Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიკორსკი: არასოდეს ვაღიარებთ თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობას


გრიგოლ ვაშაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და რადოსლავ შიკორსკი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
გრიგოლ ვაშაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და რადოსლავ შიკორსკი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
თბილისში გრძელდება უცხოური დელეგაციების ვიზიტები. ამჯერად საქართველოს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ შიკორსკი ესტუმრა, რომელსაც 13 ივლისს საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციასთან შეხვედრების საკმაოდ დატვირთული გრაფიკი ჰქონდა. საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე პოლონეთის ახალი მთავრობის წარმომადგენელმა კვლავ დაადასტურა მისი ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, თუმცა მას სიტყვა ოკუპაცია თვითაღიარებული რეგიონების მისამართით არ უხსენებია.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ 13 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ ახალი პრეზიდენტის პირობებში პოლონეთი შეინარჩუნებს იმ კურსს საქართველოს მიმართ, რაც მას ტრაგიკულად დაღუპული პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის დროს ჰქონდა აღებული. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თავისი გამოსვლა იმ პოზიტიური ცვლილებების აღნიშვნით დაიწყო, რომელიც, მისი აზრით, საქართველოში შეინიშნება დემოკრატიისაკენ მიმავალ გზაზე. მან ახსენა ევროკავშირის ქვეყნებთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის საკითხი და თქვა, რომ, პოლონეთის აზრით, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს სავიზო რეჟიმის გამარტივების საქმეში მეტი პრივილეგია უნდა მიენიჭოთ. შიკორსკიმ პოლონეთსა და საქართველოს შორის ტურიზმის განვითარების პერსპექტივასაც გაუსვა ხაზი და თქვა, რომ პირდაპირი საჰაერო რეისები ამ პროცესს ხელს შეუწყობს. მან კვლავ დაადასტურა პოლონეთის დამოკიდებულება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებითაც:

”მე არ ვფიქრობ, რომ ვინმემ რამე მოიგო აგვისტოს მოვლენებით. იმ კრიზისული სიტუაციის დეტალებზე ახლა არ ვისაუბრებ, მაგრამ ვიტყვი, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არასოდეს ვაღიარებთ თვითაღიარებული რესპუბლიკების - საქართველოს არაკონტროლირებადი ტერიტორიების - დამოუკიდებლობას და ყოველთვის ჩავთვლით ამ ტერიტორიებს საქართველოს ნაწილად.”

თუმცა შიკორსკის არ უხსენებია სიტყვა “ოკუპაცია” აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მისამართით. მედიის კითხვას, სწორად ახასიათებს თუ არა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მიერ ნახსენები სიტყვა „ოკუპაცია“ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შექმნილ ვითარებას და ეთანხმება თუ არა პოლონეთიც ამ ტერმინს, შიკორსკიმ ასე უპასუხა:

”ჩვენ ვიყენებდით ამ ტერმინს აქამდე, მაგრამ ის შეიცვლება.”

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ კი აქცენტი პოლონეთის მხრიდან მხარდაჭერასა და ურთიერთმეგობრობაზე გააკეთა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მხოლოდ ორი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს შეხვდა - ირაკლი ალასანიასა და გიორგი თარგამაძეს. შეხვედრიდან გამოსულმა შიკორსკიმ ისინი მომავალ შესაძლო ხელისუფლებად მოიხსენია:

”რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ვმოგზაურობდე, მე ვხვდები იმ ქვეყნის ხელისუფლებას და მომავალ შესაძლო ხელისუფლებასაც. ასე რომ, სრულიად ბუნებრივია, რომ დავინტერესდი როგორ აფასებს ვითარებას ქვეყანაში ოპოზიცია. ამ მხრივ ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. პოლონეთი ეხმარება საქართველოს დემოკრატიულად განვითარებაში და სასიამოვნო იყო იმის მოსმენა, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მოახერხა წინასაარჩევნოდ თანამშრომლობა, მაგრამ მე ისიც ვიცი, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი არა მხოლოდ საარჩევნო სიების დასახვეწად, არამედ სხვა სფეროებშიც, მაგალითად, მედიის თავისუფლების კუთხით. თუმცა პროცესი თქვენთან სწორი მიმართულებით ვითარდება და ჩვენ კიდევ უფრო წავახალისებთ ყველას მცდელობას ამ გზაზე.”

ალასანიას სიტყვით, ოპოზიციასთან შეხვედრის მთავარი საკითხი არჩევნების შემდგომ ქვეყანაში არსებული შიდაპოლიტიკური ვითარება და საქართველო-პოლონეთის მომავალი სტრატეგიული ურთიერთობები იყო. „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ამ შეხვედრის რეალურ შედეგზეც ილაპარაკა: ”საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ დავიწყოთ მომზადება ხელისუფლების პირველი მშვიდობიანი ცვლილებისათვის ჩვენს ქვეყანაში - მომავალი არჩევნებისთვის. ამიტომაც გამოვედით ინიციატივით ჩვენც და საგარეო საქმეთა მინისტრიც, აღმოსავლეთთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩაეყაროს საფუძველი ახალ პროექტს, რომელიც საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული. ჩვენ უკვე გვაქვს ამერიკული მხარის ინიციატივა და გვექნება, სავარაუდოდ, ევროპული მხარის ინიციატივაც. იქნება კონკრეტული მხარდაჭერა მედიის თავისუფლების და ტრანსფარანტულობის გარკვევისთვის საქართველოში, ასევე, რომ შეიქმნას გარემო ოპოზიციისათვის თანხების მოსაზიდად, რომ მომდევნო არჩევნები საქართველოში იყოს თავისუფალი...”

ქრისტიან-დემოკრატების ლიდერის გიორგი თარგამაძის აზრით კი, პოლონეთი, როგორც საბჭოთა კავშირთან ურთიერთობის საკმაო გამოცდილების მქონე ქვეყანა, არ მოტყუვდება საქარველოს ხელისუფლების მიერ მიწოდებული შენიღბული სინამდვილით, თუმცა ოპოზიციამ ეს შეხვედრა მაინც გამოიყენა იმ რეალური ვითარების ასახსნელად, რაც დღეს, თარგამაძის აზრით, საქართველოშია.

მოგვიანებით პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს შეხვდა. ვიზიტის ბოლო წერტილი კი ბათუმი იყო, სადაც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პრეზიდენმა სააკაშვილმა უმასპინძლა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG