Accessibility links

logo-print
”წინასწარ განწირული მოლაპარაკებები?” - კითხვის ნიშნით ასრულებს გაზეთ ”რეზონანსის” ჟურნალისტი პუბლიკაციის სათაურს. თავად პუბლიკაცია კი მოსკოვისა და თბილისის ურთიერთობის შესაძლო აღდგენას შეეხება: ”მართლაც არ გამოირიცხება მზაობა რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგისათვის, რომლის მიზანი მხოლოდ დიალოგი იქნება. შედეგიანობის რეალობა, სამწუხაროდ, დაბალია”, - აცხადებს ”რეზონანსთან” საუბრისას ექსპერტი რამაზ საყვარელიძე. ის, რომ რუსეთი საქართველოსთან დიალოგისა და თანამშრომლობისათვის მზადაა, გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებამ გვამცნო. პასუხად სააკაშვილმაც დაადასტურა რუსეთთან უპირობო თანამშრომლობისათვის მზადყოფნა. პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ უნდა ვეცადოთ ეს მოლაპარაკებები ”ჟენევის ფორმატის მსგავს გართობად” არ იქცეს: ”ამ შემთხვევაში გვექნება კონტაქტი რუსეთთან, მაგრამ არ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებულნი. თუ მხარეები მხოლოდ საკუთარი ქვეყნის მეხოტბეები იქნებიან, შეიძლება ორმხრივი ურთიერთობები უფრო გამწვავდეს, ვიდრე რაიმე საკითხი მოგვარდეს”, - ამბობს ცისკარიშვილი.

”სააკაშვილი რუსეთს ევაჭრებაო“, აცხადეს ”ახალ თაობასთან” საუბარში რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი: ”სააკაშვილი ყველაფერზე წამსვლელია, ოღონდ ხელისუფლებაში იყოს. მის ყველა ნაბიჯს მხოლოდ ამ კუთხით უნდა შევხედოთ. სააკაშვილს არ აკმაყოფილებს ის კონსტიტუციური ცვლილებები, სადაც მას პრემიერ-მინისტრობა ერგება და კიდევ ვიღაც დაისვას თავზე, თუნდაც ფორმალურად. სააკაშვილს უნდა ქვეყნის ბატონ-პატრონი დარჩეს 2013 წლის შემდეგაც. ამისათვის მას სჭირდება გარანტიები უცხოეთიდან - რუსეთიდან და ამერიკიდან. სხვანაირად ამას ვერ ახერხებს. ჯერჯერობით დასავლეთშიც მიჩნეულია, რომ 2013 წელს სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტს ღირსეულად უნდა ჩამოსცილდეს. რუსეთი ამას კატეგორიულად არ ღებულობს. ამიტომ ცდილობს ეს საკითხი თავისებურად მოაგვაროს, მოკლედ, ”ჩალიჩობს” ”, - ამბობს დავით ზურაბიშვილი ”ახალ თაობასთან“ საუბრისას.

გაზეთი ”ქრონიკა” აქვეყნებს ექსკლუზიურ ინტერვიუს შალვა ნათელაშვილთან. კორესპონდენტი მას ნიუ-იორკში დაუკავშირდა. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ”ქრონიკასთან” საუბრისას აცხადებს:”თუ ამერიკა ჩვენი ნამდვილი მეგობარია და ჩვენი დახმარება ნამდვილად სურს, მაშინ მან უნდა მოითხოვოს გაეროს უშიშროების საბჭოს განსაკუთრებული სხდომის მოწვევა, რუსეთი უნდა გამოაცხადოს ოფიციალურ ოკუპანტად, მოსთხოვოს რუსეთს ჯარების გაყვანა... მაგრამ ჩვენი მდგომარეობა ჰგავს მსუბუქი ყოფაქცევის ქალის სიტუაციას, როცა პარტნიორები მას სცემენ, ხოლო ერთმანეთში ძმაკაცობენ. იმისათვის, რომ ამერიკის ხელისუფლებას ოპოზიციამ ბრალი არ დასდოს მოკავშირეების მიტოვებაში, ჰილარი კლინტონის ეს ტურნე ემსახურებოდა სწორედ იმის დადასტურებას, რომ ამერიკას თითქოს არავინ მიუტოვებია”, - ასე აფასებს ნათელაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს საქართველოში.

”მსოფლიო საზოგადოებას უნდა დავანახვოთ არა იმიტირებული და მოდელირებული ქართული დემოკრატია, არამედ სააკაშვილის ავტოკრატიული რეჟიმი”, - აცხადებს გაზეთ ”ჯორჯიან თაიმსთან” საუბრისას მოძრაობა ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” ხელმძღვანელი ეკა ბესელია. ინტერვიუში ის ჰილარი კლინტონთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს: ”ჩემი გამოსვლა იყო ძალიან მწვავე. ღია ტექსტით ვუთხარი ქალბატონ კლინტონს, რომ რთული არ არის, იყო ქალი ლიდერი თავისუფალ სამყაროში, განსხვავებით საქართველოსგან, სადაც რთულია იყო პრეზიდენტ სააკაშვილის ოპონენტი ქალი. ისიც ვუთხარი, სააკაშვილისთვის ეკითხა, თუ დემოკრატიაა ქვეყანაში, რატომ ჰყავს 61-ზე მეტი პოლიტპატიმარი, ასეულობით უკანონო პატიმარი, რატომ არ არის სასამართლო თავისუფალი, რატომ არის მედია კონტროლირებადი და ა.შ.”, - აცხადებს ბესელია ინტერვიუში,

”ირაკლი ალასანია უხერხულ კითხვებს პასუხობს” - ასე ასათაურებს ვრცელ ინტერვიუს ირაკლი ალასანიასთან გაზეთ ”ვერსიის” ჟურნალისტი. ერთ-ერთი უხერხული შეკითხვა კი ასე ჟღერს: „მიუნჰენში შეხვედრა რომ გთხოვოთ, შესაძლებელია ოქრუაშვილთან მოლაპარაკებები გამართოთ?“ პასუხი კითხვაზე; ”იმ ძალებთან, ვინც იყო შეკრებილი მიუნჰენში, პოლიტიკურად ვერანაირ საერთოს ვერ ვხედავ.”

ცოტნე გამსახურდიას სკანდალურ წერილს აქვეყნებს გაზეთი ”ასავალ-დასავალი”. როგორც გაზეთის პირველ გვერდზეა მითითებული, წერილის წაკითხვის უფლება, რომელიც მიმდინარე წლის 21 მაისით თარიღდება, ცოტნე გამსახურდიას მოსამართლე მანანა ოთარაშვილმა 2010 წლის 6 ივლისს სასამართლო პროცესზე არ მისცა. ამონარიდი წერილიდან: ”7 მაისის საღამოდან დღემდე აქ გრძელდება ზედა სართულიდან მომავალი განწირული ღრიალი. არ ვიცი, როგორ დავახასიათო ზუსტად ეს ხმა: ყვირილი, ღრიალი, ტირილი, გოდება, გმინვა. ნუ გამოიჩენთ სიმხდალეს და თვალს ნუ აარიდებთ ამ ადამიანურ უბედურებას. გთხოვთ, გეხვეწებით, დაეხმარეთ პატიმარს, რომელსაც უკვე ორ კვირაზე მეტია აწამებენ. გთხოვთ ყველას, გამოიჩინეთ ერთიანი ძალისხმევა, უშველეთ ათასობით ადამიანს, ვინც ამ მონსტრის ხელშია მოქცეული.”
XS
SM
MD
LG