Accessibility links

logo-print

შინ დაბრუნებული ირანელი მეცნიერი მწვავე ბრალდებებით გამოდის


შაჰრამ ამირის საზეიმო დახვედრა თეირანის აეროპორტში

შაჰრამ ამირის საზეიმო დახვედრა თეირანის აეროპორტში

ბირთვული ენერგეტიკის საკითხებზე მომუშავე ირანელი მეცნიერი შაჰრამ ამირი შინ დაბრუნდა და იმეორებს ბრალდებას, რომ აშშ-ში საკუთარი ნების წინააღმდეგ წაიყვანეს. თეირანში, იმამ ჰომეინის სახელობის აეროპორტში, მას ირანის ოფიციალური პირები, მისი ცოლი და შვიდი წლის ვაჟი დახვდნენ. მოგვიანებით, პრესკონფერენციაზე, მან ჟურნალისტებს განუცხადა, „უმძიმესი ფსიქოლოგიური და ფიზიკური წამება“ გამოვცადეო. თუმცა „ვაშინგტონ პოსტი“, ანონიმურად დატოვებულ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, წერს, რომ წელიწადზე დიდი დროის განმავლობაში ამირი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსთვის მუშაობდა და 5 მილიონი დოლარიც მიიღო.

ბირთვული ენერგეტიკის საკითხებზე მომუშავე ირანელი მეცნიერი, რომელიც ერთი წლის წინ გაუჩინარდა, ხუთშაბათს ირანში დაბრუნდა. მეცნიერი აცხადებს, რომ იგი მოტაცებული იყო და აშშ-ის სადაზვერვო სტრუქტურების აგენტებმა აიძულეს ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე ეცრუა.

კონკრეტულად, მეცნიერმა შაჰრამ ამირიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „უმძიმესი ფსიქოლოგიური და ფიზიკური წამება“ გამოვიარეო და დასძინა, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მას აშშ-ში დარჩენის სანაცვლოდ 50 მილიონ დოლარს სთავაზობდა:

„აშშ-ში ყოფნის პირველი ორი თვის განმავლობაში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მუშაკები დაკითხვისას მძიმე ფსიქოლოგიური და გონებრივი ზეწოლის ქვეშ მამყოფებდნენ.“

მაგრამ ამირი აცხადებს, რომ ზეწოლასა და ასევე ფინანსურ წინადადებებს გაუძლო და ირანს მაინც არ „უღალატა“.

„ღვთის შეწევნით, ამას გავუძელი და, ვფიქრობ, ჩემს ადგილზე რომ ნებისმიერი სხვა ირანელი ყოფილიყო, თავის ღირსებას მათ ფინანსურ სურვილებს არ შესწირავდა, ჩვენს ქვეყანას არ უღალატებდაო“, - განაცხადა მან.

თუმცა ყოველდღიურმა გაზეთმა „ვაშინგტონ პოსტმა“, ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, გამოაქვეყნა ცნობა, რომ ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ამირის 5 მილიონ დოლარზე მეტი გადაუხადა ირანის ურანის გამდიდრების პროგრამის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ. აშშ და მისი მოკავშირე ქვეყნები ეჭვობენ, რომ ეს პროგრამა ბირთვული იარაღის განვითარებას ემსახურება, თუმცა თავად ირანი ირწმუნება, რომ პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ისახავს.

გაზეთის მიერ მოპოვებული ცნობის თანახმად, ეს თანხა შეესაბამებოდა ამირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მნიშვნელობას და მისი აშშ-ში დასახლებისთვის უნდა დახარჯულიყო. როგორც ვარაუდობენ, ეს თანხა გაიცა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს „ტვინების გადინებად“ წოდებული იმ პროგრამის ფარგლებში, რომელმაც ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ინფორმაციის მქონე მეცნიერები უცხოეთში გადასახლებისთვის უნდა მიიზიდოს.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამირიმ დაადასტურა ქალაქ ყომთან ახლოს ურანის გასამდიდრებელი მეორე ობიექტის არსებობა. ამ ინფორმაციის გახმაურება აშშ-ს მნიშვნელოვნად დაეხმარა გაეროს უშიშროების საბჭოს მხრიდან ირანისთვის სანქციების მეოთხე რაუნდის დაწესების საქმეში, რაც გასულ თვეში დამტკიცდა.

თუმცა თეირანის იმამ ხომეინის სახელობის აეროპორტში ჩასვლის შემდეგ ამირიმ ირანის ბირთვულ პროგრამასთან კავშირი უარყო და საკუთარ თავს „უნივერსიტეტში მომუშავე ერთი უბრალო მეცნიერი“ უწოდა. „მე საიდუმლო საქმეები არ მეხება და არც გასაიდუმლოებულ ინფორმაციას ვფლობო“, - დასძინა მან.

ამირის თქმით, ირანში მოქმედ ურანის გასამდიდრებელ ორ სადგურთან - ნატანზსა და ფორდოსთან - მას კავშირი არა აქვს. „აშშ-ის მთავრობამ ეს პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად გამოიყენა. ბირთვულ სფეროში არანაირი კვლევა არ ჩამიტარებიაო“, - განაცხადა მან.

როგორც იუწყებიან, 32 წლის ამირის მალეკ-ე აშტარის უნივერსიტეტში აქვს ნამუშევარი, რომელსაც, როგორც ვარაუდობენ, ირანის რევოლუციურ გვარდიასთან აქვს კავშირი.

აშშ-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამირი აშშ-ში საკუთარი ნებით ჩავიდა, 14 ივლისს კი - მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში, პაკისტანის საელჩოში, ირანის ინტერესების განყოფილებას მიაკითხა და უთხრა, შინ დაბრუნება მინდაო - ქვეყანა დატოვა. ამერიკელი ოფიციალური პირების ვარაუდით, ამირიმ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ირანის სადაზვერვო სტრუქტურები მის ოჯახს ემუქრებოდნენ.

თუმცა თეირანის აეროპორტში, სადაც მას ოფიციალურ პირებთან ერთად ცოლი და შვიდი წლის ვაჟი შეეგებნენ, ამირი სხვა ამბავს მოჰყვა - განაცხადა, ჩემს ოჯახზე ზეწოლა არ ყოფილაო და კიდევ ერთხელ გაიმეორა ბრალდება, რომ ის საუდის არაბეთის ქალაქ მედინაში, ამ ქვეყნისა და აშშ-ის აგენტებმა მოიტაცეს. ამასთან, ამირის განცხადებით, მის დაკითხვას ისრაელის აგენტებიც ესწრებოდნენ და მისი ისრაელში წაყვანა სურდათ.

აშშ-ის დატოვებამდე ამირიმ ირანის ინგლისურენოვან სატელიტურ არხს, „პრესტივის“, ინტერვიუ მისცა, რომელშიც ეჭვქვეშ დააყენა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის განცხადება, რომ ამირი აშშ-ში თავისი ნებით ჩავიდა. „თავშესაფრის მიღება თუ მსურდა, თავდაპირველად ირანიდან ჩემი ოჯახის გაყვანაზე რატომ არ ვიზრუნეო? – იკითხა მან.
XS
SM
MD
LG