Accessibility links

logo-print

ეშტონი ოპოზიციას და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება


საქართველოში იმყოფება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ბარონესა კეტრინ ეშტონი. ვიზიტის წინ, მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დემოკრატიის განვითარების და კანონის უზენაესობის დასამკვიდრებლად ევროკავშირი საქართველოს მხარდაჭერას აღმოსავლეთის პარტნიორობის და სამეზობლო პოლიტიკის პროგრამათა ფარგლებში განაგრძობს. ეშტონი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის მზადყოფნას, კონფლიქტები მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური მეთოდებით მოაგვაროს. ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებს, ოკუპირებული ტერიტორიებისადმი სახელმწიფო სტრატეგიის შესაბამისად და დაზარალებული მოსახლეობის ინტერესთა გათვალისწინებით, კონფლიქტურ რეგიონებთან დიალოგი განაახლოს. ”ევროკავშირი მის სადამკვირვებლო მისიას სტაბილურობის აუცილებელ ფაქტორად მიიჩნევს და კონფლიქტების მოგვარების პროცესში კვლავ აქტიურად იქნება ჩართული, არსებული მექანიზმების გამოყენებით,” - ნათქვამია კეტრინ ეშტონის განცხადებაში. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად დღეს ბათუმში ჩავა. საღამოს კეტრინ ეშტონი ოპოზიციის წარმომადგენლებს და საგარეო საქმეთა მინისტრს თბილისში შეხვდება.
XS
SM
MD
LG