Accessibility links

logo-print

ნიქოზელები და ხვითელები წყალს და კომპენსაციას მოითხოვენ


კონფლიქტის ზონის მოსახლეობა სარწყავი წყლის გარდა კომპენსაციასა და სოციალურ დახმარებას ითხოვს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ სალთვისის და ტირიფონის სარწყავი არხები გადაკეტა, რის გამოც 10-ობით სოფელში მოსავალი გახმობის პირასაა. სოფელ ნიქოზში აგებული წყალსაცავი გორის რაიონის სოფლებს ჯერ სრულად ვერ ამარაგებს. საჭიროა დამატებითი წყალსაქაჩების მოწყობა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, თუ მოსავალი განადგურდა, ისედაც მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი სოფლები შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდებიან. ნიქოზელები და ხვითელები ხელისუფლებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი ნაკვეთების გამო, რომლებსაც ორი წელია ვერ ამუშავებენ, კომპენსაციას სთხოვენ.

გუშინ კონფლიქტის ზონის სოფლებში დეპუტატები შოთა მალაშხია, ჯონდი ბაღათურია და მხარის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი ჩავიდნენ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის შოთა მალაშხიას აზრით, წელს ნიქოზის წყალსაცავის გამართული მუშაობა ვერ მოხერხდება, ამიტომ მისი აზრით, შექმნილი პრობლემის გამო მოლაპარაკება როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ისე რუსებთან და კოკოითის ხელისუფლებასთანაც უნდა გაგრძელდეს.

დეპუტატი ჯონდი ბაღათურია კონფლიქტის ზონის სოფლებისთვის განსაკუთრებული სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მინიჭების წინადადებით გამოვიდა. მისი აზრით, საჭიროა ადგილობრივ მოსახლეობას სოციალური შემწეობების მთელი პაკეტი მიეცეს.

მხარის გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ოსურ მხარესთან სარწყავი არხების გახსნის თაობაზე უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება. თუმცა, რთული სათქმელია, რამდენად შედეგიანი იქნება ეს მოლაპარაკება, რადგან ოსური მხარე წყლის სანაცვლოდ ახალგორის რაიონისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას ითხოვს, რაზეც ქართული მხარე არ თანხმდება.

ხვითში შეხვედრისას ცნობილი გახდა, რომ რეინტეგრაციის სამინისტრო კონფლიქტის ზონის სოფლებისთვის სპეციალურ ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს, რომელიც ამ თვის ბოლოს იქნება მზად.

კონფლიქტის ზონაში შექმნილი ჰუმანიტარული პრობლემების შესახებ საუბარი 27 ივლისს ჟენევის დისკუსიის მორიგ რაუნდზე გაგრძელდება. ოსური მხარე სარწყავი არხების გახსნის სანაცვლოდ ახალგორისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას ითხოვს. ქართული მხარე კი ამას იმ მოტივით არ აკეთებს , რომ გაზს რუსულ სამხედრო ბაზებზეც გამოიყენებენ. მხარეებს შორის პოლიტიკური დაპირისპირების გამო ყველაზე მეტად როგორც ქართული, ისე ოსური მოსახლეობა ზარალდება.
XS
SM
MD
LG