Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორიგი ტრანში საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან


საერთაშორისო სავალუტო ფონდის ლოგო
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ლოგო
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოს 75 მლნ დოლარის მოცულობის მორიგი ტრანში დაუმტკიცა, თუმცა ამავდროულად მთავრობას და ეროვნულ ბანკს რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე მიუთითა. ფონდი მიიჩნევს, რომ ეროვნულმა ბანკმა ვერ შეასრულა ფონდთან ივნისში შეთანხმებული სავალუტო რეზერვების ქვედა ზღვარის მოთხოვნა, ხოლო მთავრობამ - ნაღდი ფულის დეფიციტის ზედა ზღვარის მოთხოვნა.

ფონდის აღმასრულებელი საბჭოს მმართველი დირექტორის მოადგილემ და მოქმედმა თავმჯდომარემ ნაოიუკი შინოჰარამ განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკა ძალას იკრებს, რაც პროგრამის ეკონომიკური პოლიტიკის მდგრად განხორციელებას ეფუძნება. შინოჰარა მიიჩნევს, რომ ამის მიუხედავად რისკები რჩება, რასაც, მისი შეფასებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება და მასთან დაკავშირებული გაცვლითი კურსის წნეხი მოწმობს.

ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ სამოქმედო კრიტერიუმების მოდიფიცირება განახორციელა და რეკომენდაციის შესრულება საქართველოს ხელისუფლებას 2010 წლის სექტემბრის ბოლოსთვის განუსაზღვრა.

"ფისკალური დეფიციტის 2010 წლისთვის მნიშვნელოვანი შემცირება (დაახლოებით მშპ-ს 3%-ით) ქვეყანას მყარი ფისკალური პოზიციის მიღწევის შესაძლებლობას აძლევს. ხელისუფლების მიერ ახალი საშემოსავლო ზომების მიღება მისასალმებელია. უფრო მეტიც, გადასახადების ზრდის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების გადადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს აუცილებელი პოლიტიკის მოქნილობას, ვიდრე ფისკალური დეფიციტი არ დაუბრუნდება უფრო გონივრულ დონეს. საქართველოს ხელისუფლებას მხარს ვუჭერთ გააგრძელოს ძალისხმევა 2011 წელს ფისკალური დეფიციტის შემცირების გზაზე", _ განმარტავს შინოჰარა.

მისივე შეფასებით, საბანკო დაკრედიტების ზრდა გაჯანსაღების მანიშნებელია, რასაც ბოლო წლებთან შედარებით, სესხის საპროცენტო განაკვეთის თანდათანობთი შემცირება ახლავს. ივნიში მონეტარული პოლიტიკის ძირითადი განაკვეთის ზრდაც 5%-დან 6,25%-მდე იყო მიზანშეწონილი და "ეს პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს, რათა მოერგოს ბაზრის ცვალებად პირობებს. საბანკო სექტორის მაღალი კაპიტალი და უზრუნველყოფა განაგრძობს წინაღობების შექმნას შოკების წინააღმდეგ, მაგრამ ბანკების ზედამხედველობა კვლავაც კრიტიკული რჩება", - მიანიშნებს შინოჰარა.

საქართველოს შესაძლებლობა აქვს მეექვსე მიმოხილვის ფარგლებში დამტკიცებული მორიგი ტრანში - 75 მლნ დოლარის მოცულობით, დაუყოვნებლივ აითვისოს. პროგრამის მოდიფიცირება საქართველოს მთავრობას შესაძლებლობას აძლევს მიღებული ტრანში, როგორც სავალუტო რეზერვების გამყარებას, ასევე საბიუჯეტო დეფიციტის შევსებას მოახმაროს.
XS
SM
MD
LG