Accessibility links

logo-print

BP-ის ახალი სარქველი და ახალი იმედი მექსიკის ყურეში


აშშ: ახალი სარქველი მექსიკის ყურეში დაზიანებულ ჭაბურღილზე

აშშ: ახალი სარქველი მექსიკის ყურეში დაზიანებულ ჭაბურღილზე

ნავთობკომპანია British Petroleum-ი (BP) დიდ იმედებს უკავშირებს ახალ მოწყობილობას, რომელიც წუხელ დაამონტაჟეს დაზიანებულ ჭაბურღილზე მექსიკის ყურეში. საქმე ეხება 40-ცტონიან შემაკავებელ სარქველს, რომლის მეშვეობითაც ბოლო უნდა მოეღოს წყალში ნავთობის ჩაღვრას.

BP-ის განცხადებით, მექსიკის ყურეში დაზიანებულ ჭაბურღილზე გამოცდიან სარქველს, რის საფუძველზეც უნდა გაირკვეს, შესაძლებელია თუ არა განხორციელდეს გეგმა, რომელიც ჭაბურღილის მთლიანად დალუქვას ითვალისწინებს.
BP-ი ელექტრონული ფოსტით გავრცელებულ განცხადებაში იუწყება, რომ ახალი სარქველი ორშაბათს ღამით დაამონტაჟეს ჭაბურღილზე წყალქვეშ, კილომეტრნახევრის სიღრმეზე. გამოცდა 48 საათი გაგრძელდება და თუ წარმატებით დასრულდა, ეს ნიშნავს, რომ აპრილის შემდეგ პირველად შეძლებენ ნავთობის ჩაღვრის თუნდაც დროებით შეჩერებას: პირველად მას შემდეგ, რაც 20 აპრილს მომხდარმა აფეთქებამ მექსიკის ყურეში British Petroleum-ის მიერ ოპერირებულ, ნავთობის მოსაპოვებელ სადგურზე დასაქმებული 11 ადამიანი შეიწირა, ამ სადგურის ჩაძირვა და წყალში ნავთობის ჩაღვრის დაწყება გამოიწვია.

ახალი სარქვლის 48-საათიანი გამოცდის პროცესში ორ მომცრო ტუმბს გააჩერებენ: ასე შეამოწმებენ, გაუძლებს თუ არა ხუფი ნავთობის წნევას. ამავე დროს, ინჟინრები შეამოწმებენ, დაზიანებულია თუ არა ჭაბურღილი ზღვის ფსკერის ქვემოთ, სიღრმეშიც. თუ დაზიანებულია, ეს კიდევ უფრო გაართულებს ნავთობის ჩაღვრის შეჩერებისაკენ მიმართულ ძალისხმევას; თუ არ არის დაზიანებული და ახალმა სარქველმაც გაამართლა - BP-ი ან დალუქავს ჭაბურღილს, ან კიდევ განაახლებს ნავთობის ამოტუმბვას გემების მეშვეობით მისი ტრანსპორტირებისთვის.

BP-ს უკვე გამოთქმული აქვს გაფრთხილება, რომ დანამდვილებით არაფრის თქმა შეიძლება, რომ შემაკავებელი სარქვლის სისტემა არასოდეს გამოუყენებიათ ასეთ სიღრმეზე, ან ასეთ პირობებში.

და მაინც, ნავთობკომპანიის ამჟამინდელ ძალისხმევას, ისევე როგორც ნავთობის ჩაღვრის შესაჩერებლად მომზადებულ დამატებით გეგმას, რომელიც აგვისტოში უნდა განხორციელდეს, დადებითი რეაქცია ახლავს საფინანსო ბირჟებზე. ნიუ -იორკში BP-ის აქციები ორშაბათს 8 პროცენტით გაიზარდა. ორშაბათსვე, შეერთებული შტატების პირველი ლედი, მიშელ ობამა შეხვდა მოსახლეობას ნავთობის ჩაღვრით დაზარალებული ერთ-ერთი შტატის, ფლორიდის სანაპიროზე და შეეცადა შეკრებილების დარწმუნებას, რომ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია ყველა ღონეს ხმარობს ნავთობის ჩაღვრის მძიმე შედეგების აღმოსაფხვრელად.

პირველი ლედის შეფასებით, „ორი აზრი არ არსებობს, რომ ეს არის ძალიან რთული პერიოდი ყველასთვის, ვინც სანაპიროსთან ცხოვრობს და მუშაობს“. როგორც მიშელ ობამამ განაცხადა, პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია „ყველა ღონეს მიმართავენ, რათა ჭაბურღილზე სარქველი იქნეს დამაგრებული, რათა ჩაღვრილი ნავთობი გაიწმინდოს და რათა უზრუნველყონ, რომ BP-ის დაეკისროს პასუხისმგებლობა მთელს ზარალზე, რომელიც მან გამოიწვია და უარყოფით შედეგებზე, რომლებიც მან გამოიწვია ამდენი ადამიანის ცხოვრებაში“.

ფლორიდის სანაპიროს მოსახლეობის წარმომადგნლებთან შეხვედრაზე, მიშელ ობამამ ისიც განაცხადა, რომ გრძელდება ვაშინგტონის ადმინისტრაციის ძალისხმევა ზღვის ფსკერზე ბურღვის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად. ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ობამას ადმინისტრაციამ ისევ გამოაცხადა მორატორიუმი ზღვის ფსკერზე ნავთობის მოსაპოვებლად ბურღვაზე - გადასინჯული მორატორიუმი მას შემდეგ, რაც უფრო ადრე, მაისში გამოცხადებული მორატორიუმი ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ უარყო, როგორც მეტისმეტად ფართომასშტაბიანი. გასაჩივრება, სავარაუდოდ, ობამას ადმინისტრაციის ახალ ზომასაც მოელის.
XS
SM
MD
LG