Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის პრეზიდენტის განცხადებით, მის ქვეყანაში ეუთოს პოლიციის განთავსებას მოელიან


ყირგიზეთის პრეზიდენტ როზა ოტუნბაევას განცხადებით, მთავრობა მოელის, რომ ეუთო პოლიციელებს გააგზავნის სამხრეთ ყირგიზეთში წესრიგის დაცვის ხელშესაწყობად. პოლიციელები იარაღით აღჭურვილი არ იქნებიან. ოტუნბაევას განცხადებით, დასასრულს უახლოვდება მოლაპარაკება ეუთოსთან, პოლიციის 50-კაციანი შენაერთის სამხრეთ ყირგიზეთში, ქალაქ ოშში გაგზავნის თაობაზე. ამ რეგიონში ეთნიკურმა დაპირისპირებამ ივნისში ასობით ადამიანი შეიწირა. როგორც ოტუნბაევამ დღეს ბიშკეკში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, ეუთოს პოლიციელებს შეზღუდული მანდატი ექნებათ: „ეს ძალები აქ დროებით იმუშავებს, ოთხი თვით შეზღუდულ პერიოდში. ჩვენ ქალაქ ოშის რეკონსტრუქციას ვაპირებთ. ისინი, მაგალითად, საჭირო არიან ქალაქ ოშში უსაფრთხოების დასაცავად. ისინი იარაღის გარეშე იქნებიან“. დღესვე გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, გიდო ვესტერველე და ბერნარ კუშნერი ესტუმრნენ ოშს და კიდევ ერთხელ მოითხოვეს ყირგიზეთში გასულ თვეში მომხდარი შეტაკებების საერთაშორისო გამოძიება. მინისტრების განცხადებით, ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც დღეს იწყება ყაზახეთის ქალაქ ალმა-ატასთან, უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საერთაშორისო გამოძიების შესახებ. ეუთოს შეხვედრის მთავარ თემად ყირგიზეთში შექმნილი ვითარება სახელდება.
XS
SM
MD
LG