Accessibility links

logo-print
საფრანგეთის პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის, როგორც მისი ქვეყნის პრესა წერს, „ჯოჯოხეთური ზაფხული“ უდგას იმის გამო, რომ ბრალად სდებენ 2007 წლის საარჩევნო კამპანიის დროს უკანონო შეწირულობის მიღებას.

სკანდალში მთავარი მოქმედი პირი, სარკოზისთან ერთად, საფრანგეთის უმდიდრესი ქალი, 87 წლის ლილიენ ბეტანკურია, კოსმეტიკის მწარმოებელი ფირმის, „ლ’ორეალის“, მფლობელი, რომლის ქონება 20 მილიარდ დოლარს უახლოვდება.

სარკოზისთან დაკავშირებული ბრალდების გარდა, ბეტანკურს თავდაცვა უწევს გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდების გამო. წაყენებული ბრალდებით, ბეტანკურმა 2007 წელს, სარკოზის პარტია „სახალხო მოძრაობის კავშირს“ უკანონოდ შესწირა 190 ათასი დოლარი. ანუ სარკოზისა და ბეტანკურის სასიყვარულო კავშირი არაა სკანდალის თემა, ის მხოლოდ მათ საფინანსო ურთიერთობას ეხება. არადა, სარკოზი პრეზიდენტად არჩევის ხანებში მედიის ვარსკვლავი იყო, განსაკუთრებით იმ დროს, როცა მოდელი, კარლა ბრუნი, ცოლად შეირთო. ახლა კვლავ „საბედისწერო ქალი“ ზემოქმედებს მის იმიჯზე, რაც ხელისუფლებაში სამწლიანი ყოფნის უდიდესი გამოცდაა. სარკოზიმ ბრალდებას, რომ მას მსოფლიოში სიმდიდრით მესამე ქალი კონვერტით ნაღდ ფულს უგზავნიდა, უსირცხვილო უწოდა: „იმ კაცად ჩემი წარმოდგენა, რომელიც 20 წელია დასდევს მადამ ბეტანკურს კონვერტების გამოსართმევად, უსირცხვილო ბრალდებაა. არაა მოულოდნელი, ასეთი ბრალდების სამიზნე გავმხდარიყავი. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ეს სკანდალი დროის ამაოდ ხარჯვაა მაშინ, როცა ხალხს ჩემგან სრულიად მარტივი რამ უნდა - თავი დავაღწიოთ ეკონომიკურ კრიზისს.“

ბეტანკურის ბუხჰალტერმა კლეარ ტიბომ პოლიციას უთხრა, რომ მისი დახმარებით ხდებოდა სარკოზის საარჩევნო კომპანიისთვის ნაღდი ფულის „მოხსნა“ და რომ თანხას გადასცემდნენ სარკოზის პარტიის ხაზინადარს, ერიკ ვორთს. სარკოზიმ ახლა მიმართა ვორთს, ამჟამინდელ შრომის მინისტრს, დატოვოს ხაზინადრის პოსტი, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო.

სარკოზი ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ სკანდალი პოლიტიკურადაა მოტივირებული, რამდენადაც მისი შემოქმედი მემარცხენე ბანაკია. სარკოზის მიერ უკანონოდ შეწირულობის მიღების ამბავი პირველად მემარცხენე საინტერნეტო ვებგვერდმა, „მედიაპარტმა“, გამოაქვეყნა. პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ოპოზიციური სოციალისტური პარტია ცდილობს სარკოზის ამ სკანდალით შეებრძოლოს, რადგან მას საპერნსიო ასაკის 62 წლამდე გაზრდა უნდა. იდენად ბევრი რამ ითქვა ბეტანკურის ირგვლივ, იმდენი ბრალდება გაისმა მის და მისი გარემოცვის მიმართ, რომ ახლა სკანდალს უკვე ვეღარაფერი შეაჩერებს. როცა პრეზიდენტი გახდა, სარკოზიმ პირობა დადო, წარსულთან კავშირი უნდა გავწყვიტოთ, ახალი პოლიტიკის დრო დგებაო. არადა, სკანდალი სწორედ იმ ძველ, მდიდარ, კლასობრივად დაყოფილ საფრანგეთს უკავშირდება.

როგორადაც უნდა წარიმართოს სკანდალი, მიიღებს ის სამართლებრივი ძიების ფორმას თუ არა, ფაქტია, რომ სარკოზის სახელი უბრალო ფრანგების თვალში შეილახა, მით უმეტეს ახლა, როცა საფრანგეთს, სხვათა მსგავსად, ეკონომიკურ კრიზისში მომჭირნეობის პროგრამის ამოქმედება უწევს, რაც, პირველ რიგში, ამ უბრალო ფრანგებს აზარალებს. ზემოთ საპენსიო ასაკის ზრდა ვახსენეთ. ეს ის თემაა, რომელიც ბეკანტურის მსგავსად, არავის აღელვებს. „ლ’ორეალის“ მფლობელს სხვა საზრუნავი აქვს - მის მიმართ სამი საქმის გამო მიმდინარეობს გამოძიება. სარკოზის კი, როგორც გამოკითხვები აჩვენებს, 2012 წლის საყოველთაო არჩევნებში სოციალისტური პარტიის ლიდერ მარტინ ობრისთან პაექრობა ძალიან გაუჭირდება.
XS
SM
MD
LG