Accessibility links

logo-print

ახალი საგანი და ძველი მასწავლებლები


სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების იმიტირებული გაკვეთილი

სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების იმიტირებული გაკვეთილი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ეროვნულ სასწავლო გეგმას დაამატა საგანი - ” სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება”, რომლის სწავლება საჯარო სკოლებში 2010-11 აკადემიური წლიდან დაიწყება. ახალი სასწავლო დისციპლინა სამი მოდულისაგან შედგება: სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება, დაწყებითი სამხედრო მომზადება და პირველადი სამედიცინო დახმარება. თითოეულ სასწავლო მოდულს წარუძღვება მასწავლებელი, რომელთა მომზადებაც უკვე დაიწყო.

”თავდაცვის კურსები გავიარეთ. დღეს იყო პრაქტიკული სამუშაო, სადაც საგანგებო სიტუაცია შეიქმნა: სკოლის დარბაზში ღონისძიება მიმდინარეობდა, მიწისძვრა მოხდა, სამაშველო სამსახურმა დაზარალებულები გამოიყვანა სასწრაფო წესით და მერე სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა. ერთ-ერთი მსხვერპლი ვიყავი მე და სასწრაფო დახმარება გამიწიეს ჯგუფის წევრებმა”, - გვითხრა თბილისის 24-ე საჯარო სკოლის ისტორია-საზოგადოებათმცოდნეობის მასწავლებელმა მზია გიორგაძემ, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს სამოქალაქო თავდაცვის გაკვეთილებსაც ჩაუტარებს.

მზია გიორგაძე, თბილისის 24-ე საჯარო სკოლის ისტორია-საზოგადოებათმცოდნეობის მასწავლებელი.
ჯერ კი ქალბატონი მზია ჩართულია ტრენინგის პროგრამაში, რომელშიც, ქვეყნის მასშტაბით, მე-12 კლასის 2 240 მასწავლებელი მონაწილეობს. 12 ივლისს ტრენინგი თბილისში, სამცხე-ჯავახეთსა და იმერეთში დაიწყო, 25 აგვისტომდე კი საქართველოს სხვა რეგიონებსაც სრულად მოიცავს. თბილისის ტრენინგში რაჭიდან წარგზავნილი 2 პედაგოგიც იყო ჩართული. ამბროლაურის რაიონის სოფელ ურავის საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი ფიქრია ბერიშვილი მასწავლებელთა გადამზადების კურსით კმაყოფილია:

”მეც შევალ სამოქალაქო თავდაცვაზე პედაგოგად და ჩემს ცოდნას გადავცემ ბავშვებს. იმედია, გამომივა ისე, როგორც ჩვენს ტრენერებს ჩვენთან გამოუვიდათ. მე კმაყოფილი ვარ. ლიტერატურითაც მოგვამარაგეს - რაც თეორიულად უნდა ვასწავლოთ, ისიც გადმოგვცეს; ამავდროულად, პრაქტიკა რაც გაგვარონიეს, მე მგონი, ისე კი ვიცი, რომ ავუხსნა სხვას, მაგრამ, რა თქმა უნდა, უკეთესად ჯობია. მე ექიმის დონეზე ხომ არ მეცოდინება ეს სამ დღეში.”

სწორედ სამ დღეს მოიცავს თითო სასწავლო კურსი. საჯარო სკოლებში სამოქალაქო თავდაცვის 1-2 მასწავლებელი იმუშავებს. საწყის ეტაპზე - კერძოდ, ახალი სასწავლო წლის პირველ სემესტრში - ახალი დისციპლინა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მე-12 კლასებში დაიწყება, მეორე სემესტრიდან კი მე-4 და მე-8 კლასებსაც მოიცავს. შესაბამისად, ამ კლასების მასწავლებლებისთვის დამატებითი ტრენინგის კურსი იგეგმება. იწყება ახალი სასწავლო კურსის კაბინეტების მოწყობა, მათი საჭირო ტექნიკითა და თვალსაჩინოებებით აღჭურვა. რაც შეეხება სახელმძღვანელოებს:

”სახელმძღვანელო ჯერ მე თვითონაც არ მაქვს ნანახი, მაგრამ არსებობს კურიკულუმები, რის საფუძველზეც სექტემბრისთვის სახელმძღვანელოები უკვე იქნება. მიმართულებები აქვს, რომ იყოს სტიქიური უბედურებები, პირველადი ჯანდაცვა, საგზაო წესები, თავდაცვა, გარემოს დაცვითი ელემენტები. მაგალითად, ატომის ნიშანს ხელი რომ არ უნდა მოჰკიდო; წითელი ლენტა რომ აქვს ხელსაწყოს, რომელსაც არ იცნობ, ხელი ასევე რომ არ უნდა მოჰკიდო და ასე შემდეგ. მეთორმეტე კლასში იქნება იარაღის ვიზუალურად გაცნობა; სროლები და საველე მომზადებები არ იქნება, რა თქმა უნდა. პროგრამა კლასების მიხედვით გაიწერება, მეთორმეტე კლასამდე კი თავდაცვითი ელემენტები არ იქნება.”

კოკა სეფერთელაძე, განათლების მინისტრის პირველი მოადგილე.
განათლების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე 24-ე სკოლაში სამოქალაქო თავდაცვის პედაგოგთა იმიტირებული გაკვეთილის ერთ-ერთი სტუმარი იყო. გაკვეთილის თემას, როგორც უკვე ითქვა, სტიქიური უბედურება, კერძოდ, მიწისძვრა წარმოადგენდა.

”საზოგადოდ, ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ არავინ დაზღვეული არ არის უბედურებისგან. ეს შეიძლება იყოს ომი, შეიძლება იყოს მიწისძვრა, შეიძლება იყოს ტერორისტული აქტი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ ამ ყველაფერთან გასამკლავებლად სკოლას უნდა ჰქონდეს თავისი კულტურა. ადამიანებმა გაცნობიერებულად უნდა იცოდნენ, როგორ მოიქცნენ ასეთ სიტუაციაში, რათა არ ატყდეს პანიკა. ზოგმა უნდა იცოდეს რა გააკეთოს, სად შეაფაროს თავი, ზოგმა უფრო მეტი უნდა იცოდეს - როგორ დაეხმაროს სხვას. ეს ადამიანები იძენენ უნარებს და ჩვევებს, როგორ გაუწიონ დახმარება სხვებს”, - აღნიშნავს თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორი გია მურღულია. იგი, თავის მხრივ, იმ პირთა რიგში არ არის, ვინც ” სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების” სავალდებულო ზოგადსაგანმანათლებლო დისციპლინად ჩამოყალიბებას სკეპტიკურად უყურებს. დისციპლინა მიმდინარე წლის დასაწყისში მოზარდებში სამხედრო პატრიოტული აღზრდის მიზნით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ იქნა ინიცირებული. სასწავლო კურსის კონცეფციაზე მუშაობა მიმდინარე წლის აპრილში დასრულდა. კურსმა პილოტირება რუსთავის, მცხეთისა და თბილისის 15 სკოლაში გაიარა.
XS
SM
MD
LG