Accessibility links

27 ივნისი, კვირა
დილით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გვეწვივნენ, წინა საღამოს დადგმული ბილბორდი მოინახულეს. მასზე იოსებ სტალინის სახლის წინ დასადგმელი ძეგლია გამოსახული. ეს იმის მაუწყებელია, რომ ამ ადგილზე გადმოვა 1952 წელს არქიტექტორ შოთა მიქატაძის მიერ შექმნილი ძეგლი, რომელიც 2010 წლის 25 ივნისამდე მისივე სახელობის მოედანზე, ადმინისტრაციული შენობის წინ იდგა. ბილბორდიდან ჩანს, რომ ძეგლი ლამაზად ჯდება არქიტექტურულ კომპლექსში და მუზეუმიც უფრო მდიდრული გამოჩნდება. თითქმის მთელი დღის განმავლობაში ვავსებდი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში წარსადგენი, ჩვენი მუზეუმის პასპორტის მონაცემებს. მუშაობაში დღე როგორ მიიწურა, ვერ გავიგე.

შუადღისას ერთი ზარი შემოვიდა ჩემს ტელეფონზე, ესპანეთის პრესის წარმომადგენლობას სტალინის ძეგლის ბედი აინტერესებდა. მეც ავუხსენი, რომ ბილბორდი დაიდგა და კვარცხლბეკის დადგმასაც მალე დაიწყებენ. ჩემი თანამოსაუბრე ძეგლის ადგილსამყოფლით დაინტერესდა. ეს კონფიდენციალურია და პასუხად მიიღო: „საიმედო ადგილას“.

საღამო ხანს ელექტრონული ფოსტა შევამოწმე. დანიიდან წერილი შემოსულა. კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი კატრინ გოტფრიდსენი დახმარებას გვთხოვს, კერძოდ, სურს ჩამოვიდეს საქართველოში, თბილისსა და გორში. უნდა, მუზეუმში იმუშაოს სამეცნიერო ნაშრომზე, გაეცნოს ჩვენს საქმიანობას, ფონდებში შეისწავლოს სტალინის ეპოქის ამსახველი მასალები და შეხვდეს ტურისტებს. რა თქმა უნდა, თანხმობა შევუთვალეთ. სამუშაო დრო ამოიწურა, მუზეუმი დავლუქეთ და სახელმწიფო დაცვას ჩავაბარეთ.

28 ივნისი, ორშაბათი
დილა კვლავ საქმიანი შეხვედრებით დაიწყო. ბილბორდის ფოტო გადავიღე, ამოვბეჭდე და საექსპოზიციო დარბაზში, ერთ-ერთ ვიტრინაში მოვათავსეთ, რათა ტურისტებმა უკეთ აღიქვან, თუ როგორი იერსახე ექნება სტალინის ძეგლის ახალ მდებარეობას. მენეჯერმა ადგილობრივი ტელეკომპანია „თრიალეთის“ კორესპონდენტების მოსვლა მაცნობა. მათ შევხვდი და ინტერვიუც ჩაიწერეს. სტალინის ძეგლის დადგმის დრო და ადგილი აინტერესებდათ. მეც დავამშვიდე გორელი მაყურებელი, რომ ძეგლი მალე დაიდგმებოდა.

მანამადე საუბარი მქონდა გორის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ზვიად ხმალაძესთან. მისგან მივიღე სარწმუნო ინფორმაცია, რომ ძეგლის დადგმის სამუშაოები მალე დაიწყებოდა. შუადღისას გორის უნივერსიტეტის პროფესიულ-უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრატორი, ახალგაზრდა სპეციალისტი ლევან წიქარიძე მივიღე, მასთან ერთად განვიხილეთ, სტუდენტებისათვის პრაქტიკის ჩასატარებლად, სამუზეუმო მენეჯმენტისა და ტურიზმის განვითარების საკითხებზე შედგენილი მემორანდუმის ტექსტი, რომელსაც მე და გორის უნივერსიტეტის რექტორი ზაზა ცოტნიაშვილი მოვაწერთ ხელს.

შემდეგ ჩემს მთავარ ბუღალტერთან ერთად სამინისტროში წარსადგენი მუზეუმის პასპორტის შევსება გავაგრძელეთ. შინაურს და გარეულს, ყველას აინტერესებს რა ხდება გორში, სად და როდის დაიდგმება სტალინის ძეგლი.

ჩემი ძმის მეუღლემ დამირეკა. მომიკითხა და, რა თქმა უნდა, ძეგლითაც დაინტერესდა. მეც მოვიკითხე. ძალიან მიყვარს ჩემი რძალი, დიდ პატივს ვცემ. რამდენიმე დღის წინ ცოტა შეგვაშინა: შეუძლოდ იყო. ახლა გამოჯანმრთელდა. გამეხარდა, რომ კვლავ ფორმაშია, ოპერაციაც გაუკეთებია პაციენტისათვის! თბილისში, მიხეილ გურამიშვილის სახელობის პედიატრიული კლინიკის ყელ-ყურ-ცხვირის განყოფილების გამგეა, მედიცინის დოქტორი და პროფესორი. ვამაყობ, რომ ასეთი კარგი დასტაქარი, ქეთევან გოცაძე, ჩემი უსაყვარლესი ძმის, ირაკლი მაღლაკელიძის მეუღლეა.

საუბარი დავამთავრე თუ არა, სამუშაო ოთახის კარი გაიღო და ცნობილი გორელი მხატვარი, ღვაწლმოსილი პედაგოგი, გულნარა ჩიტაძე შემოვიდა. იმანაც მომიკითხა. ძალიან გავიხარე, მოხიბლული ვარ მისი ნახატებით! შევიტყვე, ახალი გამოფენისათვის ემზადება. უეჭველად დავესწრები და მონაწილეობასაც მივიღებ ქველმოქმედებაში.

საინფორმაციო სააგენტო „პირველიდან“ დამირეკეს - სტალინის ძეგლთან დაკავშირებით ინტერვიუ მთხოვეს. მათ კითხვაზე, თუ ამჟამად სად ინახება ძეგლი, კვლავ გავიმეორე, საიმედო ადგილას-მეთქი.

შემდეგ ელექტრონული ფოსტა შევამოწმე. ამჯერად, მუზეუმების საერთაშორისო გაერთიანების, ICOM-ის, საქართველოს ორგანიზაციის თავმჯდომარის, ინგა ქარაიას წერილი დამხვდა. ჩემი გაგზავნილი ბილბორდის სურათი მიუღია, მოსწონებია და მადლობას მითვლიდა.

ცოტა ხნის შემდეგ მუზეუმის თანამშრომელი ზაზა დიაკვნიშვილი შემოვიდა. წამლის გამოწერა უნდოდა და ჩემს მეუღლესთან, მანანა მაღლაკელიძესთან, შუამდგომლობას მთხოვდა. რა თქმა უნდა, დავეხმარე. სხვათა შორის, მანანა ღვაწლმოსილი ექიმია და უანგაროდ ემსახურება ჩემს ნაცნობ-მეგობრებსა და მუზეუმის თანამშრომლებს.

კიდევ რამდენიმე ზარი შემოვიდა. კვლავ კვირის აქტუალური თემა: იოსებ სტალინის ძეგლის ამბავი აინტერესებდათ. სამუშაო დღეც მიიწურა.

29 ივნისი, სამშაბათი
დილით, სამსახურში მისვლისთანავე, მუზეუმის უფროს მენეჯერთან ნანა მაჭავარიანთან და მთავარ ბუღალტერთან ქეთევან მუხაძესთან ერთად, სამინისტროში წასაღებ მასალებს გადავხედე, ციფრები გადავამოწმე და თბილისისკენ გავუდექი გზას. კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში მისულს, სასტუმრო ბარათი მომცეს. მე-4 სართულზე მოვინახულე სამინისტროს მთავარი სპეციალისტები მაკა ბურჭულაძე და მანანა ფირანიშვილი. მუზეუმის შესახებ მასალები ჩავაბარე, შემდეგ ძალიან მოკლედ სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ. მოეწონათ ბილბორდის სურათი და სტალინის ძეგლის ახალი მდებარეობა.

ჩვენმა მანქანამ გეზი კვლავ გორისკენ აიღო. 5 საათზე სერგი მაკალათიას სახელობის გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, იმართებოდა ჩვენი თანამოქალაქისა და საზოგადო მოღვაწის, უნიჭიერესი პიროვნების, გორის რაიონის ყოფილი პრეფექტის, ომარ ჩუბინიძის ხსოვნის საღამო. საღამო საინტერესოდ წარიმართა.

ჯერ კიდევ დარბაზში ვიყავი, რომ მობილურმა ტელეფონმა დარეკა. ვესაუბრე ახლად შექმნილი ტურისტული კომპანია „პარსას“ წრმომადგენელს. მუზეუმში შესვლის პირობები აინტერესებდა. გავაცანი და თანამშრომლობაზეც შევთანხმდით. ცოტა ხანში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კორესპონდენტები დამიკავშირდნენ, „კურიერისთვის“ ინტერვიუ მთხოვეს. მეც დავთანხმდი. იქვე, ეთნოგრაფიული მუზეუმის წინ, ჩაიწერეს ჩემი საუბარი. თემა - იგივე: სტალინის ძეგლის მუზეუმში გადმოტანა. რა თქმა უნდა, მუზეუმისათვის ეს ფაქტი მომგებიანია, ერთი მძლავრი კომპლექსი შეიქმნება და ტურისტებსაც მოიზიდავს.

30 ივნისი, ოთხშაბათი
სამსახურში მისვლისთანავე, მუზეუმის სამუშაო გენერალურ გეგმას გადავხედე, მაინტერესებდა სალექციო თემატიკის შემუშავების მეორე ეტაპის საკითხებიც. მუზეუმის სპეციალისტებთან ერთად მის განხილვას შევუდექით.

თანაშემწემ სტუმრის მობრძანება მამცნო. მართლაც ძალიან გავიხარე: ჩვენი თანამოქალაქე, ცნობილი მწერალი, ვანო ჩხიკვაძე მეწვია. უცებ თვალწინ დამიდგა მისი ახალი რომანის „შუშების ომის“ გმირები - ის ხომ 2008 წლის აგვისტოს ცნობილი მოვლენების თემაზეა შექმნილი. სხვათა შორის, მის მრავალ პრემიასა და ჯილდოს ახლახან შეემატა ქართული საბავშვო პოეზიის კლასიკოსის, მაყვალა მრევლიშვილის სახელობის პრემია და თბილისის მერიის საგანგებო მედალიც. საუბარი კარგა ხანს გაგვიგრძელდა. გადავეცი დანაპირები - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, მის უწმინდესობასთან, ილია მეორესთან, გორში შეხვედრის ჩანაწერი.

ცოტა ხანში ქალიშვილის მეუღლემ, დავით ბახტურიძემ დამირეკა, „კურიერში“ გუშინ გასული ინტერვიუ შემიქო და თავისი ახალი გეგმები გამანდო. შემდეგ ქალიშვილი, შვილიშვილები და მძახლები მოვიკითხე. ყველანი კარგად არიან. სიძესთან საუბარმა სულ დამავიწყა დაღლილობა, ახალი ძალა და ენერგია შემმატა. ოპტიმიზმითა და სიცოცხლის ხალისით განვეწყვე ხვალინდელი დღის შესახვედრად.

1 ივლისი, ხუთშაბათი
დილით რადიო BBC-ის კორესპონდენტი ტომ ესლმონტი მივიღე. მუზეუმის დათვალიერების შემდეგ აღნიშნა: ადრეც მინახავს, მაგრამ ახლა საკმაოდ შეცვლილია და შედარებით სიმართლეა გადმოცემული სტალინის ეპოქაზეო. შემდეგ ჩემთან ინტერვიუ ჩაიწერა და ერთმანეთს წარმატებები ვუსურვეთ.

ცოტა ხანში საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „იმედი-ლ“-ის მენეჯერი საბა ხუციშვილი მეწვია. მისი რეკომენდაციით, აღნიშნულ კომპანიაში დავეზღვიეთ მუზეუმის თანამშრომლების 50%-ზე მეტი.

დღის 2 საათზე წავედით მუზეუმის უფროსი მენეჯერის, თემურ სარაულის დაკრძალვაზე. მისი სახით ჩვენ ერთგული მეგობარი დავკარგეთ, ხოლო იოსებ სტალინის მუზეუმს უაღრესად კარგი მუშაკი დააკლდა.

2 ივლისი, პარასკევი
დილით მუზეუმის მუშაკებს შევხვდი, ქობულეთის საკითხზე ვისაუბრეთ. 9-დან 17 ივლისამდე, მათი კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული დაოსტატების მიზნით, გასვლით ტრენინგს ვატარებთ ქობულეთში. მუზეუმის მუშაობა რომ არ შეფერხდეს, ტრენინგი ორ ნაკადად ჩატარდება. ყველას ძალიან უხარია, რადგან მუზეუმის არსებობის მანძილზე, ეს პირველი გასვლითი სასწავლო-შემეცნებითი სახის ღონისძიებაა.

ცოტა ხნით სამუშაო ოთახიდან გავედი, თანაშემწემ ტელეფონთან მიმიხმო - ქალბატონი გოგუცა რეკავსო. მართლაც, დედაჩემი იყო. ჩემი ამბავი იკითხა, შემდეგ მასაც მივაწოდე ცნობები ძეგლის შესახებ.

კვლავ სტუმრები მეწვივნენ, ამჯერად - საზოგადოება „სტალინის“ დარბაისელი წარმომადგენლები გოგი დალაქიშვილის ხელმძღვანელობით. მათაც ძეგლის დადგმის ადგილი აინტერესებდათ. პროექტი გავაცანი და ბილბორდზე გამოსახული ძეგლის სურათიც ვაჩვენე. მოეწონათ.

3 ივლისი, შაბათი
დღეს შაბათია, ჩემი დასვენების დღე. თუმცა, მას იშვიათად ვიყენებ. ამჯერად ვჩქარობ: რუსთავში ვაპირებ წასვლას შვილიშვილების სანახავად. ძალიან მენატრებიან ჩემი პატარები!

ცოტა ხნით სამსახურში შევიარე. შეთავსებით შიდა ქართლის ტურისტული კავშირის მმართველი ვარ და ერთ-ერთ ტუროპერატორთან შეხვედრა მქონდა დანიშნული. შეხვედრის დამთავრებისთანავე გეზი რუსთავისაკენ ავიღე.

კარებში შვილიშვილები, 7 წლის მარიამი და 5 წლის გიორგი შემომეგებნენ. ჩემი ქალიშვილი თამარიც სახლში იყო, თუმცა მალე წავიდა, რადგან კლინიკიდან დაურეკეს - პაციენტი ელოდებოდა. პროფესიით ექიმი-სტომატოლოგია.

ჩემმა მძახლებმა, ქალბატონმა თამარმა და ბატონმა გივიმაც, ძალიან გაიხარეს. ყველანი ერთად ბავშვებთან თამაშით გავერთეთ.

მარიამი და გიორგი ჩემი სიცოცხლის ელექსირს წარმოადგენენ. ვოცნებობ, მშვიდობა სუფევდეს დედამიწაზე და მომავალმა თაობამ ერთიან, მთლიან საქართველოში იცხოვროს. ხოლო ქართველი ხალხი, მსოფლიოში მცხოვრები ყველა ერისა და ეროვნების წარმომადგენლებთან ერთად, მეგობრული სულისკვეთებით, მშვიდობიანი, უღრუბლო ცის ქვეშ ცხოვრობდეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG