Accessibility links

logo-print

ევროკავშირი ჯერჯერობით ინარჩუნებს საგანგებო წარმომადგენლების პოსტებს


ევროპის კავშირში თითქმის ყველა თანხმდება, რომ მანდატი უნდა გაუგრძელდეს კავშირის წარმომადგენლებს მსოფლიოს რამდენიმე ცხელ წერტილში. თუკი უფლებამოსილების გაგრძელებას მართლაც დაუჭერენ მხარს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება საქართველოსთვის, რომელიც შიშობს, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ევროკავშირის აქტიურობის ნემისმიერმა შემცირებამ შესაძლოა რუსეთი კიდევ უფრო შეაგულიანოს.

გავრცელებული ვარაუდით, ევროკავშირი აპირებს შეცვალოს კამათის გამომწვევი გეგმა მსოფლიოს რამდენიმე რეგიონში - მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში - თავისი საგანგებო წარმომადგენლების პოსტების გაუქმების შესახებ.

სამშაბათს ევროკავშირის ელჩებმა ამ საკითხზე მორიგი - მესამე - შეხვედრა გამართეს, რომლის დასრულების შემდეგაც გავრცელდა ხმა, რომ, სავარაუდოდ, ბლოკის წევრები მხარს დაუჭერენ თორმეტივე წარმომადგენლის მანდატის, სულ მცირე, 6 თვით გახანგრძლივებას. თუმცა ამ თანამდებობების გრძელვადიანი პერსპექტივა ჯერჯერობით კვლავაც გაურკვეველი რჩება.

მანდატების გაგრძელების გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში 26 ივლისს უნდა მიიღონ. დამტკიცების შემთხვევაში, პოსტებს დროებით შეინარჩუნებენ პიტერ სემნები, ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ასევე მოლდავეთში მომუშავე კალმან მიჟეი და ბლოკის წარმომადგენლები მაკედონიასა და ახლო აღმოსავლეთში. დიპლომატების თანახმად, მაისში სწორედ ეს ოთხი პოსტი ამოირჩია გასაუქმებლად ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა კეთრინ ეშტონმა.

გავრცელებული ვარაუდით, ეშტონს ამ საკითხის მოგვარება ბიუროკრატიული გზით სურდა, მაგრამ მისი გეგმის შესახებ მედიაში გაჟონილმა ინფორმაციამ იმ ქვეყნებს, რომლებსაც ეს გადაწყვეტილება ეხებოდა,და ამ გადაწყვეტილების მოწინააღმდეგე ევროკავშირის წევრებს საშუალება მისცა საკითხისთვის უფრო ფართო პოლიტიკური დატვირთვა მიეცათ. იუწყებიან, რომ ეშტონს ამ საკითხზე უკვე მოპოვებული ჰქონდა მსხვილი წევრი ქვეყნების თანხმობა, მაგრამ უფრო ფართომასშტაბიანი დისკუსიის გამართვას მოერიდა.

ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ბრიუსელში აჰტო ლობიაკასი გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზებს ასე ხსნის: „დისკუსია გრძელდება, გადაწყვეტილება მიღებული არ არის. რა მოხდება, უცნობია. მაგრამ ეს ცვლილება, ჩემი აზრით, ნაწილობრივ გამოიწვია ზეწოლამ, რომელიც ეშტონს ამ გეგმის შესახებ მედიაში გაჟონილმა ცნობებმა შეუქმნა. ამასთან, ქვეყნებს, რომლებიც [წარმომადგენლების პოსტების გაუქმების] გეგმას აკრიტიკებენ, წინააღმდეგობის ორგანიზებისთვის გარკვეული დრო დასჭირდათ.“

ეშტონის წარმომადგენელმა მაია კოსიანჩიჩმა რადიო თავისუფლებას უთხრა, ევროკავშირი საგანგებო წარმომადგენლების პოსტების ინტეგრაციას ახალ დიპლომატიურ განყოფილებაში ცდილობსო, რომელსაც ევროპის საგარეო მოქმედების სამსახური ეწოდება. - სამსახური, რომელიც ლისაბონის ხელშეკრულებით შეიქმნა და რომელსაც ეშტონი ხელმძღვანელობს, 2011 წლის 1 იანვარს უნდა ამოქმედდეს.

შვეცია, პოლონეთი, ლიტვა, ესტონეთი, ლატვია, ჩეხეთი და იტალია იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებიც ევროკავშირის 12-ვე წარმომადგენლის მანდატების უპირობო გაგრძელებას უჭერენ მხარს.

ცნობამ, რომ საგანგებო წარმომადგენლის პოსტები უქმდებოდა და მათ ბრიუსელში განთავსებული უფრო დაბალი რანგის დიპლომატები შეცვლიდნენ, საქართველოსა და მოლდავეთში საკმაოდ მწვავე რეაქცია გამოიწვია. პირად საუბრებში ევროკავშირის დიპლომატებიც აცხადებდნენ, რომ ეს ნაბიჯი ამ ქვეყნების და მათი კონფლიქტების მნიშვნელობის შემცირების ტოლფასი იქნებოდა ევროკავშირის პრიორიტეტთა სიაში და, სავარაუდოდ, მოწინააღმდეგე ძალებს შემაგულიანებელ სიგნალსაც გაუგზავნიდა.

საქართველოსთვის პიტერ სემნების პოსტის გაუქმების მნიშვნელობას აჰტო ლობიაკასი ასე ხსნის:

„პირველი მნიშვნელოვანი ფაქტორი ფსიქოლოგიურია - საგანგებო წარმომადგენლის პოსტი 2003 წლის შემდეგ არსებობს და მისი გაუქმება საქართველოსთვის, სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებისა და მეზობლებისთვის აუცილებლად იქნება გარკვეული მესიჯი“... „ამასთან, - განაგრძობს აჰტო ლობიაკასი, - თუ ეს პოსტი გაუქმდება, მისი უფლებამოსილებები გადანაწილდება ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე პიერ მორელზე, ბრიუსელში განთავსებული ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურის მუშაკზე და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელზე თბილისში. ამდენად, ეს ბევრად უფრო დანაწევრებული სტრუქტურა გამოდის.“

ჩვენი ბრიუსელელი კორესპონდენტი კიდევ ერთ ფაქტორს გამოყოფს: „პირს, რომელიც ადგილზე, თბილისში იმუშავებს, - ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს, - მოქმედება სემნებისგან განსხვავებულ ვითარებაში მოუწევს. მისი მანდატი აღარ შეეხება საკითხებს, რომლებიც, დავუშვათ, საქართველოს მთავრობას არ მოესურვება. მაგალითად, არა მგონია, მან აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის სეპარატისტ ლიდერებთან პირდაპირი საუბრების გამართვა შეძლოს, როგორც ამას სემნები აკეთებს. ანუ კონცენტრაციის სფერო ბევრად უფრო შეზღუდული და, შესაძლოა, ნაკლებად ეფექტიანი იყოს“, - ამბობს ლობიაკასი.

დიპლომატების ინფორმაციით, ელჩების დონეზე დახურულ კარს მიღმა გამართული დისკუსიების დროს ეშტონი და მისი მთავარი თანაშემწე, ბრიტანელი დიპლომატი რობერტ კუპერი, აცხადებდნენ, რომ მომავალში ევროკავშირმა საგანგებო წარმომადგენლები მხოლოდ სამ კონკრეტულ სიტუაციაში უნდა დანიშნოს: როცა ევროკავშირი არანაირი ფორმით არ იქნება წარმოდგენილი რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენის ან კრიზისის ადგილას; რეგიონებში, რომლებსაც სტრატეგიული ყურადღება ესაჭიროებათ; და გამონაკლის ქვეყნებსა თუ კრიზისებში - მაგალითად, ბირმაში.

გავრცელებული ხმებით, ეშტონსა და კუპერს უკვე არსებული პოსტების გაუქმების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე პირდაპირ არ უსაუბრიათ, მაგრამ, გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად, ეშტონმა სახელის დაკონკრეტების გარეშე რამდენჯერმე განაცხადა, ზოგიერთი წარმომადგენელი პრობლემებს ქმნის თავისი დამოუკიდებელი შეხედულებებითო. ეს ბევრმა ევროკავშირის მსხვილი წევრი ქვეყნების შეშფოთების გამოხატულებად აღიქვა - რომ სემნები და სხვა წარმომადგენლები მათ რუსეთის მსგავს პარტნიორებთან ურთიერთობას ურთულებენ.
XS
SM
MD
LG