Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესტემიროვას მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა - საქმე გაუხსნელი რჩება


ხუთშაბათს ერთი წელიწადი შესრულდა ცნობილი უფლებადამცავის, ნატალია ესტემიროვას, მკვლელობიდან. მისი თაყვანისმცემლები იხსენებენ მამაც ქალს, მის საქმეს, რომელიც ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევას უკავშირდება და ადანაშაულებენ რუსეთს, რომ ძალიან ცოტას აკეთებს ესტემიროვას მკვლელების პასუხისგებაში მისაცემად.

ნატალია ესტემიროვა შარშან გროზნოში, თავის სახლთან, გაიტაცეს. იმავე დღეს ის რამდენიმე ახლოდან ნასროლი ტყვიით მოკლული ნახეს ინგუშეთში, გზაზე. „ჰიუმენ რაიტს უოჩის“ მოსკოვის ფილიალის ხელმძღვანელი ელისონ ჯილი ასე ახასიათებს ესტემიროვას:

„ნატაშა საოცრად ნათელი ადამიანი იყო როგორც გონებით, ასევე პიროვნული გამოსხივებითა და ქარიზმატულობით. ის იყო ადამიანის უფლებათა საოცრად მოწადინებული დამცველი და მართლაც შესანიშნავი კოლეგა. მას ჰქონდა უნარი მოეპოვებინა ადამიანების ნდობა და დახმარებოდა მათ ებრძოლათ სამართლიანობისთვის.“

50 წლის ესტემიროვა მთელ მსოფლიოში იყო აღიარებული როგორც პიროვნება, რომელიც დაუღალავად იბრძოდა ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გამოსავლინებლად. მის მოკვლას ყველგან მძაფრი რეაქცია მოჰყვა. კრემლი დღემდე ამტკიცებს, რომ გამოძიება მიმდინარეობს, საქმე კი ჯერაც არაა გახსნილი. აი, რა თქვა პრეზიდენტმა მედვედევმა მკვლელობის ერთი წლისთავზე, ხუთშაბათს:

„ჯერ ერთი, არასწორია იმის თქმა, რომ გამოძიება არ მიმდინარეობს. გამოძიება მთელი ძალით მიმდინარეობს. მეორე - ასეთი საქმეების დროს სწრაფი შედეგები არასოდეს არის ხოლმე, თუ დამნაშავეს მაშინვე არ ჩაავლეს ხელი. მესამე - ზუსტად არის დადგენილი მკვლელობის შემსრულებლის, „კილერის“ ვინაობა. მეოთხე - მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. დაბოლოს, მეხუთე - ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, რათა დადგინდეს არა მარტო შემსრულებლის, რომელზეც უკვე ძებნა გამოცხადდა, არამედ ამ მძიმე დანაშაულის დამკვეთის ვინაობაც.“

„ჰიუმენ რაიტს უოჩმა“ ახლახან აშკარა ბრალდება წაუყენა მოსკოვს იმის გამო, რომ არ არის გამოძიების მიერ მიღწეული ხელმისაწვდომი შედეგები. ესტემიროვას კოლეგები აცხადებენ, რომ იმედიც აღარა აქვთ, რომ საქმე გაიხსნება.
გამოძიებამ ერთი ეჭვმიტანილი დაასახელა. ეს არის ალხაზურ ბაშაევი, ჩეჩენი მეამბოხე, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების ძალებმა 2009 წლის ნოემბერში მოკლეს. ესტემიროვას კოლეგები ფიქრობენ, რომ ეს საქმის ჩაფარცხვის მცდელობაა. მათი გნცხადებით, გამოძიება არ ითვალისწინებს გარემოებას, რომ ესტემიროვას მკვლელობასთან კავშირში შეიძლება ჩეჩნეთის პოლიტიკური მმართველობა იყოს. გამოძიება კი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ესტემიროვაზე შური იძიეს ჩეჩენი სამოქალაქო პირების მიმართ ზემოხსენებული ბაშაევის მიერ ჩადენილი დანაშულის შესახებ მისი სტატიების გამო. უფლებადამცავი ჯგუფის - „მემორიალის“ - წევრი ალექსანდრ ჩერკასოვი ამბობს:

„მთავარი ვერსია ძალიან მოსახერხებელია: მკვლელი მეამბოხეა, ამიტომაც რუსეთის ფედერაციის მოწინააღმდეგეა. მკვლელი მკვდარია, მას სასამართლოზე ბრალდების უარყოფა არ შეუძლია. ეს იმასაც ნიშნავს, რომ საქმე შეიძლება დაიხუროს. ჩვენ ვთვლით, რომ ამას მართლმსაჯულებასთან არაფერი აქვს საერთო.“

ესტემიროვა იმ იშვიათ პირებს მიეკუთვნებოდა, რომლებმაც გაბედეს და ჩეჩნეთში პრორუსული ძალების თვითნებობაზე ხმამაღლა დაიწყეს ლაპარაკი. მის საქმიანობას მოჰყვა მუქარა ჩეჩნეთის ახლანდელი მმართველის რამზან კადიროვის მხრიდან, რომელიც ყოფილი მეამბოხე, შემდეგ მოსკოვის მხარეს გადასული პირია. მის სახელს უკავშირებენ ადამიანთა წამების, გატაცების ფაქტებს. სიკვდილამდე ესტემიროვა იკვლევდა შემთხვევებს, რომლებიც, მისი კოლეგების შეფასებით, ერთობ მგრძნობიარე იყო. საქმეები ეხებოდა ჩეჩნეთის უშიშროების ძალების მიერ გაუსამართლებლად დასჯას, ასევე წამების შემთხვევებს.

„ჰიუმენ რაიტს უოჩის“ მოსკოვის ოფისის ხელმძღვანელი ელისონ ჯილი ამბობს, რომ თუკი კრემლი ესტემიროვას მკვლელებს გაასამართლებს, ეს იქნება სიგნალი, რომ მოსკოვი ჩეჩნეთში უსამართლობისა და განუკითხაობის ჯაჭვის გაწყვეტას ესწრაფვის:

„ნატაშას მკვლელების პასუხისგებაში მიცემა ბევრი ადამიანისთვის იქნებოდა სიგნალი ჩეჩნეთში და მის გარეთ, რომ უკანონობა დასრულდა, რომ ძალადობას შეიძლება ბოლო მოეღოს“...

ესტემიროვას მკვლელობის ერთი წლისთავი დაემთხვა კადიროვსა და „მემორიალს“ შორის დაძაბულობის ზრდას. ჯგუფის ხელმძღვანელმა ოლეგ ორლოვმა ბრალი დასდო კადიროვს ესტემიროვას მკვლელობაში. ამას მოჰყვა კადიროვის ჩივილი სასამართლოში, რომელმაც გაამტყუნა ორლოვი და მას მორალური ზარალის მიყენებისათვის ორი ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმაც გადაახდევინა. უფრო ადრე კადიროვმა ტელევიზიით გამოსვლისას „მემორიალს“ ხალხის, კანონის, სახელმწიფოს მტერი უწოდა. „მემორიალი“ ამტკიცებს, რომ ჩეჩნეთში მისი აქტივისტების მიმართ ძალადობა გაიზრდება. ესტემიროვას კოლეგები ფიქრობენ, რომ უფლებადამცველებზე კადიროვის ბოლოდროინდელი თავდასხმები უიმედობასაც ზრდის, რომ ესტემიროვას მკვლელებს დასჯიან, და, ამავე დროს, ხელსაც უშლის დახურონ საქმე. ელისონ ჯილი ამ სიტყვებით აღწერს ამჟამინდელ განცდას:

„საშინელება, შოკი, მწუხარება, ბრაზი. შეიძლება ითქვას, რომ ამ ყველაფერს ერთი წლის შემდეგაც განვიცდი.“
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG