Accessibility links

logo-print
ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე 10 კლუბიდან მხოლოდ 4-ია კერძო საკუთრებაში, თუმცა, ამჟამად, მოლაპარაკებები დანარჩენების პრივატიზებაზეც მიმდინარეობს. მოკლედ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საფეხბურთო კლუბები ბიზნეს-სექტორის განკარგულებაში მალე გადავლენ.

ფეხბურთის ფედერაციისა და სახელმწიფოს ერთობლივი პროექტი, რომელიც საფეხბურთო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ფეხბურთის დონის ამაღლებას უნდა მოემსახუროს, კერძო კომპანიებისთვის საფეხბურთო კლუბების სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად მიყიდვას გულისხმობს.

როგორც ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, საფეხბურთო კლუბების სახელმწიფო საკუთრებიდან კერძოში გადაცემა უეფა-ს მოთხოვნაც იყო.

უკვე ცნობილია, ვინ იყო ამ კამპანიის პირველი მერცხალი. ნავთობკომპანია ”ვისოლმა” ქუთაისის ”ტორპედო” სიმბოლურ 1 ლარად უკვე შეიძინა. ამასთან, კომპანიამ კლუბის განვითარებისთვის ყოველწლიურად 2,5 მილიონი ლარი უნდა გაიღოს.

კიდევ ერთი ნავთობკომპანია ”სოკარი” სავარაუდოდ, ბოლნისის სიონის მფლობელი გახდება.

მოელიან, რომ ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ ”ბაიას” ”ჯეოსელი” შეიძენს, ფოთის ”კოლხეთს” კი ფოთის პორტი დაეპატრონება.

ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ პროექტით სხვა ქართული კომპანიებიც დაინტერესდნენ, მათ შორის, მაგალითად, ”მაგთი”, ”ავერსი”, ”პსპ” და ”ლუკოილი”. თუმცა, ისინი საბოლოო არჩევანის გაკეთებას არ ჩქარობენ.

საქართველოში სულ 56 საფეხბურთო კლუბი არსებობს, თუმცა, ”ერთლარიანი პროგრამა” უპირატესად უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებს შეეხება.

ამ პროგრამების დასრულების შემდეგ საქართველოში საფეხბურთო კლუბების უმეტესობა უკვე კერძო მფლობელობაში იქნება.

ამ ეტაპზე კერძო მესაკუთრე ჰყავთ მხოლოდ რუსთავის ”ოლიმპს”, რომლის 60% კომპანია ”ქართულ ფოლადს” ეკუთვნის, ”ვიტ ჯორჯიას”, რომელიც ფარმაცევტული კომპანია ”ვიტ ჯორჯია ფარმას” მფლობელ გურამ რუხაძეს ეკუთვნის, თბილისის ”ლოკომოტივს”, რომელსაც ”სილქ როუდ ჯგუფის” მეწილე ლექსო თოფურია აკონტროლებს და საფეხბურთო კლუბ ”გაგრას”, რომელიც უკრაინაში მოღვაწე ბიზნესმენის ბესო ჩიხრაძის საკუთრებაა.

ამბობენ რომ, ცხინვალის ”სპარტაკს” სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი და ”დინამოს” ვეტერანი ფეხბურთელი ვლადიმერ გუცაევი პატრონობენ.

რაც შეეხება თავად ”დინამოს”, სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მისი შესყიდვით ლონდონის ”ჩელსის” მფლობელი რომან აბრამოვიჩია დაინტერესებული, მისი ქართველი პარტნიორი კი ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანიაა. თუმცა, ამ ეტაპზე ეს ინფორმაცია არ დასტურდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG