Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინალი იოჰანესბურგში და ტრაგედია უგანდაში


უგანდა - დაჭრილები დედაქალაქ კამპალის ერთ-ერთ საავადმყოფოში მიჰყავთ
უგანდა - დაჭრილები დედაქალაქ კამპალის ერთ-ერთ საავადმყოფოში მიჰყავთ
კვირას საღამოს - მაშინ, როცა მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში თვალს ადევნებდა ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩს, აფეთქებები მოეწყო უგანდის დედაქალაქ კამპალაში. აფეთქებების მსხვერპლი სწორედ ფეხბურთის საყურებლად შეკრებილები გახდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა 70-ზე მეტი ადამიანი, დაჭრილების რიცხვიც 70-ს აღემატება. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა იკისრა სომალიში დაფუძნებულმა გასამხედროებულმა ჯგუფმა „ალ შაბააბმა“, რომელიც თავს „ალ ყაიდის“ მოკავშირედ აცხადებს.

კაბალაგალში - უგანდის დედაქალაქის რაიონში, რომელშიც საღამოობით, ჩვეულებრივ, ბევრი ხალხი ირევა, ორი აფეთქება მოეწყო: ერთი ეთიოპური რესტორნის ტერასაზე, მეორე კი იქვე, რაგბის კლუბში. ორივე რესტორანი სავსე იყო ჰოლანდია-ესპანეთის მატჩის საყურებლად შეკრებილებით.

ჯუმა სეიკო ეთიოპური რესტორნის ტერასაზე იჯდა - ახლოს იმ ადგილთან, სადაც პირველი ბომბი აფეთქდა: “აქ ფეხბურთს ვუყურებდით და ამ დროს, როცა მატჩის დასრულებამდე, სულ, ალბათ, სამი წუთი რჩებოდა, აფეთქება მოხდა - ერთი აფეთქება. ძალიან ხმამაღალი იყო. და მერე მეორე ბომბიც აფეთქდა - და იქ თითქმის 50 ადამიანი დახოცა.“ თვით ჯუმა სეიკოს ბედმა გაუღიმა, ბევრისაგან განსხვავებით არ დაშავებულა მაშინ, როცა ორივე აფეთქებამ, გავრცელებული ინფორმაციით, სულ ცოტა, 74 ადამიანი შეიწირა.

უგანდის მთავრობის პრეს-მდივან ფრედ ოპოლოტის განცხადებით, აფეთქებები, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა თავდამსხმელებმა მოაწყეს. „არის ამის ნიშნები - ორი ადამიანია ეჭვმიტანილი თვითმკვლელ მოიერიშეებად, მაგრამ ამის დადგენა მოცემულ ეტაპზე ჯერ შეუძლებელია“, განაცხადა უგანდის მთავრობის წარმომადგენელმა.

მოგვიანებით დადასტურდა უგანდის ხელისუფალთა ვარაუდი, რომ იერიშებზე პასუხისმგებლობა ეკისრება სომალიში დაფუძნებულ გასამხედროებულ ჯგუფ „ალ-შაბააბს“, რომელიც მხარდაჭერას უცხადებს „ალ ყაიდას“. ორშაბათს საღამოს გავრცელებული ინფორმაციით, „ალ შაბააბის“ წარმომადგენელმა შეიხ ალი მოჰამუდ რაგემ განაცხადა, რომ აფეთქებები ამ ჯგუფმა მოაწყო. მანამდე „ალ შაბააბი“ იმუქრებოდა უგანდის წინააღმდეგ იერიშებით...

ალ შაბააბის ახლა უკვე შესრულებული მუქარის მიზეზია ის გარემოება, რომ უგანდელი მშვიდობისდამცველები მონაწილეობენ აფრიკის კავშირის სამშვიდობო მისიაში, რომელიც მხარდაჭერას უწევს სომალის მთავრობას, მაშინ როცა „ალ შაბააბს“ მასთან ბრძოლა აქვს გამოცხადებული. გასამხედროებული მოძრაობა მუსულმანებს მოუწოდებს, ჩაერთონ „ჯიჰადშ“ აფრიკის კავშირის სომალიში განთავსებული მისიის მონაწილე 6 000 მშვიდობისდამცველის წინააღმდეგ. მეორე მხრივ, სომალის მთავრობის მოკავშირეები მის დასახმარებლად დამატებით 2000 მშვიდობისდამცველის გაგზავნას აპირებენ. რამდენად მოახდენს გავლენას მათს გადაწყვეტილებებზე გასამხედროებული ჯგუფის მიერ სომალის ერთ-ერთ მოკავშირე უგანდაში მოწყობილი თავდასხმები, ეს ჯერ უცნობია.

აფეთქებების ადგილი ორშაბათს მოინახულა უგანდის პრეზიდენტმა იოვერი მუსევენიმ. „ხალხი, რომელიც ფეხბურთს უყურებს, არ არის ხალხი, რომლის წინააღმდეგაც იერიში უნდა მოაწყო“, განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, „თუ თავდამსხმელებს ბრძოლა სურდათ, უნდა წასულიყვნენ და ჯარისკაცები მოეძებნათ და აქ არ უნდა მოსულიყვნენ იმ ხალხზე თავდასასხმელად, რომელიც უბრალოდ, ერთობოდა. ეს გვაჩვენებს ტერორიზმს, რომელზეც მე გეუბნებოდით, და ამის გამოა, რომ ყოველთვის მივმართავთ ზომებს მათს წინააღმდეგ, რადგან ისინი ძალიან უპასუხისმგებლო, ჩამორჩენილი და ლაჩარი ხალხია“.

უგანდის დედაქალაქში მოწყობილი აფეთქებები მკაცრად დაგმეს ვაშინგტონშიც. თეთრი სახლის პრეს-მდივნის განცხადებით, შეერთებული შტატები მზად არის, ნებისმიერი სახის დახმარება გაუწიოს უგანდის მთავრობას.
XS
SM
MD
LG