Accessibility links

logo-print

კონკურსის პრიზი - თანამდებობა


ვერა ქობალია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

ვერა ქობალია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აცხადებს კონკურსს, რომელში გამარჯვებულიც ავტომატურად დაიკავებს ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობას. კონკურსის საგანი, თავის მხრივ, არის პროექტი, სახელწოდებით ” საქართველოს ტურიზმისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარება.” საკონკურსო კომისიას თავად მინისტრი, ვერა ქობალია, უხელმძღვანელებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც აქვს მუშაობის ხუთწლიანი სტაჟი ან უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმის მენეჯმენტისა და ეკონომიკის სფეროებში. პროექტის განაცხადის შეტანის ბოლო ვადად მიმდინარე წლის 31 ივლისი განისაზღვრა. საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ კონკურსის გამოცხადება ტურიზმის განვითარების ახალ ეტაპად შეაფასა. მანვე ჩამოაყალიბა ის გამოწვევები, რომლებიც, საბოლოო ჯამში, კონკურსში გამარჯვებულმა პროექტმა და, შესაბამისად, მისმა ავტორმა, ტურიზმის დეპარტამენტის მომავალმა ხელმძღვანელმა, უნდა გაითვალისწინოს და დააკმაყოფილოს:

” უნდა ჩამოვაყალიბოთ ახალი ხედვა ეკონომიკის აღნიშნულ სექტორთან დაკავშირებით. ჩვენი ამოცანაა საქართველო ვაქციოთ მსოფლიო ტურისტული ბაზრის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ, რადგან ჩვენს ქვეყანას ამის რესურსი ნამდვილად აქვს.”

კონკურსის გამოცხადების მიზანია ასევე საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, იმიჯის განმტკიცება, ტურიზმის სფეროში დასაქმებული კერძო მეწარმეების ხელშეწყობა, ტურიზმის ინსტიტუციური მოწყობა და ასე შემდეგ. ტურიზმის განვითარება ბოლო წლების საქართველოს ბიზნეს-პრიორიტეტებში აქტიურად ჩაეწერა, თუმცა, თუ ვერა ქობალიას ინიციატივით ვიმსჯელებთ, ეკონომიკის სამინისტრო სიახლეების ძიებაშია და არც ექსპერიმენტებს გაურბის. თავად მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავს კონკურსს, დარგის განვითარების სტრატეგიული პროექტისა და დარგის ხელმძღვანელის ერთდროულად გამოსავლენად, საქართველოს მთავრობა პირველად ატარებს. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო ცისკარიშვილი კი ამ ინიციატივას ნაციონალური მოძრაობის ნოუჰაუდ აფასებს.

” რბილად რომ ვთქვათ, ნაკლებად დამაჯერებელია თავად ხერხი თანამდებობაზე ადამიანის მოწვევისა - კონკურსში გამარჯვების გზით. ვერც საშუალოვადიან და ვერც გრძელვადიან სტრატეგიას ვერ შექმნი ტურიზმის განვითარებისთვის, თუ საკმარისად განვითარებული არ გაქვს ფანტაზიის გრძნობა. რამდენად საჭიროა ფანტაზია დეპარტამენტის თავმჯდომარისთვის, ეს მეორე საკითხია. სახელმწიფო მოხელეს ასეთი ფანტაზიის საფუძველზე არ არჩევენ”, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი, თუმცა ის, რომ ინიციატივამ ზოგადად გამოხმაურების გარეშე არ ჩაიარა და საზოგადოებისა თუ ექსპერტების მოსაზრებათა მრავალგვარობა გამოიწვია, ჩვენი მომდევნო რესპონდენტის შეფასებიდანაც ჩანს.

ექსპერტი დავით ნარმანია ხელისუფლებას ურჩევს, სხვა უწყებების ხელმძღვანელებიც - მათ შორის, მაღალი რანგის თანამდებობის პირები - კონკუსრის წესით გამოავლინოს:

”პრეცედენტის შექმნა იმასთან დაკავშირებით, რომ კონკურსის წესით უნდა შეირჩეს ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე, რა თქმა უნდა, კარგია, იმიტომ რომ გვიჩვენა გამოცდილებამ, რომ ძალიან ხშირად იცვლებიან ჩვენთან საჯარო სამსახურში მაღალი თანამდებობის პირები და მერე ხშირად არის უკმაყოფილება მათ მიერ გამოცხადებულ საქმიანობებთან დაკავშირებით. ამიტომ ჯობია წინასწარ ინახოს მათი კვალიფიკაცია კონკურსის საფუძველზე და ისე შეირჩეს, რომ არ გახდეს მალევე მათი გათავისუფლება საჭირო იმ მიზეზით, რომ ისინი ყოფილან არაკვალიფიციურნი.”

კვალიფიკაცია ერთია, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელების ცვლა ეკონომიკის მინისტრების ხშირ ცვლასაც უკავშირდებოდა. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში დეპარტამენტმა 4 თავმჯდომარე გამოიცვალა. მათგან ბოლომ, ზაალ აბაზაძემ, თანამდებობა ამ ერთი კვირის წინათ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, თუმცა მის ამ ნაბიჯს წინ უძღოდა მისი მისამართით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში გამოთქმული კრიტიკა. ტურიზმის განვითარების სტრატეგიული ხაზის განსაზღვრა, თავის მხრივ, სხვადასხვა ძალითა და ინტენსივობით დეპარტამენტის ყველა ბოლოდროინდელი თავმჯდომარის დღის წესრიგში შედიოდა. ყამირის გატეხა ამ სფეროში, ალბათ, არც მომავალ თავმჯდომარეს მოუწევს, თუმცა ჩვენ მიერ გამოკითხული ექსპერტები ამ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განსაკუთრებით დიდ აქტივობას არ ვარაუდობენ. თავის მხრივ, ვერა ქობალია პირობას დებს, რომ ამის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ნათესაური კავშირებით თანამდებობას ვეღარავინ დაიკავებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG