Accessibility links

logo-print
ვუძღვნი ძვირფას ადამიანს, ბატონ იური ვაჩნაძეს

დილის შვიდ საათზე ავდექი. კიდევ კარგი, მაღვიძარამ დარეკა. უცნაური განცდა მქონდა: პირველად მრავალი წლის შემდეგ, ორი დღით და ორი ღამით მივდიოდი სოფელში, ჩემი პაპა-ბებოს სახლში.

წესით, მთლად კარგ ხასიათზე არ უნდა გამღვიძებოდა. მიზეზი, რის გამოც ჩემი სოფლის სახლისკენ, კარგა ხანია, გული აღარ მიმიწევდა, ისევ მიღრღნიდა მეხსიერებას.

მაშინ, მრავალი წლის წინ, აკურის სახლში ოთხი ახალგაზრდა ქალი ვიყავით: ჩემი დისშვილი, ჩემი ორი მეგობარი და მე. ყველას ეძინა. დენი, როგორც ყოველთვის, იმ ღამითაც გათიშული იყო, მე კი ლამპის შუქზე რაღაცას ვკითხულობდი. უცებ აივანზე, ანუ ორიოდე მეტრის იქით, ხმაური შემომესმა. კიდევ და კიდევ. გარეთ გახედვა არც მიფიქრია, ჩემი მეგობრები გავაღვიძე და ვუთხარი ფრაზა, რომელსაც დღემდე ხალისით იხსენებენ: „ან მე გავგიჟდი, ან აივანზე ვიღაც დადის“. იმ ღამეს დიდი ხნით დავკარგე აკურაში ყოფნის ხალისი. გარეთ გასვლა ვერ გავბედეთ. ხოლო ადამიანმა, რომელიც აივანზე გაუთავებლად დაბორიალობდა, ირგძნო, რომ შეგვაშინა და კიდევ უფრო არხეინად გააგრძელა კარის სახელურების ტრიალი და გარეთ დარჩენილი სავარძლების რიხინ-რიხინით გადაადგილება. როგორც მეორე დილით გავარკვიეთ, სავარძელი ერთ-ერთი ოთახის კართან მიუდგამს. ალბათ, კარის ზემოთ გაჭრილი შემინული სარკმლიდან ცდილობდა დანახვას, ოთახში რა ხდებოდა.

ის დღე იყო და ის დღე... აკურაში ღამისთევით ხომ აღარ წავსულვარ და დღისით–მზისითაც – ათასში ერთხელ. ამასობაში, ათ წელზე მეტი გავიდა. სახლის კედლები დაიბზარა, აივანი ჩამოსანგრევი გახდა („ის“ აივანი არა, მეორე), კიბე მოირყა. მოკლედ, ან უნდა დამეძლია შიშისგან შემორჩენილი ღრმად უსიამოვნო განცდა და სახლში საცხოვრებლად დავბრუნებულიყავი - რაც მის მოვლას და შეკეთებას გულისხმობს - ან საერთოდ უარი უნდა მეთქვა სოფელზე.

სწორედ ამიტომ, დილის შვიდ საათზე შესანიშნავი განწყობით გავიღვიძე – ბოლოს და ბოლოს, აკურაში მივდიოდი. რვაზე ვალერიმ გამომიარა მანქანით (ჩემი ბიძაშვილია), მერე ნანას გავუარეთ (ჩემი დეიდაშვილია, შეგიძლიათ, უფროსი და იგულისხმოთ) და კახეთში წავედით, ვალერი – თავის სახლში, ნანა და მე – ჩვენს საერთო სახლში. მადლობა ღმერთს.

ძალიან უცნაურად მეჩვენა, მაგრამ პირველივე განცდა, რომელიც მრავალი წლის შემდეგ საკუთარ სახლში დაბრუნებულს დამეუფლა, „გაცდენილი“ წლების განულება იყო. ზუსტად იმავე დროში დავბრუნდი, რომელშიც იქაურობა დავტოვე. არც დენი დაგვხვდა, არც წყალი, თხევადი აირის ბალონიც დაცლილს ჰგავდა. მე არ დავდიოდი აკურის სახლში, თორემ ჩემი ოჯახის წევრები დადიოდნენ. ღამესაც ათევდნენ, ალაგებდნენ, უვლიდნენ იქაურობას, როგორც შეეძლოთ. მაგრამ, ჩემს აღქმაში, სახლი თითქოს მე მელოდებოდა, უფრო სწორად - ჩემს განაჩენს. და რაკი დავბრუნდი, გუნებას ვეღარაფერი გამიფუჭებდა. ჯერ, როგორც იქნა, გაზი ჩავრთეთ, მერე - დენი მოვიდა. წყალი კი ორი დღე კოკა-კოლას ბოთლებით დაგვქონდა მეზობლებისგან. მერე რა, ადრეც ვედროთი ვეზიდებოდით. აკურაში წყალი სულ ჭირს, მით უმეტეს, გვალვაში.

ძველი წლებიდან გამოყოლილი პირველი სიამოვნება ის იყო, რომ აივანზე ნიავი ისევ განუწყვეტლივ ქროდა. მერე, შუადღისას, ბავშვობის მეგობარი გვესტუმრა, თავის გოგო-ბიჭთან ერთად. აკურის სახლი და ხალხმრავლობა ერთმანეთისგან განუყრელია. ბევრი ვისაუბრეთ პოლიტიკაზე, შემდეგ გავიხსენეთ, როგორ ვთამაშობდით მრავალი წლის წინ ამავე აივანზე „მაფიის ღამეს“, როგორ იკრიბებოდა საღამოობით აკურის ახალგაზრდობა ჩვენს სახლში და როგორ გვთხოვდნენ მეზობლები: ცოტა დაბალ ხმაზე ებრძოლეთ მაგ მაფიოზებსო, თუ ვინც არიანო.

საღამოს რომა ქევხიშვილი მოვიდა. აკურელია. ახალგაზრდა, ენერგიული ჟურნალისტია და ფეისბუკელები კარგად იცნობენ. მოგვართვა საზამთრო და ვაშლატამა. ისევ ვისაუბრეთ პოლიტიკაზე, ჟურნალისტიკაზე, ბლოგზე, სოლომონ თერნალზე. ერთი წლის განმავლობაში თითქმის ვერავინ დავაჯერე, რომ არ ვიცი, ვინ არის სოლომონი. როგორც ჩანს, რომასაც არ სჯერა, მაგრამ არ იმჩნევს.

ღამით ძალიან გვიან დავიშალეთ. ესეც აკურის ტრადიციაა - სტუმრები შუაღამისას მიდიან.

არაჩვეულებრივად მშვიდად და კომფორტულად მეძინა.

შეგრძნება, რომ სულ-სულ არაფერი შეცვლილა, მეორე დილითვე გამიმეორდა, როცა გამოღვიძებულს სახლი დალაგებულ-მოვლილი დამხვდა. ნანა ადრე დგება და სანამ მე დილის ძილს გამოვჭიმავ, მთელი დღის საქმეს ამთავრებს. ასე იყო ყოველთვის და ასეა ახლაც. აი, კიდევ, ძველებური ამბავი: შუადღისას მთვრალზე მთვრალი ნაცნობი გვეწვია, ასეთსავე მდგომარეობაში მყოფ თავის მეგობართან ერთად. აკურაში ჩვენი ეზოს და სახლის კარი ყველასთვის ღიაა. ამიტომ, მოდიან ნათესავები, მეგობრები, მეზობლები, ნაცნობები. მოგვიკითხავენ, გვეტყვიან, რომ ძალიან ვუყვარვართ, რომ სახლი არ უნდა მივატოვოთ და წავლენ. ქალები, მამაკაცები, დიდები, პატარები, ფხიზლები, მთვრალები... არ აქვს მნიშვნელობა, აკურის სახლში მუდმივი მისვლა-მოსვლაა.

მეორე საღამოს ბიძაშვილებთან წავედით სტუმრად გვერდით სოფელში, ვანთაში. ისეთი ნათელი სახლი აქვთ, ისეთი მოვლილი ეზო-ყურე, ისე საინტერესოდ საუბრობენ, ისეთ მწვადს წვავენ... მოკლედ, კახეთში ვართ.

გვიან ღამით შინ დაბრუნებულებს, აივნის მაგიდაზე ატამი დაგვხვდა. მართლა გამეცინა. წლების განმავლობაში, თითქმის არ ყოფილა შემთხვევა, რომ დილით, ახლად გაღვიძებულებს, აივნის მაგიდაზე ძღვენი არ დაგვხვედროდა - ხილი ან ბოსტნეული. ზოგჯერ - თბილი ლავაშიც. არ ვიცით, ვის მოაქვს, არც ვკითხულობთ. აკურაში ყველანაირი ძღვენი არსებობს, რაც კი ერთი ადამიანის მეორის მიმართ ყურადღებას გამოხატავს. ამჯერად, მეგობარმა ერთი ვედრო ცხელი წყალი მოგვიტანა - ეს ნამდვილად არ გექნებათო. არ გვქონდა. წყალი საერთოდ არ გვქონდა და, მით უმეტეს, ცხელი.

სულ-სულ ბოლოს, აკურის სახლის კიდევ ერთ - „ფონურ“ და მარადიულ - სიამოვნებაზე ვიტყვი: თითქმის ყოველ წუთს და საათს, როდესაც სტუმრები არ იყვნენ, ან ჩვენ არ ვიყავით სტუმრად, ნანა და მე ვკითხულობდით. ვკითხულობდით დაგემოვნებით, „გაწელილი“ სიამოვნებით. ადრე, ძველ წლებში, ამ სახლში სულ წიგნი მეჭირა ხელში, ახლა ნანა წიგნს კითხულობს, მე კი კომპიუტერს ჩავჩერებივარ. რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, რომ ვკითხულობთ, არსად გვეჩქარება, გულდინჯად ვართ და დრო ჩვენი მოკავშირეა.

აი, რა არის აკურის მთავარი ხიბლი: აქ დროს არ ებრძვი და არ ფორიაქობ, ადამიანები და წიგნები გავსებს; აქ მარადიულს გაცილებით მეტ მნიშვნელობას ანიჭებ, ვიდრე ყოფითს. უწყლობა – კოლორიტია; მთვრალი ნაცნობის სტუმრობა – სასიხარულო ამბავი; ჩამონგრევის პირას მისული მამაპაპეული სახლი კი – სტიმული, რომელიც მუდამ დაგაბრუნებს იქ, სადაც დროსთან და სივრცესთან თანხმობით ცხოვრობ.

ქალაქიდან ჩასული ადამიანისთვის სოფელში დრო ძალიან ნელა გადის, ან, საერთოდ, ადგილზე დგას... ამიტომ, როცა მის წესზე ცხოვრობ, ნათლად გრძნობ, რომ სოფელს ფესვი მარადისობაში აქვს გადგმული და შენც – დროებით – მარადისობის ზიარი ხდები.

* * *

უილიამ ფოლკნერმა ჯერ „სოფელი“ დაწერა, შემდეგ კი – „ქალაქი“. მე „სოფელი“ უფრო მომწონს და მიყვარს. ალბათ, იმიტომ, რომ ქალაქელი ვარ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG