Accessibility links

”საქართველომ მილები გაუწოდა” - ასეთი სათური აქვს ”იზვესტიაში” გამოქვეყნებულ პუბლიკაციას, რომელიც მთავარი მაგისტრალური გაზსადენის გასხვისების პერსპექტივას ეძღვნება. ”საქართველომ მილები გაუწოდა”, - წერს გაზეთი სათაურში და არ აკონკრეტებს - კერძოდ, ვის გაუწოდა მილები. თუმცა „იზვესტიას“ თვალსაზრისი ამ საკითხთან დაკავშირებით ნათლად ჩანს თავად პუბლიკაციაში.

გაზეთი წერს, რომ მწვავე კამათისა და ხმამაღალი განცხადებების შემდეგ საქართველოს პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას ქვეყნის მთავარი მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზაციის თაობაზე.

სწორედ მისი საშუალებით იღებს გაზს სომხეთიო, - ხაზგასმით აღნიშნავს გაზეთი და დასძენს: ” პოტენციურ მყიდველად ქართველი პარლამენტარები გაზპრომს ასახელებენ.”

„იზვესტია“ აღნიშნავს, საქართველოს მთავრობა წინააღმდეგი იყო და ეს პარლამენტში გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმაც აღნიშნა, მაგრამ დისკუსიაში პარლამენტარმა პავლე კუბლაშვილმა გაიმარჯვაო, წერს ”იზვესტია” და დასძენს, რომ, ექსპერტების შეფასებით, ეკონომიკური მოსაზრებები ჯაბნიან პოლიტიკურ დაინტერესებას. გაზეთს პოლიტიკური და ეკონომიკური კომუნიკაციების სააგენტოს გენერალური დირექტორის დმიტრი ორლოვის კომენტარი მოჰყავს:

” თუ საქართველოს მთავრობას სურს მაქსიმალური ფასი მიიღოს, მაქსიმალური მოთამაშეები უნდა დაუშვას, მათ შორის - რუსეთიდანაც.”

გაზის თემას ეძღვნება „ვრემია ნოვოსტეის“ პუბლიკაციაც, სათურით ”გერმანული ენერგეტიკული კონცერნი RWE ნაბუკოს იდეალების ერთგულია, თუმცა გაზპრომთან ის ”სამხრეთის ნაკადთან” მიერთებაზე საუბრობს.”

გაზეთი წერს, რომ გაზპრომის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის ალექსანდრ მედვედევის სატელეფონო საუბარმა გერმანული ენერგეტიკული კონცერნის RWE -ის მთავარ სტრატეგთან, ლეონჰარდ ბირნბაუმთან, დიდი ხმაური გამოიწვია. საუბარი შეეხებოდა პროექტ ”სამხრეთის ნაკადისათვის” ახალი მონაწილის შემატებას და გაზპრომის წარმომადგენელი ცდილობდა ბატონი ბირნბაუმის მხარდაჭერა მოეპოვებინა.

გაზეთი აღნიშნავს, რომ კონცერნი RWE ნაბუკოს პროექტის განხორციელების ერთ-ერთი საკვანძო წევრია და მისი ”სამხრეთის ნაკადის” მხარეს გადასვლა შესაძლოა სერიოზული დარტყმა აღმოჩნდეს ნაბუკოსათვის, რომლის აშენებაც კასპიის რეგიონიდან რუსეთის გვერდის ავლით ევროპისათვის გაზის მისაწოდებლად იგეგმება.

გერმანული კონცერნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიხაელ როზენმა დაუდასტურა „ვრემია ნოვოსტეის”, რომ გაზპრომმა მიმართა მათ თხოვნით მონაწილეობა მიიღონ ”სამხრეთის ნაკადის” მშენებლობის კონსორციუმში. გაზპრომში კომენტარებისაგან თავი შეიკავეს, - წერს გაზეთი, ინფორმირებულმა წყარომ კი კომპანიიდან გაზეთს აცნობა, რომ ეს მართლაც იყო წინასწარი მოლაპარაკებები, თუმცა კონკრეტიკის გარეშე. ”მაგრამ - გერმანულ ენერგეტიკულ კონცერნში გამოხატეს დაინტერესება ჩვენი პროექტით”, - უთხრა „ვრემია ნოვოსტეის“ გაზპრომის წარმომადგენელმა.
XS
SM
MD
LG