Accessibility links

„სამხრეთ კავკასიის ინტეგრაცია: ალტერნატიული სტარტი“ - ასე ჰქვია სამოქალაქო ინიციატივას, რომლის ავტორები საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრების გადაკვეთის წერტილიდან უახლოეს დასახლებულ პუნქტში - მარნეულის რაიონის სოფელ თექალში - სამშვიდობო ცენტრის შექმნას აპირებენ. ინიციატივის თანახმად, სამშვიდობო ცენტრმა უნდა უმასპინძლოს შეხვედრებს, კონფერენციებსა და ტრენინგებს, რომლებიც აზერბაიჯანულ-სომხური დიალოგისა და რეგიონალური ინტეგრაციის საკითხებზე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში რეგულარულად იმართება. რა პერსპექტივა აქვს სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო ცენტრის შექმნას?

რაში მდგომარეობს ამ სოფლის განსაკუთრებულობა? - ჩვენ მას კავკასიის ცენტრსა და კავკასიის დედაქალაქს ვეძახით ...
სამოქალაქო ინიციატივა „სამხრეთ კავკასიის ინტეგრაცია: ალტერნატული სტარტის“ სამუშაო ჯგუფი მარნეულის რაიონის სოფელ თექალს სულ რაღაც ერთი კვირის წინ სტუმრობდა. ლუიზა პოღოსიანი - სამშვიდობო ინიციატივების კავკასიის ცენტრის წარმომადგენელი - ამბობს, რომ თბილისიდან 70 კილომეტრით დაშორებულ სოფელს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა აქვს: საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარე სასაზღვრო პუნქტ „წითელ ხიდამდე“ 10 კილომეტრია, საქართველო-სომხეთის საზღვარზე მდებარე პუნქტ „სადახლომდე“ კი - 30 კილომეტრი.

„რაში მდგომარეობს ამ სოფლის განსაკუთრებულობა? - ჩვენ მას კავკასიის ცენტრსა და კავკასიის დედაქალაქს ვეძახით, რადგანაც განაპირა სახლიდან მოჩანს სახელმწიფო საზვარი, რომლის იქითაც სომხებისა და აზერბაიჯანელების პოზიციები მდებარეობს. მოჩანს მათი სანგრები და ჯარისკაცები, საქართველოს მხრიდან კი, ჩვენი დაკვირვებით, საზღვარი თავისუფალია.“

ლუიზა პოღოსიანი, სამშვიდობო ინიციატივების კავკასიის ცენტრის წარმომადგენელი.
ლუიზა პოღოსიანის თქმით, სოფლის მდებარეობა მნიშვნელოვანი რეგიონალური პროექტების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. სამშვიდობო ინიციატივების კავკასიის ცენტრის თავმჯდომარე გიორგი ვანიანიც დარწმუნებულია, რომ სოფელ თექალის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის ბაზაზე დიდი ფინანსური დანახარჯების გარეშე შეიძლება სამშვიდობო ცენტრის ამოქმედება. საჭიროა ყოფილი კულტურის სახლის შენობის შეკეთება, წყალსადენის გაყვანა სოფლამდე და მიმდებარე ტერიტორიების განაღმვა. „სამი საზღვრის გადაკვეთის ადგილი დროთა განმავლობაში გადაიქცევა სამი სახელმწიფოს მოქალაქეთა თავისუფალი ურთიერთობის სივრცედ, სადაც სამომავლოდ შეიძლება მოეწყოს თავისუფალი სავაჭრო-ეკონომიკური ზონა და ტურისტული ცენტრი“, ამბობს გიორგი ვანიანი, რომელიც სამშვიდობო ცენტრის შექმნას უკავშირებს ასევე რეგიონალური აზროვნების აღორძინებას:

„მოცემული შეთავაზება ეფუძნება ჩვენს რწმენას, რომ სომხურ-აზერბაიჯანული დიალოგი შეიძლება შედგეს მხოლოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონის, რეგიონალური აზროვნების, რეგიონალური ინტეგრაციისა და უსაფრთხოების აღორძინების პირობებში. საქართველო კი ამ რეგიონის ნაწილი და, ჩემი აზრით, მისი ცენტრალური მოთამაშეა.“

ვიდრე ის თაობები არსებობენ, რომლებსაც თანაცხოვრების კარგი მაგალითები ახსოვთ, რა თქმა უნდა, ასეთი პროექტების შესაძლებლობა რეალისტურია ...
გიორგი ვანიანის ამ ინიციატივას იცნობენ როგორც სომხეთში, ასევე აზერბაიჯანში. „ხმამაღლა არავის გაულანძღივარ და ეს უკვე ბევრს ნიშნავსო“, განაცხადა ადამიანის უფლებათა სომეხმა დამცველმა, რომელსაც შედარებით მეტი თანამოაზრე ჰყავს საქართველოში. სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ზაურ ხალილოვი ზედმიწევნით კარგად იცნობს რეგიონს, სადაც წლების განმავლობაში მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ ქართველები, სომხები და აზერბაიჯანელები.

„ეთნიკური თვალსაზრისით მრავალფეროვანი დასახლებული პუნქტი იყო და ერთმანეთთან ჰქონდათ მჭიდრო კავშირი. ძალიან ხშირი იყო ნათესაური კავშირებიც კი. აქედან გამომდინარე, ამ პოტენციალის გამოყენება შესაძლებელია და ვიდრე ის თაობები არსებობენ, რომლებსაც თანაცხოვრების კარგი მაგალითები ახსოვთ, რა თქმა უნდა, ასეთი პროექტების შესაძლებლობა რეალისტურია“, უთხრა რადიო თავისუფლებას ზაურ ხალილოვმა.

თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კარგად ესმით, რომ სამი ქვეყნის საზღვართან სამშვიდობო ცენტრის შესაქმნელად ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერაცაა საჭირო. გიორგი ვანიანი ამბობს, რომ სოფელ თექალის მოსახლეობა მის ინიციატივას იწონებს და მოუთმენლად ელის როგორც სამშვიდობო ცენტრის გახსნას, ასევე სტუმრებს. თექალელებისგან განსხვავებით, პროექტის დეტალებს არ იცნობენ საქართველოს მთავრობაში, თუმცა, როგორც რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე თევდორაძე ამბობს, გიორგი ვანიანის ინიციატივა ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს:

„თუ იქნება კარგი იდეა და თუ ამ იდეას თან ახლავს გათვლები, ნამდვილად მზად ვარ შევხვდე და მოვუსმინო. თუ საჭირო გახდა, ჩავალ ადგილზე და იქ შევხვდები. თუ საჭირო იქნება, მთავრობასაც ჩავრთავთ ამ საქმეში“, უთხრა ელენე თევდორაძემ რადიო თავისუფლებას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG