Accessibility links

ბერნარ კუშნერი ტერმინ ”ოკუპაციას” დიპლომატიურად უდგება


ბერნარ კუშნერი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ბერნარ კუშნერი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში ორი ქვეყნის მეგობრობისა და პარტნიორობის კიდევ ერთხელ დადასტურებას ისახავს მიზნად, - დაახლოებით ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ბერნარ კუშნერის ვიზიტის წინ საფრანგეთის საელჩომ საქართველოში. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ სტუმრის დასახვედრი მზადება საქართველოში ერთი შეკითხვის ფონზე მიმდინარეობდა, შეკითხვა კი ასეთია - გამოიყენებს თუ არა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტერმინ ”ოკუპაციას” რუსეთის ქმედებებთან მიმართებით საქართველოს ტერიტორიაზე, ისევე როგორც ეს მისმა ამერიკელმა კოლეგამ ჰილარი კლინტონმა გააკეთა. თბილისში გამართული შეხვედრების შემდეგ ნათელი გახდა, რომ ევროპელი მინისტრი ამ ტერმინს მეტი დიპლომატიურობით უდგება.

ბერნარ კუშნერმა თბილისში გამართულ შეხვედრებზე არაერთხელ გაიმეორა, რომ საფრანგეთს ომგამოვლილი საქართველო არ დავიწყებია, რომ კვლავაც აქტიურად გულშემატკივრობს მას და, რაც მთავარია, ურყევია პარიზის პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით:

”მინდა, რომ ნათელი ვიყო. ჩვენთვის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონები, ეს არის საქართველოს რეგიონები, ტერიტორიები, რომლებიც საქართველოს ეკუთვნის. ეს არის ქართული ტერიტორიები - ეს მარტივია... და ჩვენ ვეცდებით, რომ უფრო მეტი თავდადებით, მეტი ეფექტურობით ვიმუშაოთ იმისთვის, რომ, როგორც სარკოზის შეთანხმებაში ითქვა და როგორც ჩვენ უკვე არაერთხელ განვაცხადეთ, ეს რეგიონები საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდნენ... არანაირი ორაზროვნება საფრანგეთის პოზიციაში ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს... ”

ეს განცხადება ბერნარ კუშნერმა 15 ივლისს გააკეთა, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, სადაც მან პრეზიდენტ სააკაშვილისგან არაერთი გულითადი მადლობა მიიღო. ითქვა, რომ საქართველოში კარგად ახსოვთ ბერნარ კუშნერის გმირული აქტიურობა 2008 წლის აგვისტოში იმ 6-პუნქტიანი შეთანხმების მომზადების პროცესში, რომელიც იმხანად ევროკავშირის მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ასევე გმირული შუამავლობით გაფორმდა.

თავად ბერნარ კუშნერი კი იხსენებს, რომ საფრანგეთმა მაშინ ყველაფერი გააკეთა რუსეთის არმიის შესაჩერებლად, რათა ის თბილისში არ შემოჭრილიყო და ეს მოახერხა კიდეც.

რაც შეეხება აწმყოს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისიც კარგად იცის, რომ რუსეთს ბოლომდე არ შეუსრულებია 2008 წლის აგვისტოში გაფორმებული შეთანხმების პირობები, მაგალითად, არ გაუყვანია ჯარი კონფლიქტამდე დაკავებულ პოზიციებზე და დღემდე არ უშვებს ევროკავშირის მეთვალყურეებს საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. მაგრამ, მისი აზრით, საქართველო ყველაფერ ამას კვლავაც დიდი მოთმინებით უნდა მიუდგეს. ბოლოს და ბოლოს, 2 წელიწადი, რაც ამ საზარელი მოვლენის შემდეგ გავიდა, ”ცოტა დროა” პრობლემების ბოლომდე მოსაგვარებლად.

საყურადღებოა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 15 ივლისს გამოხატული მადლიერება საქართველოსთვის ერთ მეტად პრინციპულ აქცენტს - ტერმინ ოკუპაციასაც - უკავშირდებოდა:

”მე ვარ მადლობელი იმისა, რომ ბერნარ კუშნერმა დღესაც გამოსვლაში და არაერთხელ ადრეც უხსენებია სიტყვა ”ოკუპაცია”, იმიტომ რომ ეს სიტყვა ზუსტად აღწერს სიტუაციას, რაც ხდება ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში. ეს აძლევს იმედს 500 ათასამდე ყველა ეთნიკური წარმომავლობის ქართველ დევნილს, რომლებიც გამოყრილნი არიან საკუთარი სახლებიდან მრავალეთნიკური წმენდის შედეგად, რომ იფიქრონ საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე და, რა თქმა უნდა, ეს აძლევს საქართველოს მომავლის და განვითარების პერსპექტივას. ”

ომის შედეგებზე მსჯელობისას, ბერნარ კუშნერმა მართლაც განსაკუთრებული თანაგრძნობით გამოყო დევნილების პრობლემები - იმ გამწარებული და გაწამებული ადამიანების პრობლემები, რომლებსაც აუცილებლად უნდა მიეცეთ საშუალება დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. ასეთ პერსპექტივასთან დაკავშირებულ იმედებზე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 15 ივლისს პირადადაც ესაუბრებოდა დევნილებს, როცა ის კოდაში ჩავიდა.

თუმცა, აი, ტერმინ ოკუპაციასთან დაკავშირებული თბილისის ოპტიმიზმის მიუხედავად კი, აშკარაა, რომ ევროპელი დიპლომატი ამ ტერმინს ფრთხილი დიპლომატიური ხერხებით უდგება. 15 ივლისს ევროპის სახლში შეკრებილ პოლიტიკოსებს, ექსპერტებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არაერთხელ აარიდა თავი რუსეთის ქმედებებისთვის ოკუპაციის დარქმევას. კუშნერი ფიქრობს, რომ მხოლოდ ოკუპაციის ძახილით საქმე ვერ გაკეთდება:

”მარტივია, ვთქვათ, რომ არის ოკუპაცია... მაგალითად, წარამარა ვამბობთ, რომ პალესტინამ მოახდინა ტერიტორიის ოკუპაცია, მაგრამ ტერიტორია მაინც ოკუპირებულად რჩება... სიტყვა ოკუპაცია კი არ ახდენს საკითხის დარეგულირებას, არამედ პოლიტიკური გამოსავალი უნდა გამოიძებნოს და რაც შეიძლება აქტიურად უნდა იმოქმედოთ... მარტო ეს ერთი სიტყვა ვერ გადაწყვეტს იმ პრობლემას, რომ რუსებმა თავიანთი ჯარები გამოიყვანონ და საწყის პოზიციებს დაუბრუნდნენ. ჩვენ ამ ვალდებულებას მუდამ შევახსენებთ რუსეთს... ”

ევროპის სახლში შეკრებილი საზოგადოების წინაშე გამოსვლისას ბერნარ კუშნერმა საქართველოს რუსეთთან დიალოგი ურჩია. ის ფიქრობს, რომ დიალოგი უნდა იყოს პირდაპირი, მაგრამ ფორმატის საკითხი მაინც ”საქართველოს გადასაწყვეტია”. ამასთან, გასათვალისწინებელია საერთაშორისო შუამავალთა როლიც ისევე, როგორც ეს ჟენევის მოლაპარაკებებზე ხდება. საქართველოს მხრიდან რუსეთთან ურთიერთობების გადახედვის აუცილებლობა ბერნარ კუშნერმა იმითაც ახსნა, რომ ამჟამად ევროპა, ისევე როგორც შეერთებული შტატები, ცდილობს მეტი საერთო ენა გამონახოს რუსეთთან და ამას ბოლო დროს ვარშავა და კიევიც ცდილობენ. კუშნერი იმედოვნებს, რომ ამ პროცესში რუსეთიც სასიკეთოდ იცვლება.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თვლის, რომ პრობლემების გადაწყვეტის გარანტია საქართველოსთვის, უპირველეს ყოვლისა, თავად საქართველოა და მას ევროპა ყოველმხრივ უჭერს მხარს. სხვა საკითხია, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას ბერნარ კუშნერი მეტად რთულ და ხანგრძლივ პერსპექტივად მიიჩნევს, თუკი ეს საერთოდ ოდესმე მოხდება. მას უფრო ჰგონია, რომ ევროკავშირის გაფართოება 27-დან მაქსიმუმ 34 წევრამდე შეიძლება მოხერხდეს, აქ კი ამ ეტაპზე ნამდვილად არ იგულისხმება საქართველო. თუმცა ამან ქვეყანა არ უნდა დაამუხრუჭოს, ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოების გზაზე.

სტანდარტები კი, უპირველეს ყოვლისა, დემოკრატიის განვითარებას: ადამიანის უფლებების დაცვას, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მედიის თავისუფლებას უკავშირდება. ეს თემა ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა შეხვედრაზე, რომელიც ბერნარ კუშნერმა 15 ივლისს არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან დილის 9 საათზე გამართა. საქმიან საუზმეზე დაპატიჟებული იყვნენ: ნინო ბურჯანაძე, პეტრე მამრაძე, თინა ხიდაშელი და ირაკლი ალასანია. პარტია ”ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია კმაყოფილია დაპირებით, რომ საფრანგეთი აქტიურად იმონაწილევებს მომავალი არჩევნებისთვის ხელსაყრელი პოლიტიკური გარემოს შექმნის პროცესშიც.

თბილისში გამართული შეხვედრების შემდეგ, თავისი, დაახლოებით, 20-საათიანი ვიზიტი საქართველოში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 15 ივლისს კოდაში დევნილების მონახულებით დაასრულა.
XS
SM
MD
LG