Accessibility links

logo-print
გორისა და კასპის რაიონის სოფლებს ცხინვალმა სარწყავი და სასმელი წყლის მიწოდება შეუწყვიტა. ათობით სოფელში მოსავალი ხმება. ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს.

გვალვა დიდ პრობლემას უქმნის კასპის რაიონის სოფელი ლამისყანას. ლამისყანელები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და სოფელში ალტერნატიული სარწყავი წყლის სისტემის შექმნას მოითხოვენ. მათი აზრით, საქართველოს ხელისუფლება მარტო საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების იმედად არ უნდა იყოს.

კოკოითი წყლის სანაცვლოდ ახალგორისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას ითხოვს. ქართული მხარე კი ამას იმ მოტივით არ აკეთებს, რომ გაზით რუსული საოკუპაციო ჯარიც ისარგებლებს. რამდენიმე დღის წინ ცხინვალში გამართულ თათბირზე კოკოითიმ ქართული სოფლებისთვის სასმელი და სარწყავი წყლის გადაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.

სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი კოკოითის და რუსულ საოკუპაციო ძალებს ჰუმანიტარული პრობლემების შექმნაში ადანაშაულებს. მისი აზრით, ვიდრე ამ რეგიონში რუსები იდგებიან, საფრთხეები მუდმივად მოსალოდნელი იქნება.

ლამისყანისგან განსხვავებით, სოფელ ნიქოზში ხელისუფლებამ მდინარე ლიახვზე ალტერნატიული სარწყავი სისტემა მოაწყო, მაგრამ ნიქოზის კაშხალიდან სარწყავი წყალი ყველა სოფლამდე მაინც ვერ აღწევს. გორის რაიონში დიცი, არბო, მერეთი, ზემო და ქვემო ხვითი მძიმე მდგომარეობაშია ჩავარდნილი.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის უფროსის კახა ტოლიაშვილის განცხადებით, სალთვისის სარწყავი არხის გადაკეტვამ არაერთი სოფელი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. მისი თქმით, გამოსავლის გზების ძიება საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მიმდინარეობს, რაც დამატებითი წყალსაქაჩების დამონტაჟებას ითვალისწინებს.

კონფლიქტის ზონის სოფლებში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო საქართველოს პარლამენტშიც იმსჯელეს. პარლამენტის თავმჯდომარის დავალებით დეპუტატები შოთა მალაშხია და ჯონდი ბაღათურია ვითარების ადგილზე შესასწავლად დღეს უწყლოდ დარჩენილ სოფლებში ჩავიდნენ.
XS
SM
MD
LG