Accessibility links

logo-print
მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში დასრულდა, მაგრამ მასზე კიდევ კარგა ხანს ილაპარაკებენ. სხვა თუ არაფერი, სწორედ 4 წელიწადში ერთხელ ჩატარებულ ტურნირში იკვეთება ყველაზე კარგად, თუ სად არის ან საითკენ მიდის თანამედროვე ფეხბურთი.

სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებიდან ლამის უკვე მეორე კვირას მოისმენდით აზრს, რომ 2010 წლის ტურნირი ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი გახლდათ ფეხბურთის ისტორიაში. ამას ამბობდნენ გულშემატკივრებიც, ამაზე წერდა ქართული და უცხოური პრესაც. ამის მიზეზი ნაწილობრივ, ალბათ, ისიც იყო, რომ ბევრისთვის საყვარელი ნაკრებები ადრე გამოეთიშნენ ჩემპიონატს, ნაწილობრივ კი ის, რომ ბევრი გოლი შეხვედრებში არ გადიოდა, განსაკუთრებით ჯგუფურ ეტაპზე, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მეორე ყველაზე ნაკლებგოლიანი აღმოჩნდა. რა იყო ამის მიზეზი? რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის დირექტორი, ფეხბურთის ექსპერტი დავით კაკაბაძე ამბობს, რომ საერთო კონსენსუსი ასეთია: ბოლო ხანს გაცილებით მეტ ქვეყანაში ისწავლეს ფეხბურთის კარგად თამაში.

თუმცა საფეხბურთო კომენტატორი დავით ქლიბაძე, რომელიც 30 წელზე მეტია, რაც მსოფლიო ჩემპიოონატებს აშუქებს, ამბობს, რომ საქმე მხოლოდ თანაბარ ძალაში არ არის. მისი აზრით, მსოფლიო ფეხბურთი, წინანდელთან შედარებით, უფრო ერთფეროვანი გახდა. ამაში კი, მისი აზრით, დამნაშავეა ევროპული საკლუბო ფეხბურთის გაძლიერება. დღეს მსოფლიოს წამყვანი ფეხბურთელების სრული უმეტესობა სწორედ ევროპაში თამაშობს. ეს კი მათი თამაშის სტილზე აისახება.

ევროპული ფეხბურთის გაძლიერება ბევრმა ექსპერტმა აღნიშნა. შეგახსენებთ, ესპანეთი პირველი ევროპული გუნდი გახდა, რომელმაც ამ კონტინენტის გარეთ მოიპოვა ჩემპიონობა. დავით კაკაბაძის აზრითაც, სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატი, პირველ რიგში, სწორედ ამით გამოირჩეოდა.

მსოფლიო ჩემპიონატის შეფასება ერთგვარად მასში გამარჯვებულზე მსჯელობითაც შეიძლება. დამსახურებულად გახდა თუ არა ესპანეთი ჩემპიონი? ჩვენი ორივე ექსპერტი ამბობს, რომ - კი, თუმცა ასევე ორივე თანხმდება, რომ ყველაზე ლამაზად ესპანეთს არ უთამაშია. დავით კაკაბაძის აზრით, სანახაობრივად ყველაზე კარგ ფეხბურთს სულ სხვა გუნდი აჩვენებდა - გერმანია.

დავით ქლიბაძე კი ხსნის, თუ რატომ არ იყო სანახაობრივი ესპანეთის თამაში. მისი შეფასებით, ნაკრების თამაში ძირითადად ბურთის შენარჩუნებაზე, პასებსა და მოწინააღმდეგის შეცდომაზე იყო აგებული.

შეიძლება თუ არა, რომ ესპანეთის გამარჯვებამ მომავალ ჩემპიონატებში მოასპარეზე ნაკრებების თამაშის სტილზე მოახდინოს გავლენა? დავით კაკაბაძე თვლის, რომ ასეთი რამე ადრეც მომხდარა - გამარჯვებულის ტაქტიკა სხვასაც აუთვისებია, თუმცა ამჯერად არ ელის, რომ ასე მოხდება.

კიდევ ერთი რამ, რაც, სავარაუდოდ, შეიცვლება მომავალ ჩემპიონატამდე, მსაჯობის პროცესში დამატებითი ტექნიკური საშუალებების ჩართვა იქნება. დავით კაკაბაძე ამბობს, რომ ამაზე უდიდესი გავლენა მოახდინა ერთ დღეს დაშვებულმა ორმა უხეშმა შეცდომამ - ინგლისის მიერ გერმანიის კარში გატანილმა და არჩათვლილმა გოლმა და არგენტინის მიერ ოფსაიდიდან გატანილმა, მაგრამ ჩათვლილმა გოლმა. გამოხმაურება ისეთი დიდი იყო, რომ შედეგიც მოჰყვა, - ამბობს დავით კაკაბაძე.

დავით ქლიბაძეს იმედი აქვს, რომ ფეხბურთის, მისი აზრით, არასწორი განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი მომავალი ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა იქნება.

მანამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, მაგრამ ცნობილია, რომ ოთხ წელიწადში ვუვუზელას ხმებს ბრაზილიური სამბა ჩაენაცვლება.
XS
SM
MD
LG