Accessibility links

logo-print
ტელევიზორს კარგა ხანია აღარ ვუყურებ. სხვათა შორის, ჩემი საყვარელი „არტეც“ აღარ მაინტერესებს. და მით უმეტეს აღარ მაინტერესებს რეიტინგული ქართული ტელეშოუები. დედაჩემი უყურებს ხოლმე. თუმცა, ბოლო დროს ხშირად იმეორებს, უინტერესო გადაცემა იყო, სულ ახალი ხალხია, აღარავის ვიცნობ და აბა რაში მაინტერესებს მათი პირადი ცხოვრებაო.

მაგრამ „ნანუკას განსაკუთრებული შოუს“ საყურებლად მაინც მოემზადა; პრეზიდენტის მოსმენა უნდოდა „არაფორმალურ ვითარებაში“, ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, „უჰალსტუხოდ“.

რაღაც სოციალური სიუჟეტით დაიწყო, მერე სიმღერებით გაგრძელდა.. ზაზა შენგელიაც გამოჩნდა – „ნანუკას შოუს“ მიმართ ბევრი კომპლიმენტით. გადაცემის წამყვანმაც დრო იხელთა და წინასწარ უპასუხა კრიტიკოსებს, თეთრი რომ ჩავიცვა, მეტყვით შავი რატომ არ გაცვიაო...

მე თავშიც არ მომივიდოდა შენიშვნა ტანსაცმელზე. არც „ნანუკას შოუს“ კრიტიკა, რადგან – აკი ვთქვი უკვე – არ ვუყურებ ტელევიზორს და არ მაქვს უფლება ვაკრიტიკო ის, რაც არ მინახავს.

ახალი ბლოგის წერა დავიწყე. ჩვენს რადიოში გადაცემულ გიორგი მაისურაძის ინტერვიუზე მინდოდა გამომეთქვა რამდენიმე მოსაზრება. მაგრამ დედაჩემმა დამიძახა, შეუძლოდ ვარ და წნევა გამისინჯეო.

ტელევიზორი ჩართული ჰქონდა. წნევა გავუზომე და გვერდზე დავუჯექი. გადავწყვიტე, მისი ყურადღება თავბრუს ხვევებიდან „ნანუკას შოუზე“ გადამეტანა.

ვერანაირად ვერ გავართე. ვერაფრით ვათქმევინე ის, რასაც ხშირად მეუბნება ხოლმე: „შენ არაფერი მოგწონს!“... მოკლედ, ვერ იყო ხასიათზე. უფრო მეტიც, ტელევიზორის გამორთვა მთხოვა და, ჩემდა გასაკვირვად, არც პრეზიდენტის გამოჩენაზე ჰქონდა რეაქცია.

ჩაეძინა.

პირველივე თემამ მიიპყრო ჩემი ყურადღება – აღმოჩნდა, რომ თვითმფრინავის რეისი თბილისი-ბათუმი ლამის პირადად მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა ყოფილა. მერე „ჩუსტებზე“ ჩამოვარდა ლაპარაკი. პრეზიდენტმა გვითხრა, რომ სახლში არ აქვს ჩუსტები („სახლში მივდივარ, ყველაფერს ვიძრობ და ვიძინებ“). მობილური ტელეფონი კი, ნანუკას სიტყვით, „ისეთი“ აქვს (ჟურნალისტის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, „უბრალო“). საუბარი ბათუმის სანაპიროზე გადაიღეს – მშვიდი და კამკამა ზღვის ფონზე. ოფიციანტებით, რომლებიც დროდადრო შემოდიოდნენ კადრში და რაღაცას ცვლიდნენ მაგიდაზე.

სცენის დიზაინმა პირადად მე გამახსენა ძველი ქართული ფილმი „სად არის შენი ბედნიერება, მზია?“. 1959 წელს გადაღებული ეს სურათი იმის ნიმუშია სწორედ, რომ საქართველოში, მათ შორის, ქართულ კინოში, „ოტტეპელმა“ რამდენიმე წლით დააგვიანა და რომ სტალინური ესთეტიკა რუსეთზე უფრო დიდხანს შემოგვრჩა. იქაა, იმ ფილმში, ეს ტკბობა „სტალინური ამპირით“, ხასხასა თეთრი აივნებითა და დაბალი ჰორიზონტებით, რომლითაც უფრო წარმოსადეგი ჩანს ადამიანი. ჟანრებიც ისეა აღრეული, როგორც ამ გადაცემაში – ამ ძალიან რეიტინგულ გადაცემაში, სადაც რამდენჯერმე ახსენეს სიტყვა „გულწრფელობა“, „გულწრფელი“.

„სად არის შენი ბედნიერება, მზია?“ გარდამავალი ეპოქის ფილმია. ამიტომაცაა ეკლექტიკური. აი, ამ გადაცემის მსგავსად, სადაც საქართველოს პრეზიდენტის „გაუბრალოება“, საუბარი „ჩუსტებზე“, ჩემი აზრით, მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა – პრეზიდენტისგან „პოპვარსკვლავის“ შექმნას. იმ ვარსკვლავისა, რომელსაც თავისი ფანკლუბი ეყოლება – ფანკლუბი სახელად „საქართველო“.

ვერ გეტყვით, ვისი იდეა იყო ეს ინტერვიუ – თავად გადაცემის ავტორების, თუ საქართველოს პრეზიდენტის. იქნებ სულაც აჭარის ხელისუფლების? საკურორტო სეზონის დასაწყისში პრეზიდენტმა ხომ ისეთივე რეკლამა გაუკეთა აჭარას, როგორიც თავის დროზე მიხაილ გორბაჩოვმა „პიცას“... ახლა ეს არაა საინტერესო.

საინტერესო სხვა რამეა. მაშ რატომ აიღეს სტალინის ძეგლი თუკი სტალინიზმი ვერ "ამოიძირკვა" ჩვენი ტვინებიდან?

აშკარაა, რომ ჩვენი ხელისუფლება და მასთან დამეგობრებული მედია ვერა და ვერ ემიჯნება ამ ესთეტიკას – კვაზიუშუალობას, კვაზიიმპროვიზაციულობას (ჰილარი კლინტონის „შარდენზე“ გასეირნებისა არ იყოს). ხასხასა, თეთრი აივნების და დაბალი ჰორიზონტების ესთეტიკას – გაპრიალებული ქვეყნის ესთეტიკას, რომელსაც ისევ იმ დავიწყებულ და, თუ არ ვცდები, დაკარგულ „მზიას“ თუ გავიხსენებთ, ერთი სახელი აქვს – სიყალბე!

გარედანაა მხოლოდ გაპრიალებული. შიგნიდან კი, სავსებით შესაძლებელია, ყარდეს.

მეჭირა ხელში ეს წნევის აპარატი და ბავშვობის ხანის ერთ თამაშს ვიხსენებდი. რაღაცით „სიმართლის დროს“ ჰგავდა. ერთმანეთს რაღაცებს ვუყვებოდით და ვცდილობდით, გამოგვეცნო, სადაა სიმართლე და სად - ტყუილი. თამაშის დროს ხშირად ვჩხუბობდით და ხშირად ვახსენებდით ერთმანეთს, რომ არ არსებობს მანქანა, რომელიც ტყუილის ხარისხს დაადგენდა – სიყალბის დონეს განსაზღვრავდა.

ღმერთმა დაგვიფაროს! ასეთი აპარატი მთლად დეპრესიაში ჩააგდებდა სრულიად საქართველოს, რადგანაც შეიძლებოდა დამტკიცებულიყო, რომ სიყალბის ხარისხი ქართულ პოლიტიკაში, კულტურაში, მედიაში, თეატრში, კინოში, არასამთავრობო სექტორში, ეკლესიაში - უსაზღვროდ, უსაზღვროდ მაღალია.

სწორედ ისეთი, როგორიც სტალინური ამპირის უკანასკნელ ნიმუშში, 1959 წელს გადაღებულ ფილმში „სად არის შენი ბედნიერება, მზია?“. ამ გასაოცარ სიყალბეს ხალხი უყურებდა. იცოდა, რომ სიყალბე იყო და მოსწონდა – მოსწონდა სიყალბეში ცხოვრება, რადგან ფსევდოკლასიცისტური ესთეტიკა მას დაცულობის, სიმშვიდის ილუზიას უქმნიდა. ხალხმა იცოდა, რომ სიმართლე სულ სხვაგანაა, სასტიკი სიმართლე. მაგრამ მას მაინც ამ სითეთრის ყურება სიამოვნებდა.

„შეხედე რა, შეხედე!“ – ვეხვეწებოდი დედაჩემს. ძალიან მინდოდა, ცოტა მაინც გამოცოცხლებულიყო ამ აუტანელ სიცხეში. მით უმეტეს, რომ საქართველოს პრეზიდენტს თითქმის „ოჯახის წევრად“ მიიჩნევს და თუ აკრიტიკებს, აკრიტიკებს ისე, შვილებს რომ კიცხავენ ხოლმე.

მაგრამ არ მოინდომა. „ო, მომბეზრდა!“ – მითხრა და გააგრძელა ძილი. დედაჩემმაც კი (რომელსაც „სად არის შენი ბედნიერება, მზია?“ ახალგაზრდობის ტკბილ მოგონებად ახსოვს), არ მოინდომა ტკბობა გაპრიალებული სამყაროთი.

დღეს „ნანუკას შოუს“ ერთი მაყურებელი დააკლდა დედაჩემის სახით. პოპულარული გადაცემის რეიტინგზე ეს, ცხადია, არ იმოქმედებს. მე კი, იმედია, გამივლის გაბრაზება.

დედა როცა ცუდად მყავს, ყველაფერი მაღიზიანებს!

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG