Accessibility links

logo-print

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ცხინვალში ახალი წინადადებებით ჩავიდნენ


ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ცხინვალში ახალი წინადადებებით ჩავიდნენ. ეს წინადადებები ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის პროექტს ეხება. ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები პიერ მორელი, ბოლათ ნურგალიევი და ანტი ტურუნენი ცხინვალში დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპაციალურ წარმომადგენელს ბორის ჩოჩიევს შეხვდნენ. ჩოჩიევმა თავდაპირველად 27 ივლისს დანიშნული ჟენევის დისკუსიის მე-12 რაუნდის გადადება მოითხოვა და ამის მიზეზად შეთავაზებული წინადადებების განსახილველად მცირე დრო დაასახელა. როგორც ცნობილია ოსურმა და აფხაზურმა მხარეებმა ჟენევის დისკუსიის მე-11 რაუნდის დასრულების შემდეგ განცხადებები გააკეთეს ამ ფორმატის შესაძლო დატოვების შესახებ, რადგან მათი აზრით პროცესი ჩიხში შევიდა. ისინი კატეგორიულად მოითხოვენ ქართული მხარისგან მოხდეს ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერა. ქართული მხარე კი მიიჩნევს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მედვედევ-სარკოზის დოკუმენტით არის მიღწელი და დამატებითი შეთანხმებები საჭირო აღარ არის. ცხინვალში შეხვედრის დასრულების შემდეგ ოსური მხარის წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა განაცხადა, რომ ოსური მხარე ჟენევის ფორმატის დატოვებას არ აპირებს, მაგრამ ამ ფორმატში ცვლილებების შეტანას ითხოვს.

ჩოჩიევს არ დაუკონკრეტებია რა ცვლილებებზეა საუბარი. დისკუსიის თანათავმჯდომარეები მას თითქმის 5 საათის განმავლობაში არწმუნებდნენ, რომ აუცილებელია მუშაობის გაგრძელება უსაფრთხოებისა და დევნილთა საკითხებზე. შეხვედრის დასასრულს ევროკავშირის წარმომადგენელმა პიერ მორელმა განაცხადა რომ უსაფრთხოების საკითხებზე განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, მდგომარეობა ჩიხში შესული მაინც არ არის.

ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის მიღებაზე მხარეები განსხვავებული მოსაზრებების გამო ვერ თანხმდებიან, ბოლო სხდომების განმავლობაში არაერთი პროექტი იქნა განხილული, მაგრამ ყოველთვის რომელიმე მხარისთვის რომელიმე მუხლი მიუღებელი აღმოჩნდებოდა ხოლმე. ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი ქართული მხარის მიერ უსაფრთხოების დოკუმენტზე ხელმოწერაში საფრთხეს ვერ ხედავს, მისთვის მთავარია აფხაზებმა და ოსებმა როგორც კონფლიქტის მხარეებმა და არა როგორც სუვერენული სახელმწიფოების წარმომადგენლებმა ისე მოაწერონ ხელი. მისი აზრით ქართულ მხარეს ამ დოკუმენტის სათავისოდ გამოყენება შეუძლია.

ცხინვალში ჩასულმა ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ ახლა კომპრომისული ვარიანტის ძიება მიმდინარეობს და იმედი გამოთქვეს, რომ შეხვედრა დანიშნულ დროს 27 ივლისს გაიმართება. ოსური მხარე დისკუსიაში მონაწილეობის თანხმობას სავარაუდოდ ერთ კვირაში განაცხადებს.
XS
SM
MD
LG