Accessibility links

logo-print
ჰომეოპათია ბერძნული სიტყვაა და „მსგავს ტკივილს, მსგავს სენს“ ნიშნავს. ადამიანის მკურნალობის ეს გზა გერმანელმა ექიმმა ზამუელ ჰანემანმა მე-18 საუკუნის ბოლოს შეიმუშავა და ისვე ითვლება ჰომეოპათიის დამფუძნებლად.

ჰომეოპათია პოპულარულია ყველგან, განსაკუთრებით ევროპაში, და ჰომეოპათ ექიმთა პაციენტების რიცხვი იზრდება.
თავიდანვე სულ მოკლედ გეტყვით, რომ გერმანულმა ჟურნალმა „შპიგელმა“12 ივლისს დაბეჭდა სტატია ჰომეოპათიაზე, რომელიც ჟურნალის მიერ უარყოფითი მხრიდანაა წარმოდგენილი. გერმანიის ჰომეოპათთა კავშირმა ძალიან მოკლედ და საგნობრივად უპასუხა ჟურნალისტურ შეფასებას და, საერთო ჯამში, ასეთ ანალიზს „აზროვნების შეცდომა“ უწოდა. „შპიგელი“ ჰომეოპათიაზე გაბრაზებულის შთაბეჭდილებას ტოვებს, როცა მკითხველს აუწყებს, ჰომეოპათიის ზემოქმედება მეცნიერულად დადასტურებული არ არისო. ჰომეოპათები კი აცხადებენ, რომ მეცნიერული კვლევა უნდა მოხდეს იმავე მეთოდიკით, რომლითაც ჰომეოპათიური საშუალება მოქმედებს.

ზემოთ ითქვა, რომ ჰომეოპათია მსგავსის მსგავსით მკურნალობას ნიშნავს. ანუ, როცა ადამიანს აქვს რაიმე დარღვევა, სენი, ტკივილი, მას მკურნალობენ იმავე საშუალებით, რომელიც ამ სიმპტომს იწვევს და ასე ხდება ადამიანის მიერვე ამ სიმპტომების დაძლევა.

საზოგადოებრივი ორგანიზაციის - ჰომეოპათიისა და ქართული ტრადიციული მედიცინის ლიგის - თავმჯდომარე, კლინიკა „ოჯახის მკურნალის“ დირექტორი, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი, თერაპევტი, ჰომეოპათი თორნიკე ალაშვილი ჰომეოპათიის მთავარ უპირატესობას იმაში ხედავს, რომ ქიმია ერთს მკურნალობს და ბევრს აზიანებს, ჰომეოპათიას კი რეალურად შეუძლია როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული დაავადებებისგან განკურნება კომპლექსურად - არა მარტო იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც პაციენტს იმ მომენტში აქვს, არამედ თანმხლები და ადრე გადატანილი დაავადებებისგან მორჩენაც.

ჰომეოპათია იყენებს მცენარეულ, ცხოველურ, მინერალურ საშუალებებს, რომლის ეგრეთ წოდებული პოტენცირება, განზავება ხდება. რაც უფრო ნაკლებია სუბსტანცია შესაბამისი პირველადი ნარევისა, მით უფრო ძლიერია მისი მოქმედება. გარდა ამისა, ექიმი-ჰომეოპათი პაციენტის ხასიათს თუ ბუნებას ითვალისწინებს უფრო ღრმად, იკვლევს მას როგორც არამხოლოდ ფიზიკურ არსებას და შესაბამის მკურნალობას ურჩევს.

თორნიკე ალაშვილს ჩვენ ვუამბეთ დემონსტრაციის ამბავი, რომელიც ინგლისში მოაწყვეს ჰომეოპათიის მოწინააღმდეგეებმა, როცა მათ ერთად, დიდი რაოდენობით მიიღეს არსენიკუმ ალბუმი, ჰომეოპათიური პრეპარატი. მათ სურდათ იმის ჩვენება, რომ ეს საშუალება უმოქმედოა და ამით უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ უუნაროა და უმოქმედო, საერთოდ, ჰომეოპათია.

თორნიკე ალაშვილმა გვითხრა, რომ ასეთი შემთხვევები მასაც ჰქონია, რომ ჰომეოპათიური საშუალება სპეციფიკურად მოქმედებს პათოლოგიის დროს, ანუ, თუკი ის არ არის ზუსტად მიზნობრივად დანიშნული, მასზე რეაგირება თითქმის ნულის ტოლია. დემონსტრანტებს შორის რომ ყოფილიყო იმ პრეპარატის შესაბამისი ტიპი, რომელიც მათ საჯაროდ მიიღეს დიდი რაოდენობით, მაშინ ზემოქმედება მხოლოდ დადებითი იქნებოდა, და, პირიქით, რაკი არ აღმოჩნდა შესატყვისი ტიპი, პრეპარატმა ვერავითარი ზემოქმედების მოხდენა ვერ შეძლო. ასე რომ, ფაქტობრივად, დემონსტრაციამ, ანუ აქციამ, მიზანს ვერ მიაღწია.

„შპიგელის“ ზემოხსენებული სტატიის პასუხად გამოქვეყნებულ გერმანიის ჰომეოპათ ექიმთა ცენტრალური კავშირის დოკუმენტში მკაფიოდ და არგუმენტირებულადაა ნათქვამი, რომ კვლევის თანახმად, ჰომეოპათია პრაქტიკაში ეფექტიანიცაა და უფრო იაფიც. ესაა ორი პუნქტი, რასაც გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბეჭდვითი ორგანო ეჭვქვეშ აყენებს. პლაცებოს ეფექტს, რაც ჰომეოპათიის მოწინააღმდეგეებს ჰომეოპათიური პრეპარატების მახასიათებლად სურთ წარმოადგინონ, გერმანელი სპეციალისტების თანახმად, - ამაზეც ჰომეოპათ ექიმთა კავშირის პრესრელიზში წაიკითხავთ, - ბევრად სცილდება ჰომეოპათიურ საშუალებათა ზემოქმედება, რომელიც აღნუსხულია მძიმე დაავადებების - მაგალითად, ფილტვების თუ ჩირქოვანი გლანდების ანთების - შემთხვევებში. პრესრელიზის თანახმად, პლაცებოს ეფექტი ცნობილია ჩვეულებრივ მედიცინაშიც და არა მარტო ქიმიური მედიკამენტების ავადმყოფებისთვის მიცემის დროს, მას ქირურგიაც იცნობს.

ქართველი ჰომეოპათის თორნიკე ალაშვილის თანახმად, ეს საერთო კანონზომიერებაა და მას უშუალო კავშირი არა აქვს ჰომეოპათიასთან, რომლის ზემოქმედება ავადმყოფებზე აღემატება პლაცებოს ეფექტს, რისი არაერთი დასტურიც არსებობს. პირველი ესაა ვეტერინარია და, ასევე ბავშვებზე მისი ზემოქმედების უთუობა, და მეორეც ისაა, რომ ჰომეოპათიას აქვს თავისი პლაცებოს ეფექტის კონტროლის მეთოდიკა. ის საშუალებას იძლევა შეფასდეს, წამალი მოქმედებს თუ პლაცებოს ეფექტთან გვაქვს საქმე.

გერმანიის კლასიკური ჰომეოპათიის კავშირის ხელმძღვანელთა საბჭოს წევრმა მონიკა კინდმა, რომელსაც გერმანიაში - ულმში - დავუკავშირდით, გვითხრა, რომ ეს მტრობა ჰომეოპათიის მიმართ სიახლე არაა და რომ ის აუცილებლად გაივლის. მანვე კომენტარი გაუკეთა გერმანიის პარლამენტის წევრის, პროფესორ კარლ ლაუტერბახის მოთხოვნას, რომ სამედიცინო სადაზღვევო კომპანიებს აეკრძალოთ ჰომეოპათიური მკურნალობის დაფინანსება,რადგან ის ძვირია:

„ჰომეოპათია ყოველთვის იყო გარკვეული მტრობის და კრიტიკის სამიზნე, მის მიმართ გარკვეული დისტანციაც ცნობილია. ასეთი რამ შიგადაშიგ ხდება ხოლმე. მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს ახლა კამპანია ჰომეოპათიის წინააღმდეგ. ინგლისში იყო ახლახან სირთულეები, ასევე ინდოეთში, შვეიცარიაშია, ამ მხრივ, მცდელობები და ეს ჩვენთვის სიახლე არ არის. სოციალ-დემოკრატმა პოლიტიკოსმა ლაუტერბახმა ინტერვიუში თქვა, რომ მას არ უგულისხმია ჰომეოპათიის სიძვირე, რომ ის პარლამენტში პაციენტების დასაცავად გამოვიდა. როცა რიცხვები ნახეს, მიხვდნენ, რომ ჰომეოპათიის ხარჯები ბევრად, ბევრად უფრო მცირეა, ჯანმრთელობის საერთო ხარჯებთან შედარებით. და ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არის ტალღა, რომელიც გადაივლის.“

მონიკა კინდმა გვითხრა, რომ არის ერთი-ორი ძველი უარყოფითი გამოკვლევა ჰომეოპათიაზე და სწორედ მათ არის რომ კრიტიკოსები შიგადაშიგ იმოწმებენ ხოლმე და ყველაფერს, რაც დადებითია, უბრალოდ, არ ახსენებენ. ამის მაგილითია, სხვათა შორის, „შპიგელის“ სტატიაც. კინდმა ისიც თქვა ჩვენთან საუბარში, რომ ქიმიურ ფარმამრეწველობას საკმაოდ ძლიერი ლობი ჰყავს.

სხვადასხვა ქვეყანაში ჰომეოპათიას სხვადასხვა გასაქანი აქვს. ის ინგლისში ერთობ პოპულარულია, ზოგიერთის აზრით, იმის გამო, რომ გაერთიანებული სამეფოს არისტოკრატია - პირველ რიგში, სამეფო ოჯახი - მხოლოდ ჰომეოპათ ექიმებს მიმართავს.

პრინცი ჩარლზი თავგამოდებული მომხრეა ამ დარგისა. გერმანიაში ჰომეოპათია, მისი სხვადასხვა მიმართულებით და მეთოდით, ძალიან გავრცელებულია. ამ ქვეყანაში რეგისტრირებულ ექიმთა 5 პროცენტი ჰომეოპათია. ზემოთ ვახსენეთ გერმანიის ჰომეოპათ ექიმთა ცენტრალური კავშირის პასუხი „შპიგელის“ სტატიაზე. მონიკა კინდი ამ დოკუმენტში ნათქვამს მოკლედ შეეხო და გვითხრა, რომ 2009 წელს ჰომეოპათიური საშუალებებისთვის სადაზღვევო ფირმების მიერ გაღებული თანხა 25 მილიონი ევროა, ანუ საერთო თანხის ერთი მეათედი პროცენტი, მაშინ როცა ქიმური მედიკამენტებისთვის გაღებული სახსრები ათეულ მილიარდებს აღწევს და საერთო მონაცემის 17 პროცენტია. ანუ ჰომეოპათიის სიიაფესა და ხელმისაწვდომობაზე გერმანიაში ვერ იდავებ.

ჰომეოპათიისა და ქართული ტრადიციული მედიცინის ლიგის თავმჯდომარის, კლინიკა „ოჯახის მკურნალის“ დირექტორის, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრის, თერაპევტის, ჰომეოპათის, თორნიკე ალაშვილის თანახმად, ჰომეოპათია ჯანდაცვის სისტემაში სპეციალობათა ნუსხაშია, ის ისწავლება რამდენიმე სამედიცინო ინსტიტუტში და, ამავე დროს, საქართველოში მოქმედებს კლინიკა „ოჯახის მკურნალი“, სადაც ჰომეოპათი ექიმები მუშაობენ, ანუ, თორნიკე ალაშვილის თქმით, ჰომეოპათია საქართველოში ოფიციალური მედიცინის ფარგლებშია.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG