის გარდაცვალება შეიტყო. ცნობილი კომპოზიტორი 11 ივლისს საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.
XS
SM
MD
LG