Accessibility links

logo-print

რას ეძებდა ფრანგი მოგზაური საქართველოში?


რაფაელ ბოგრანი, ფრანგი მოგზაური და ჟურნალისტი

რაფაელ ბოგრანი, ფრანგი მოგზაური და ჟურნალისტი

გვინდა მოგითხროთ ერთ ფრანგ ჟურნალისტზე, პარიზელ მოგზაურ რაფაელ ბოგრანზე - ცნობისმოყვარე და მიზანდასახულ ადამიანზე, რომლის განზრახვაც ზოგს ახირებადაც კი ეჩვენება... თუმცა ის უკან დახევას არ აპირებს და ბოსნიის ქალაქ სრებრენიციდან იაპონიის ქალაქ ჰიროსიმამდე ომისა და მშვიდობის ისტორიების შეგროვებას განაგრძობს. ეს რთული მარშრუტი საქართველოზეც გადის და სწორედ თბილისში შევხვდი მას. საუბარი რაფაელმა ცოლის წარდგენით დაიწყო...

“სალამი! წარმოგიდგენთ ჩემს ცოლს - ის ძალიან ლამაზია... ბევრ რამეს ვაკეთებ მისთვის, ძალიან ვუფრთხილდები ჩემს ცოლს... სულ გვერდით მყავს, მარტო არასოდეს ვაძინებ, არასოდეს ვტოვებ უყურადღებოდ, რადგანაც ძალიან მიყვარს და არ მინდა, რომ ვინმემ წამართვას... მისი წყალობით, მთელ მსოფლიოში შემიძლია ვიმოგზაურო... მისი წყალობით, პარიზიდან იაპონიაში წასვლა შემიძლია... ”

15 წლის წინ ბოსნიის სრებრენიცაში განხორციელებულმა ადამიანთა მასობრივმა ჟლეტამ და იაპონიის ჰიროსიმაში 1945 წელს ჩამოგდებული ატომური ბომბის მასშტაბურმა მოვლენებმა შეძრა ევროპა და აზია ...
მშვენიერი ცოლი, რომლის წყალობითაც 29 წლის რაფაელ ბოგრანი საფრანგეთიდან იაპონიისკენ უკვე თითქმის 5 თვეა მიემართება, არც მეტი და არც ნაკლები, მისი ველოსიპედია - ცნობილი ფრანგული ბრენდის, ”სიფაკის” (CYFAC), ხელნაკეთი მოდელების ღირსეული წარმომადგენელი. მისი ნომერია 13, თუმცა ეს პრობლემას სულაც არ წარმოადგენს არც მისთვის და არც მისი პატრონისთვის.

უკვე გავლილი თუ გასავლელი გზის მარშრუტი ასეთია: ბოსნია - მოლდავეთი -უკრაინა- საქართველო-აზერბაიჯანი-უზბეკეთი-ჩინეთი-სამხრეთ კორეა და იაპონია. ეს არის დაახლოებით 10 ათას კილომეტრიანი გზა... მართალია, ვიდრე 16 აპრილს ამ გზას დაადგებოდა, რაფაელ ბოგრანი პარიზიდან სრებრენიცაშიც ველოსიპედით ჩავიდა და ასე 3 ათას კილომეტრიანი მონაკვეთის დაფარვას დაახლოებით ერთი თვე მოანდომა, მაგრამ მოგზაურობის ათვლის წერტილად მაინც სრებრენიცა მიიჩნევა. რატომ დაიწყო რაფაელმა მაინცდამაინც სრებრენიციდან და რატომ აირჩია მოგზაურობის ბოლო ქალაქად ჰიროსიმა?

”ეს ორი მოვლენა მეტად მტკივნეული და დრამატული იყო კონტინენტისთვის... 15 წლის წინ ბოსნიის სრებრენიცაში განხორციელებულმა ადამიანთა მასობრივმა ჟლეტამ და იაპონიის ჰიროსიმაში 1945 წელს ჩამოგდებული ატომური ბომბის მასშტაბურმა მოვლენებმა შეძრა ევროპა და აზია... სრებრენიცა წარმოადგენს მე-20 საუკუნის ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონფლიქტს და დრამატულ მოვლენას. ამიტომ, ვფიქრობ, უპრიანი იყო მოგზაურობის სრებრენიციდან დაწყება.”

რაფაელ ბოგრანი
29 წლის რაფაელ ბოგრანმა უკვე მოასწრო ბიზნესის, სამართლისა და ჟურნალისტიკის პროფესიებისთვის საჭირო განათლების მიღება, მათ შორის - სორბონის უნივერსიტეტში. შეისწავლა ჩინურიც. თუმცა სიმპათიები საბოლოოდ მაინც ჟურნალისტის პროფესიისკენ გადაიხარა. ერთ-ერთ პარიზულ გაზეთში დაწყებული 2-წლიანი პრაქტიკა თანდათან მოგზაურ ჟურნალისტად ქცევის სურვილში გადაიზარდა და გზასაც დაადგა. კონფლიქტებთან დაკავშირებულ ისტორიებში რაფაელი დამნაშავეების კვალს არასდროს ეძებს; მას ძირითადად ომის შედეგად დაზარალებული ადამიანების ცხოვრება აინტერესებს :


”არ მინდა, რომ ყურადღება მტრებისკენ იყოს მიპყრობილი... მინდა, რომ შევისწავლო ამა თუ იმ კონფლიქტის მსხვერპლთა ცხოვრება. მე არც მე-2 მსოფლიო ომს მოვსწრებივარ და არც ბებია-ბაბუებს, რომ პირადად მათგან მომესმინა ომის ისტორიები. ამიტომ, ჩემი მიზანი ის არის, რომ კონფლიქტების მსხვერპლთა და თვითმხილველთა ამბები შევიტყო. ”

ომისა და მშვიდობის ისტორიების, ადამიანთა ცხოვრების ფრაგმენტების, მათი დარდებისა და იმედების ძიებაში, რაფაელ ბოგრანი საქართველოში 2 კვირით 2 ივლისს ჩამოვიდა. საქართველო-რუსეთის გასული საუკუნის ომებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის თვითმხილველები და დევნილები რაფაელმა ანაკლიაში, გორში, წეროვანში, ბორჯომსა და თბილისში მოინახულა და ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი იპოვა. მათგან მოსმენილი ათასგვარი ისტორიით მიღებული შთაბეჭდილება საკმაოდ მძიმეა. რაფაელი დევნილებს მეტ აქტიურობას ურჩევს:

ფრანგი ჟურნალისტის მიერ შეგროვილი მასალების გაცნობა ამ ეტაპზე შესაძლებელია მხოლოდ სოციალურ ქსელ Facebook-ში და მის საკუთარ ბლოგზე (Paroles de conflits), რომელიც განთავსებულია ინტერნეტ-საიტზე Linterview.fr
”ისინი არ არიან კარგად ორგანიზებულები, რომ დაიცვან საკუთარი უფლებები და თითქოს ელოდებიან, როდის დაეხმარება მათ ხელისუფლება... ისინი არ აქტიურობენ და ხშირ შემთხვევაში ძალიან ცუდ პირობებში უწევთ ცხოვრება. თუმცა დევნილთა გარკვეული ნაწილი ძალიან კარგ პირობებშიც ცხოვრობს. კონტრასტი ამ მხრივ საკმაოდ შოკისმომგვრელია. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ მართლაც ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი... საერთაშორისო თანამეგობრობა ხომ ძალიან დიდი თანხით დაეხმარა ომის შემდეგ საქართველოს... საინტერესო ის არის, რომ დევნილებს, რომლებიც ძალიან ცუდ პირობებში უწევთ ცხოვრება, მაინც შეუძლიათ გაღიმება.”

ფრანგი ჟურნალისტის მიერ შეგროვილი მასალების გაცნობა ამ ეტაპზე შესაძლებელია მხოლოდ სოციალურ ქსელ Facebook-ში და მის საკუთარ ბლოგზე (Paroles de conflits), რომელიც განთავსებულია ინტერნეტ-საიტზე Linterview.fr. თუმცა, რადგანაც თარგმნის პროცესი დიდ დროს მოითხოვს, ინფორმაცია ჯერჯერობით მხოლოდ ფრანგული ენის მცოდნეთათვის არის ხელმისაწვდომი. პარალელურად, ვიდეო, ფოტო, აუდიო და ტექსტური მასალები თავს იყრის ახალ, საგანგებო ინტერნეტ-საიტზე (Parolesdeconflits.com) და ის გარკვეული პერიოდის შემდეგ გაიხსნება დაინტერესებული პირებისთვის - ჯერ კვლავ ფრანგულად, შემდეგ - ინგლისურადაც. ასევე კომპანია FatCat Films-თან ერთად იგეგმება პირველი 25 წუთიანი დოკუმენტური ფილმის გადაღება, რომელსაც მასალების სიმრავლის გამო, რაფაელის აზრით, კიდევ არაერთი ფილმი მოჰყვება.

გარდა ამისა, მოგზაური ჟურნალისტი წიგნის დაწერაზეც ფიქრობს, რადგანაც პარიზში ცნობილმა რამდენიმე გამომცემელმა მას ეს უკვე შესთავაზა.

თუმცა ამ ყველაფრის განხორცილებას რაფაელ ბოგრანი მას შემდეგ გეგმავს, რაც საშობაოდ პარიზში დაბრუნდება. მას იქ შვილის ბედით აღელვებული დედა, სიამაყით აღვსილი მამა და არანაკლებ ამაყი ორი უფროსი და ელოდება.

ახლა, როდესაც თქვენ ამ სიუჟეტს ეცნობით, რაფაელ ბოგრანი თავისი საყვარელი ველოსიპედით ბაქოსკენ მიმავალ გზას მიუყვება. მოძრაობის სიჩქარე გზაზეა დამოკიდებული და ის 6-დან 65 კმ/სთ-ის ფარგლებში მერყეობს ... იმედი აქვს, რომ ყველაფერი დაგეგმილად, აქამდე ჩვეულ რიტმში წარიმართება: ბევრი ბრძოლა არ მოუწევს ველოსიპედისტის ტრადიციულ მტრებთან - გარეულ ძაღლებთან და არც გარეულ ძაღლებზე კიდევ უფრო საშიშ ცხოველებს ან ადამიანებს გადაეყრება...

საქართველოდან რაფაელ ბოგრანმა სიყვარული და კეთილი მოგონებები წაიღო, რაც ძირითადად თბილ ადამიანებს, მათ სტუმართმოყვარეობას, მშვენიერ ბუნებასა და უგემრიელეს მწვადს უკავშირდება. ხოლო ის, რაც მან დაბრუნების იმედით საქართველოში დატოვა - ასევე კეთილი სურვილებია. მას, პირველ რიგში, სურს, რომ მშვენიერ საქართველოს აღარასდროს ეგრძნოს ტანკების, ტყვიების, თვითმფრინავებისა და ბომბების გამანადგურებელი ძალა.
XS
SM
MD
LG