Accessibility links

logo-print

საქართველოს მეტი ტურისტი სტუმრობს


საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტურისტული ცნობარები

საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტურისტული ცნობარები

საქართველოს მთავრობა არ მალავს, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქვეყანაში ტურიზმის აღორძინებას, რისთვისაც ბიუჯეტიდან მნიშვნელოვან თანხებს ხარჯავს. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მთავრობის ეს ძალისხმევა შესაბამისად აისახება საქართველოში ჩასული ტურისტების რაოდენობაზე. ოფიციალური მონაცემებით, წელს საქართველოს 36 პროცენტით მეტი ტურისტი ესტუმრა, ვიდრე შარშან. რა განაპირობებს ტურისტების საქართველოთი დაინტერესებას და რა აფერხებს საქართველოში ტურიზმის განვითარებას?

2010 წლის ექვს თვეში საქართველოს 780 ათასი ტურისტი ესტუმრა, მაშინ როდესაც გასული წლის მაჩვენებელი მხოლოდ 570 ათასი იყო - ასეთია ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ წარმოებული სტატისტიკის შედეგი, რომლის მიხედვითაც საქართველოში ჩამოსული ტურისტების თითქმის ოთხმოცი პროცენტი ევროპის ქვეყნებზე მოდის. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გურამ ასათაშვილი ამბობს, რომ სტატისტიკა უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა, საქართველო საკუთარ შესაძლებლობებს სათანადოდ რომ იყენებდეს:

„საქართველო თავისი ტურისტული რესურსის 20-25 პროცენტს იყენებს. დანარჩენი არის აღმოუჩენელი (ანუ მათი პოპულარიზაცია არ ხერხდება) და, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, განუვითარებელი. სადაც ინფრასტრუქტურა არ არის, რთულია იქ ბიზნესის დაწყება და ტურისტების მოზიდვა.“

ტურისტების მოზიდვას, ბიზნესის დაწყებასა და ინფრასტრუქტურის განვითარებას კი არაერთი ფაქტორი აფერხებს - ისეთი, როგორიცაა რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ცუდი ადმინისტრირება. ამ უკანასკნელის შესახებ ვრცლად ილაპარაკა პრეზიდენტმა სააკაშვილმა მთავრობის ერთ-ერთ უკანასკნელ სხდომაზე:

„ვნახე ტურიზმის დეპარტამენტის ახალგაზრდა ხელმძღვანელის გამოსვლა. ეს იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა ლაპარაკობდეს თანამდებობის პირი... უაზროდ და უშინაარსოდ... ნიკა გილაურმა მითხრა, ვიცოდი, რომ ძალიან სუსტი იყო, ოთხი თვის წინ მთავრობის სხდომიდან გავაგდეო. თუ გააგდე სხდომიდან, უნდა გააგდო სამსახურიდანაც.“

თუმცა, ცხადია, ტურიზმს მხოლოდ ცუდი ადმინისტრატორის სამსახურიდან გაშვებაც ვერ უშველის. საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელის ნატა კვაჭანტირაძის თქმით, საქართველოში ტურისტების მოსაზიდად არც ზღვა და თოვლიანი მწვერვალები კმარა:

„საუბარია ინფრასტრუქტურაზე, საუბარია სერვისის გაუმჯობესებაზე... ამასთან, ფასები სერვისთან მიმართებაში არ არის თანხვედრილი. ამას ყველაფერს დაბალანსება სჭირდება. ხელს უშლის პოლიტიკური სიტუაცია, არასტაბილურობა, ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ჯერ არ დასრულებულა. ეკონომიკა კი განაპირობებს დამსვენებლის დასვენების მასშტაბებს.“

ნატა კვაჭანტირაძე ლოგიკურ ახსნას უძებნის უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ჩასული ტურისტების რიცხვის ზრდას, თუმცა, მისი თქმით, სრულფასოვანი ანალიზის გაკეთების შესაძლებლობა მხოლოდ ოქტომბერში იქნება, როცა ტურისტული სეზონი დასრულდება. მანამდე კი საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ თვალშისაცემად გაიზარდა ტურისტების წილი მეზობელი ქვეყნებიდან:

„ამ ყველაფერს ხელი შეუწყო საქართველო-თურქეთის პარტნიორულმა ურთიერთობამ, ახალი სასტუმროების გამოჩენამ, ფესტივალების დაგეგმვამ და სხვა ღონისძიებებმა.“

ტურისტების მოზიდვა რომ იოლი საქმე არაა, ამის შესახებ ბევრი ითქვა საქართველოში სამთო ტურისტული ცენტრების განვითარებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, რომელიც ორიოდე კვირის წინ თბილისში გაიმართა. კონფერენციის მონაწილემ, დასვენებისა და ტურიზმის მართვის სფეროში ცნობილი კომპანიის - „სკიდატას“ - წარმომადგენელმა ფილიპ ჰენდლმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ, სათანადო ძალისხმევის შემთხვევაში, საქართველოს სამთო კურორტებს ტურისტები აუცილებლად ეწვევიან:

„საქართველოში არის თავისუფალი სრიალის მეტი შესაძლებლობა. ძალიან მომწონს ეს ორი კომბინაცია: შეგიძლია ისარგებლო სათხილამურო ტრასით ან ვერტმფრენის გამოყენებით დაეშვა მწვერვალიდან. ამ კუთხით საქართველოში მეტი შესაძლებლობაა. ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ავსტრიელი და, ზოგადად, ევროპელი ტურისტები სიახლის ძიებაში არიან. მათთვის საინტერესოა როგორც განსხვავებული კულტურა, ასევე რელიეფი და ინფრასტრუქტურა. ასე რომ, პერსპექტივას ამაშიც ვხედავ.“

პერსპექტივა შესაძლებლობიდან საქმედ რომ იქცეს, მთავრობის დიდი ძალისხმევაა საჭირო. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა ბრიფინგზე, რომელიც 13 ივლისს გამართა. ამასთან, მინისტრმა გამოაცხადა კონკურსი თემაზე “საქართველოს ტურიზმისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარება”. ქობალიას თქმით, სამინისტრო იწყებს ახალ ეტაპს ტურიზმის განვითარების მიმართულებით. "უნდა ჩამოვაყალიბოთ ახალი ხედვა ეკონომიკის აღნიშნულ სექტორთან დაკავშირებით. ჩვენი ამოცანაა საქართველო ვაქციოთ მსოფლიო ტურისტული ბაზრის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ“, განაცხადა ვერა ქობალიამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG