Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 13 ივლისი 2010


დღევანდელ პრესაში განხილვის თემად რჩება მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზაციის პერსპექტივა.

”ახალ თაობაში” პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილთან ინტერვიუ ქვეყნდება: ”ვერავითარ გადაუდებელ ამოცანას რუსეთისთვის ვერ დავარქმევ ჩვენს გაზსადენს გარდა იმისა, რომ იქონიოს კიდევ უფრო მეტი ბერკეტი საქართველოს ხელისუფლებაზე. დღევანდელი ხელისუფლება ამას თანხმდება. მაგრამ, ამავე დროს, მთავრობა სამოქმედო ასპარეზს ძალიან უმცირებს მომავალ ხელისუფლებებს. ზოგადად, საქართველოს მომავალი, როგორც ჩანს, არ გახლავთ რაიმე ტიპის საფიქრალი ან რაიმე ტიპის ღირებულება დღევანდელი ხელისუფლებისთვის”, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.

”რეზონანსი” 12 ივლისს გამართულ ამ დისკუსიას ვრცელ სტატიას უძღვნის, სათაურით - ”მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვა - გზა მარსისკენ?!”. ავტორი მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე წლის წინანდელ გამონათქვამს იხსენებს: ”სტრატეგიული ობიექტების დაკარგვის შემთხვევაში საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში შესვლა აზრს დაკარგავს. თუ მთავრობა ყველაფერს რუსეთს მიჰყიდის, მერე უნდა ნატოში შევიდეს და უნდა მარსზე გაფრინდეს”, - ეს, ”რეზონანსის” ავტორის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის სიტყვებია, რომელიც 2002 წელს გაზეთ ”ხვალინდელ დღეში” გამოქვეყნდა და გაზსადენის დათმობაზე ატეხილ აჟიოტაჟს უკავშირდებოდა.

”რეზონანსშივე” სხვა სტატიაში წაიკითხავთ კიდევ ერთი ობიექტის პრივატიზაციის საკითხზე: ”ის, რისი გაკეთებაც ახლა უნდათ, 2008 წლის აგვისტოში უკვე გაკეთებული რომ ყოფილიყო, ძალიან დიდი შანსია, რომ საქართველოში ვერც ერთი პრეზიდენტი ვერ ჩამოვიდოდა და მერე რა მოხდებოდა, კაცმა არ იცის, - ასეთია ოპოზიციის პირველი რეაქცია ხელისუფლების იმ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც პრივატიზებააკრძალული ობიექტების ნუსხიდან საჰაერო მოძრაობის მართვის და კონტროლის საშუალებების ამოღებას ითვალისწინებს”, - წერს ”რეზონანსი”.

”24 საათში” ქვეყნდება მოსაზრება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე. პუბლიკაციას ერთი ავტორი ჰყავს - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე, თუმცა მოსაზრება პირველ პირში, მრავლობით რიცხვშია დაწერილი: ”მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი პროექტი მნიშვნელოვნად ამართლებს საკონსტიტუციო კომისიის შექმნის მიზანს ხელისუფლების დაბალანსებული სისტემის შექმნის თვალსაზრისით.”

”საქართველოს რესპუბლიკა” განაგრძობს პროექტ ”სახალხო სასამართლოში” მიმდინარე პროცესების გაშუქებას: ”ალბათ, სუბიექტური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს პრინციპებზე დაფუძნებული ”სახალხო სასამართლო” თავის ფუნქციას პირნათლად ასრულებს”, - წერს ავტორი და მკითხველს ე.წ. ”აფრასიძეების საქმის” განხილვის დეტალებს სთავაზობს.

”რატომ წამოვიდა ნინო ჟიჟილაშვილი ”მაესტროდან”?” – ”ალია” დაინტერესდა ცნობილი ტელეჟურნალისტის, გადაცემა ”პოლიტმეტრის” ავტორისა და წამყვანის ამ გადაწყვეტილებით და მასთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს. ნინო ჟიჟილაშვილი მიზეზს ასე ხსნის: ”აღმოჩნდა, რომ მე და მთავარ მენეჯერს, არხის გენერალურ დირექტორს - კახა ბექაურს გვაქვს სრულიად სხვადასხვა წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, თუ რა უფლებები აქვს ავტორს თავისი გადაცემის შიგნით და რა უფლებები აქვს დირექტორს.” - ინტერვიუში ჟიჟილაშვილი აზუსტებს, რომ უთანხმოება ბექაურთან გადაცემის ფორმის გამო მოუვიდა და რომ მას არც კი გასჩენია კითხვა იმაზე, გაეშვა თუ არა თავის გადაცემაში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან ინტერვიუს ჩანაწერი იმის გამო, რომ ის პირდაპირ ეთერში მისვლას ვერ ახერხებდა, მით უმეტეს, რომ წინა გადაცემაში ასევე ჩანაწერის სახით გავიდა ინტერვიუ საქართველოში აშშ-ის ელჩთან.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG