Accessibility links

logo-print

ბერნარ კუშნერი თბილისში შეხვედრებს მართავს


ბერნარ კუშნერი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი (მარჯვნივ) და მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

ბერნარ კუშნერი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი (მარჯვნივ) და მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი დღეს ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებს "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს ირაკლი ალასანიას, "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერს ნინო ბურჯანაძეს, "სამართლიანი საქართველოს" წარმომადგენელს პეტრე მამრაძეს და "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთ ლიდერს თინა ხიდაშელს შეხვდა.

ბერნარ კუშნერთან საუბრის შემდეგ ”დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მათ საგარეო პოლიტიკის გარდა, ქვეყნის შიდა პრობლემებზე, კერძოდ, დემოკრატიის არარსებობაზე იმსჯელეს. რესპუბლიკური პარტიის წევრის თინა ხიდაშელის თქმით, ბერნარ კუშნერი, რომელიც აგვისტოს ომისას საქართველოს ინტერესთა დასაცავად იბრძოდა, დღეს საუბრობს გონივრულ პოლიტიკაზე და იმის შესახებ, რომ საქართველომ ახალი შეიარაღებული კონფრონტაცია არ უნდა დაუშვას. მოძრაობის ”სამართლიანი საქართველოსთვის” წარმომადგენლის პეტრე მამრაძის განცხადებით, საფრანგეთი საქართველოში არსებული კონფლიქტების მოსაგვარებლად რუსეთის ჩართულობას აუცილებლად მიიჩნევს. ბერნარ კუშნერთან შეხვედრის შემდეგ ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ საქართველოში ადამიანის უფლებათა დასაცავად და მომავალი არჩევნებისთვის ჯანსაღი პოლიტიკური გარემოს ჩამოსაყალიბებლად საფრანგეთი გააქტიურებას აპირებს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღესვე "ევროპის სახლში" დიპლომატიური კორპუსის, ოპოზიციისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართა დიალოგი თემაზე - ”ევროპა: წარსული და მომავალი გამოწვევები”. შეხვედრაზე მას რუსეთის ოკუპაციის შესახებ შეკითხვა დაუსვეს. ბერნარ კუშნერმა განაცხადა, რომ მთავარია არა სიტყვა ოკუპაცია, არამედ ოკუპაციის დასრულება. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებობს პრეზიდენტების სარკოზის, მედვედვის და სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება, რომლის შესასრულებლად დიალოგი უნდა გაგრძელდეს. კუშნერმა აღნიშნა, რომ სირთულის მიუხედავად, საქართველომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი უნდა დაიწყოს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი საქართველოში გუშინ ღამით ჩამოფრინდა და მას საქართველოს პრეზიდენტი რეზიდენციაში საფრანგეთის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საზეიმო ტორტითა და ფეიერვერკებით დახვდა. კუშნერმა აღტაცება არ დამალა საფრანგეთის დროშის ფერებით მორთული ტორტისა და მშვიდობის ხიდთან მოწყობილი ფეიერვერკის გამო.
XS
SM
MD
LG