Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა. 16 ივლისი 2010


„ქება კლინტონს კრაკოვსა და თბილისში ვიზიტის“ გამო - ასე დაასათაურა „ფორინ პოლისიში“ გამოქვეყნებული თავისი წერილი დევიდ კრემერმა, რომელიც დასაწყისშივე აცხადებს: საკმარისად, მაგრამ, იმედია, კონსტრუქციულად გავაკრიტიკე ბოლო 18 თვის მანძილზე ობამას ადმინისტრაცია, თუმცა დადებით პოლიტიკასა და გადაწყვეტილებებს ვემხრობოდით, თუკი ასეთი იყოო. ახლა კი, სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში მოგზაურობის შესახებ როცა წერს, კრემერს ზუსტად მოჰყავს მისი მკაფიო გამონათქვამები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ეხება. სახელმწიფო მდივანმა თქვა, წერს კრემერი, რომ აშშ თანმიმდევრულად ეწინააღმდეგებოდა რუსეთის ჯარის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას და მოითხოვდა რეზოლუციას, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღდგენას იგულისხმებდა. ამ საკითხს - ეს ნათქვამი მთლიანად მოჰყავს „ფორინ პოლისიში“ ავტორს - რუსეთთან ყოველთვის ვაყენებთ ხოლმეო, განაცხადა კლინტონმა პოლონეთში. ამავე კონტექსტში კრემერი კვლავ სახელმწიფო მდივნის გამონათქვამების ქებით განაგრძობს თხრობას უკვე თბილისში გაკეთებული ანალოგიური განცხადებების შესახებ. და ეს, წერს, კრემერი, მნიშვნელოვანი მესიჯია, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ეკუთვნისო. ასევე დადებითად ჰყვება ის ნატოში საქართველოს გაწევრიანების სურვილის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის გარშემო. დაბოლოს, სტატიაში წაიკითხავთ, რომ კლინტონის ვიზიტი რეგიონში იყო რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებისთვის კვლავ დადასტურება იმისა, რომ ობამას ადმინისტრაცია თავისი „გადატვირთვის“ პოლიტიკით არ წირავს ამ ქვეყნებს. ჰილარი კლინტონის კრაკოვსა და თბილისში ჩასვლას სწორი მიმართულებით გაკეთებულ სწორ ნაბიჯებად აფასებს სტატიის ბოლოს ავტორი.

მიუნხენში გამომავალი „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“ აქვეყნებს ორი სტუმრის, ნატოში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის დმიტრი როგოზინისა და გერმანიის თავდაცვის ყოფილი მინისტრის ფოლკერ რუიეს ერთობლივ წერილს, სათაურით „დაახლოება მოთხოვნაა“. სტატიაში ლაპარაკია რუსეთის და ნატოს დაახლოებაზე. რუსეთი ნატოში უნდა იყოს, რადგან მტკიცე მშვიდობა შეიძლება მიღწეული იქნეს მხოლოდ ერთობლივად და არა იმ უსაფრთხოების საფუძველზე, რომელშიც რუსეთი გარიყული იქნებაო, წერენ წერილის დასაწყისში როგოზინი და რიუე და იქვე განმარტავენ: იქნებ მოულოდნელიცაა, რომ ნატოში რუსეთის წარმომადგენელსა და გერმანიის ყოფილ თავდაცვის მინისტრს ზუსტად ერთი და იგივე არგუმენტები აქვთ, როცა საქმე ჩვენი დროის უსაფრთხოების სასწრაფო საკითხებს შეეხება, მაგრამ ორივე მივედით დასკვნამდე, რომ მსოფლიოს ისტორია რუსეთს, ევროპას და ამერიკას უხსნის ფანჯარას, საერთო უსაფრთხოებისთვის იზრუნონ. სტატიაში, რომლის პათოსსაც გამოხატავს მისი სათაური - „დაახლოება მოთხოვნაა“, წერია, რომ რუსეთი და გერმანია ამ საქმეში წამყვანები შეიძლება იყვნენ. იქვე ნახსენებია საქართველო. შუა აზია, წერენ ავტორები, კრიზისებისა და კონფლიქტების კერაა და „ვინც ასეთ არეალებს, ამ დენთის კასრებს შეეხება, წინასწარვე წაგებული იქნება. საქართველოს ნატოში გაწევრიანება სწორედ ასეთი ცდუნება იქნებოდა. ამავე დროს, ნატო აღიარებს, რომ ალიანსს იქ არავითარი სასიცოცხლო ინტერესი არა აქვს, რომელიც სამხედრო გზით შეიძლება დაიცვას. რაც შეეხება უკრაინას, ევროპა სულ უფრო მეტად ფიქრობს იმაზე, რომ ეს ქვეყანა ევროკავშირთან დააახლოოს“. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნათქვამია გაზეთში, ნატო კარს უღებს ქვეყნებს, რომლებიც არ არიან მომწიფებული წევრობისათვის, რომლებსაც არ შეუძლიათ წვლილი შეიტანონ ერთობლივ უსაფრთხოებასა და რეგიონალურ სტაბილურობაში და მხოლოდ ტვირთად იქცეოდნენ ყველა მხარისათვის.

ერთი ციტატა მინდა გაგაცნოთ გერმანულენოვანი „ფრანკფურტერ ალგემაინედან“, რომელიც რუსეთში გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მოგზაურობას აშუქებს. „პრეზიდენტმა მედვედევმა გერმანია თავისი ქვეყნის მოდერნიზების საკვანძო ქვეყნად შეაფასა. და, მართლაც, გერმანიის მრეწველობას ხელთა აქვს ზოგიერთი გასაღები იმისათვის, რომ რუსეთის ჩამორჩენილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა გააუმჯობესოს და განავითაროს განადგურებული სამრეწველო პოტენციალი. როგორი გამოუყენებელი შესაძლებლობებია ამ მხრივ, ჩანს იმ მილიარდიან პროექტებში, რომლებიც კანცლერის თანმხლებმა გერმანელმა მეწარმეებმა სამთავრობო შეხვედრების დროს გააფორმეს. მაგრამ რუსეთის მოდერნიზება, წერს გაზეთი, ძნელი მისაღწევია, როცა ტექნიკურ განახლებას სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიზება და განვითარება არ ახლავს. ამ მხრივ, პრეზიდენტმა მედვედევმა პირობ კი დადო, მაგრამ დღემდე ცოტა გააკეთა, აუწყებს მკითხველს „ფრანკფურტერ ალგემაინე“.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG