Accessibility links

logo-print

ბერნარ კუშნერი რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს ჯარები საქართველოსთან 2008 წლის აგვიტოს ომამდე პოზიციებზე


საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბერნარ კუშნერი რუსეთი დაადანაშაულა საქართველოსთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში და მოსკოვს მოუწოდა, გაიყვანოს ჯარები 2008 წლის აგვიტოს ომამდე პოზიციებზე. ამ მოწოდებით კუშნერი თბილისში, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე გამოვიდა. მანვე დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საფრანგეთის მხარდაჭერა. „მინდა, რომ ნათელი ვიყო: ჩვენთვის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონები, ეს არის საქართველოს რეგიონები - ტერიტორიები, რომლებიც საქართველოს ეკუთვნის ... და ჩვენ ვეცდებით, რომ უფრო მეტი თავდადებით, მეტი ეფექტურობით ვიმუშაოთ იმისათვის, რომ, როგორც სარკოზის შეთანხმებაში ითქვა და როგორც უკვე არაერთხელ განვაცხადეთ, ეს რეგიონები საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდეს. არანაირი ორაზროვნება საფრანგეთის პოზიციაში, ამ საკითხთან დაკავშირებით, არ არსებობს“, - განაცხადა ბერნარ კუშნერმა თბილისში. დღესვე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა და სოფელ კოდაში ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობა მოინახულა.
XS
SM
MD
LG