Accessibility links

logo-print

ეუთოს განცხადებით, ის პოლიციის 52-კაციან შენაერთს გააგზავნის სამხრეთ ყირგიზეთში


ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) განცხადებით, ის პოლიციის 52-კაციან შენაერთს გააგზავნის სამხრეთ ყირგიზეთში. ეუთოს კონფლიქტების პრევენციის ცენტრის დირექტორ, ჰერბერტ ზალბერის განცხადებით, მიღებულია დოკუმენტი „ოშსა და ჯალალაბადში გაიგზავნოს ჯგუფი, რომელიც ეუთოს წევრი სახელმწიფოების წამრომადგენელი 52 პოლიციელისაგან შედგება“. ამ თემაზე მან ისაუბრა არაოფიციალურ შეხვედრაზე ყაზახეთის ქალაქ ალმა-ატაში, ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების ყოველწლიური შეხვედრის დაწყებამდე. ეუთოს პოლიციელებს იარაღი არ ექნებათ და ისინი ოთხი თვე დარჩებიან ყირგიზეთში. მანდატის ვადა შესაძლოა, გაგრძელდეს. ეუთოს განცხადებით, მოგვიანებით მისია შესაძლოა, დამატებით 50 პოლიციელით შეივსოს. ყირგიზეთში პოლიციელების გაგზავნამდე, ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების კონსენსუსია საჭირო. დღეს სამხრეთ ყირგიზეთს, სადაც ეთნიკურმა დაპირისპირებამ ივნისში ასობით ადამიანი შეიწირა, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, გიდო ვესტერველე და ბერნარ კუშნერი ესტუმრნენ. მინისტრების განცხადებით, ისინი მიზანშეწონილად მიიჩნევენ ყაზახეთში ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გადაწყვეტილების მიღებას, სამხრეთ ყირგიზეთში დაპირისპირების საერთაშორისო გამოძიების შესახებ. ეუთოს შეხვედრის მთავარ თემად ყირგიზეთში შექმნილი ვითარება სახელდება.
XS
SM
MD
LG