Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 12-17 ივლისი


მიმდინარე კვირაში საქართველოს ერთბაშად ოთხი უცხოური დელეგაცია ეწვია. შესაბამისად, პრესის ყურადღებაც ამ ვიზიტების გაშუქებას დაეთმო. ამ კვირაშიც აქტუალური იყო მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვის საკითხი. ვნახოთ კიდევ რა თემებზე შეაჩერა ამ კვირის ქართულმა პრესამ ყურადღება.

ორშაბათი, 12 ივლისი

წინასწარ განწირული მოლაპარაკებები?” - კითხვის ნიშნით ასრულებს გაზეთ ”რეზონანსის” ჟურნალისტი პუბლიკაციის სათაურს. თავად პუბლიკაცია კი მოსკოვისა და თბილისის ურთიერთობის შესაძლო აღდგენას შეეხება: ”მართლაც არ გამოირიცხება მზაობა რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგისათვის, რომლის მიზანი მხოლოდ დიალოგი იქნება. შედეგიანობის რეალობა, სამწუხაროდ, დაბალია”, - აცხადებს ”რეზონანსთან” საუბრისას ექსპერტი რამაზ საყვარელიძე. ის, რომ რუსეთი საქართველოსთან დიალოგისა და თანამშრომლობისათვის მზადაა, გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებამ გვამცნო. პასუხად სააკაშვილმაც დაადასტურა რუსეთთან უპირობო თანამშრომლობისათვის მზადყოფნა. პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ უნდა ვეცადოთ ეს მოლაპარაკებები ”ჟენევის ფორმატის მსგავს გართობად” არ იქცეს: ”ამ შემთხვევაში გვექნება კონტაქტი რუსეთთან, მაგრამ არ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებულნი. თუ მხარეები მხოლოდ საკუთარი ქვეყნის მეხოტბეები იქნებიან, შეიძლება ორმხრივი ურთიერთობები უფრო გამწვავდეს, ვიდრე რაიმე საკითხი მოგვარდეს”, - ამბობს ცისკარიშვილი.

”ირაკლი ალასანია უხერხულ კითხვებს პასუხობს” - ასე ასათაურებს ვრცელ ინტერვიუს ირაკლი ალასანიასთან გაზეთ ”ვერსიის” ჟურნალისტი. ერთ-ერთი უხერხული შეკითხვა კი ასე ჟღერს: „მიუნხენში შეხვედრა რომ გთხოვოთ, შესაძლებელია ოქრუაშვილთან მოლაპარაკებები გამართოთ?“ პასუხი კითხვაზე: ”იმ ძალებთან, ვინც იყო შეკრებილი მიუნხენში, პოლიტიკურად ვერანაირ საერთოს ვერ ვხედავ.”

ცოტნე გამსახურდიას სკანდალურ წერილს აქვეყნებს გაზეთი ”ასავალ-დასავალი”. როგორც გაზეთის პირველ გვერდზეა მითითებული, წერილის წაკითხვის უფლება, რომელიც მიმდინარე წლის 21 მაისით თარიღდება, ცოტნე გამსახურდიას მოსამართლე მანანა ოთარაშვილმა 2010 წლის 6 ივლისს სასამართლო პროცესზე არ მისცა. ამონარიდი წერილიდან: ”7 მაისის საღამოდან დღემდე აქ გრძელდება ზედა სართულიდან მომავალი განწირული ღრიალი. არ ვიცი, როგორ დავახასიათო ზუსტად ეს ხმა: ყვირილი, ღრიალი, ტირილი, გოდება, გმინვა. ნუ გამოიჩენთ სიმხდალეს და თვალს ნუ აარიდებთ ამ ადამიანურ უბედურებას. გთხოვთ, გეხვეწებით, დაეხმარეთ პატიმარს, რომელსაც უკვე ორ კვირაზე მეტია აწამებენ. გთხოვთ ყველას, გამოიჩინეთ ერთიანი ძალისხმევა, უშველეთ ათასობით ადამიანს, ვინც ამ მონსტრის ხელშია მოქცეული.”

13 ივლისი, სამშაბათი

კვლავ აქტუალურია მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზაციის საკითხი.

”ახალ თაობაში” პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილთან ინტერვიუ ქვეყნდება: ”ვერავითარ გადაუდებელ ამოცანას რუსეთისთვის ვერ დავარქმევ ჩვენს გაზსადენს გარდა იმისა, რომ იქონიოს კიდევ უფრო მეტი ბერკეტი საქართველოს ხელისუფლებაზე. დღევანდელი ხელისუფლება ამას თანხმდება. მაგრამ, ამავე დროს, მთავრობა სამოქმედო ასპარეზს ძალიან უმცირებს მომავალ ხელისუფლებებს. ზოგადად, საქართველოს მომავალი, როგორც ჩანს, არ გახლავთ რაიმე ტიპის საფიქრალი ან რაიმე ტიპის ღირებულება დღევანდელი ხელისუფლებისთვის”, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.

”რეზონანსი” 12 ივლისს გამართულ ამ დისკუსიას ვრცელ სტატიას უძღვნის, სათაურით - ”მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვა - გზა მარსისკენ?!”. ავტორი მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე წლის წინანდელ გამონათქვამს იხსენებს: ”სტრატეგიული ობიექტების დაკარგვის შემთხვევაში ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს შესვლა აზრს დაკარგავს. თუ მთავრობა ყველაფერს რუსეთს მიჰყიდის, მერე უნდა ნატოში შევიდეს და უნდა მარსზე გაფრინდეს”, - ეს, ”რეზონანსის” ავტორის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის სიტყვებია, რომელიც 2002 წელს გაზეთ ”ხვალინდელ დღეში” გამოქვეყნდა და გაზსადენის დათმობაზე ატეხილ აჟიოტაჟს უკავშირდებოდა.

”საქართველოს რესპუბლიკა” განაგრძობს პროექტ ”სახალხო სასამართლოში” მიმდინარე პროცესების გაშუქებას: ”ალბათ, სუბიექტური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს პრინციპებზე დაფუძნებული ”სახალხო სასამართლო” თავის ფუნქციას პირნათლად ასრულებს”, - წერს ავტორი და მკითხველს ე.წ. ”აფრასიძეების საქმის” განხილვის დეტალებს სთავაზობს.

14 ივლისი, ოთხშაბათი

”15 ათას პედაგოგს ატყუებენ?!” - ძახილისა და კითხვის ნიშნით სრულდება ”ახალი თაობის” ეს სათაური. სტატიაში საუბარი შეეხება საქართველოში მიმდინარე პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებს. ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ძალიან კარგია, რომ 15 ათასმა პედაგოგმა შეიტანა განაცხადი და გამოთქვა სურვილი გამოცდაზე გავიდეს, მაგრამ პრობლემა სხვა რამეს უკავშირდება. მისი თქმით, ამ ადამიანებს არავინ ეუბნება, რომ მათი ხელფასი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე იმ პედაგოგების, რომელთაც არ ექნებათ სერტიფიკატები. განათლების სამინისტრო მთელი ეს პერიოდი აცხადებს, რომ დანამატი იქნება, მაგრამ რეალური თანხა არავის უთქვამს, აღნიშნავს ვეფხვაძე. ის ეჭვს გამოთქვამს, რომ 15 ათასი პედაგოგი მოტყუებული დარჩება. მან უმრავლესობის წევრებს პედაგოგთა პროფკავშირის განადგურებაც მიულოცა:

”გილოცავთ, პროფკავშირები გაანადგურეთ! ეს კი იმას ნიშნავს, რომ პედაგოგები სრულიად დაუცველნი დარჩებიან, ყველა დაპირება ჰაერში დარჩება, მაგრამ ეს ყველაფერი უახლოეს არჩევნებზე წინ დაგხვდებათ”, - ამბობს ლევან ვეფხვაძე.

”მთავარი ნაციონალური დაპირისპირება” - ამ სათაურით აქვეყნებს გაზეთი ”რეზონანსი” ვრცელ სტატიას, სადაც საუბარია მმართველ წრეებში განხეთქილების არსებობასა და კიდევ უფრო გაღვივებაზე. როგორც პუბლიკაციის ავტორი წერს, ”თავისუფლების ინსტიტუტს”, დიმიტრი შაშკინის გარდა, ვანო მერაბიშვილიც უპირისპირდება, - ამაზე ოპოზიციაში ძალიან აქტიურად საუბრობენ. სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლების მტკიცებით, ვანო მერაბიშვილსა და ”თავისუფლების ინსტიტუტის” ერთ-ერთ მთავარ ფიგურა ზურაბ ადეიშვილს შორის გავლენის სფეროების გადანაწილების გამო კონფლიქტი არ ცხრება. საპარლამენტო ოპოზიციონერის გია ცაგარეიშვილის ინფორმაციით, ხელისუფლების შიგნით ცდილობენ ერთმანეთს ბიზნესინტერესები წაგლიჯონ, ”ახლების” წევრის მამუკა კაციტაძის მტკიცებით კი, ეს არა ბიზნესინტერესების, არამედ პოლიტიკური გავლენის სფეროს კონტროლისათვის არსებული ბრძოლაა.

15 ივლისი - ხუთშაბათი

პრესა მიმდინარე თვეში უცხოეთის მაღალი რანგის დიპლომატების გახშირებული ვიზიტების მიზეზს ეძებს. ”ახალი თაობა” 2008 წლის ივლისთანაც ავლებს პარალელს - ”ასე ხდებოდა ორი წლის წინაც, როდესაც აგვისტოს ომი დაიწყოო”, ეუბნება კორესპონდენტი ექსპერტ მამუკა არეშიძეს, რომელიც ამ ეჭვსა და დღევანდელ რეალობას შორის კავშირს ვერ ხედავს. ამავე ინტერვიუში არეშიძე საქართველო-რუსეთს შორის დიალოგის საკითხზეც ლაპარაკობს: ”მე ყოველთვის ვამბობდი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადააბიჯოს ყველაფერს და საერთაშორისო თანამეგობრობას მოსთხოვოს რუსეთთან დიალოგში იყოს შუამავალი, თორემ რუსეთი თავისი ზრახვებით საქართველოს დაქუცმაცებას ომის გარეშეც ახერხებდა”, - ამბობს არეშიძე. მასთან ინტერვიუ ”ახალ თაობაში” ქვეყნდება. ამავე გაზეთში ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის მოსაზრებებსაც გაეცნობით: ”რუსეთ-საქართველოს ომი ნაწილობრივ გამოწვეული იყო დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების კონტექსტში. ამ შემთხვევაში საქართველო იყო ის გზაჯვარედინი, სადაც რუსეთის და დასავლეთის ინტერესები იკვეთება. ერთმა იმარჯვა, - მხედველობაში მაქვს რუსეთი. მეორეს შედარებით პასიური მდგომარეობა ჰქონდა. შესაბამისად, გამარჯვებული დარჩა რუსეთი და წაგებული არა დასავლეთი, არამედ საქართველო. ამიტომ ამ პასუხისმგებლობას გრძნობს დასავლეთი”, - ამბობს ირაკლი სესიაშვილი.

”ალია” წერს: „”ალიას” სკანდალური ინფორმაცია მიაწოდეს. ჯანდაცვის სამინისტროში გაუქმდა ე.წ. დახმარების კომისია, რომელიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა და უმწეოთა პროგრამებს აფინანსებდა. გარდა ამისა, დღის წესრიგში დგას ყველა ურგენტული პროგრამის გაჩერება. საუბარია ქირურგიული ოპერაციების იმ დაფინანსებაზე, რომელიც ადრე სახელმწიფოს მხარდაჭერითა და პირდაპირი დაფინანსებით ხორციელდებოდა. ზუსტად 2010 წლის ბოლოს კი ჯანდაცვის სამინისტროს მთლიანად გაუქმებას აპირებენ”, - წერს ”ალია”.

16 ივლისი, პარასკევი

თუკი რამდენიმე დღის წინ ქართული პრესა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბერნარ კუშნერის ვიზიტის მოსალოდნელ შედეგებსა და ვარაუდებზე წერდა, დღეს უკვე იმაზე წერს, თუ რა აქცენტები და მინიშნებები გამოიკვეთა მისი ვიზიტის შედეგად. გაზეთი ”რეზონანსი” აქვეყნებს ვრცელ ინტერვიუს ”რესპუბლიკელ” თინა ხიდაშელთან. ის იმ ოთხი ოპოზიციონერიდან ერთ-ერთი იყო, რომლებიც ბერნარ კუშნერმა საუზმეზე მიიწვია. ”რა საკითხით დაინტერესდა კუშნერი ოპოზიციასთან შეხვედრაზე?” -ეს არის ”რეზონანსის” მთავარი შეკითხვა. ხიდაშელის პასუხი კი ასეთია: ”ძალიან პესიმისტურად გამოიყურებითო, გვითხრა კუშნერმა. ჩვენ შევეცადეთ მაქსიმალურად მიგვეწოდებინა მისთვის ყევლა ის საკითხი, რაც ასე მყარად დგას საქართველოში, იქნება ეს პოლიციის ზეწოლა თუ ზოგადად პოლიტიკური პროცესები...მისი მხრიდან შეფასებები არ ყოფილა. უფრო მოსმენის რეჟიმში მიმდინარეობდა შეხვედრა”, - ამბობს ხიდაშელი.

”კუშნერმა სააკაშვილს იმედები გაუცრუაო”, - წერს დღევანდელი ”ახალი თაობა”: ”ბერნარ კუშნერმა არაორაზროვნად განმარტა, რომ მან არაერთხელ გამოიყენა სიტყვა ”ოკუპაცია” და მზად არის, ის ისევ გამოიყენოს, თუმცა, მისივე თქმით, პრობლემების მოგვარება მხოლოდ ამ გზით ვერ მოხერხდებაო”, - მოჰყავს კუშნერის ციტატა პუბლიკაციის ავტორს.

”დევნილებთან შეხვედრით შეცვლილი დიპლომატიური ტონის” შესახებ წერს დღევანდელი ”24 საათი”: ”მიუხედავად იმისა, რომ კუშნერი პრეზიდენტის რეზიდენციაში სიფრთხილით საუბრობდა დროებით საცხოვრებლებში მყოფ დევნილთა პირობების გაუმჯობესების საკითხზე, ამ ადამიანების ნახვის შემდეგ უფრო მკაფიო პოზიცია გამოხატა: ”რა თქმა უნდა, აქ უკეთესი პირობებია, ვიდრე კარვებში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი აქ უნდა დარჩნენ. ეს ადამიანები აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში. ქართველ დევნილთა სახლებში დაბრუნება ძალიან მძიმე საკითხია, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ აუცილებლად უნდა მოაგვაროს. პირადად მე და საფრანგეთის ხელისუფლება ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ”, - აცხადებს კუშნერი.

კიდევ ერთი თემა, რომელზეც აქტიურად წერს დღევანდელი პრესა განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობაა. სკოლებიდან გათავისუფლებულ მასწავლებელთა რიცხვი დღითი დღე იზრდებაო, წერს გაზეთი ”რეზონანსი”, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი კი იფიცება - ტყუილიაო: ”გუშინ დამირეკეს და გათავისუფლების შესახებ მაცნობეს. მანამდე პედსაბჭო გვქოდნა. დირექტორს ვთხოვეთ, საბოლოოდ ეთქვა გვიშვებდა თუ არა სამსახურიდან. მე არ გადამიწყვეტიაო, - გვიპასუხა. როგორც ჩანს, პედსაბჭოზე ამის ხმამაღლა თქმა მოერიდა. საუკეთესო მასწავლებლები გაუშვა, რომლებსაც ამის გამო ჯანმრთელობაც კი შეერყათ”, - ამბობს ”რეზონანსთან” საუბარში 24-ე სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ნათელა მირიანაშვილი. მის მსგავსად, გაათავისუფლეს სკოლებიდან „რეზონანსის“ კორესპონდენტის კიდევ ორი რესპონდენტი.

17 ივლისი, შაბათი

შაბათის პრესას პირველ გვერდებზე ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტის, ბარონესა კეტრინ ეშტონის წეროვანში ვიზიტის ამსახველი ფოტოები გამოაქვს. გაზეთი 24 საათი კი ამ ვიზიტის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მნიშვნელობაზე წერს. სტატიაში ამავე სათაურით პოლიტოლოგი ბაკურ კვაშილავა აცხადებს, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა ხელს შეუწყობს სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელებას - ”შესაძლოა ეს სტრატეგია ოკუპირებულ რეგიონებთან დასავლეთის ურთიერთობის ერთადერთ ფორმადაც იქცეს”, - ამბობს ბაკურ კვაშილავა. გაზეთი მიმოიხილავს უკრაინის ახალი მთავრობის ვიზიტს საქართველოში - კვირის ბოლოს უცხოური ვიზიტები სწორედ უკრაინის პრეზიდენტის სერგეი ტიგიპკოს სტუმრობით დასრულდა. ”საქართველოში უკრაინას მთელი რიგი ინვესტიციები აქვს, - ტურიზმში, საფინანსო სფეროში, ასევე მრეწველობაში, კერძოდ, ჭიათურმანგანუმში, -თუმცა უკრაინის ბიზნესი არც ისე მსხვილია, რომ ყველა სფეროში მასშტაბური ინვესტიციები განვახორციელოთ”, - განაცხადა ტიგიპკომ.

გაზეთი ”რეზონანსი” ყურადღებას უთმობს სახალხო დამცველის ანგარიშის საპარლამენტო მოსმენის საკითხს და წერს, რომ საკანონმდებლო ორგანომ ეს ანგარიში კვლავ ცნობად მიიღო. საინტერესოა, წერს გაზეთი, რომ ანგარიშს მხოლოდ 18 დეპუტატი უსმენდა და აქედან მხოლოდ 4 იყო საპარლამენტო უმცირესობიდან. ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვეფხვაძე, ”რეზონანსთან” საუბარში აცხადებს: ”ორი უმთავრესი სტიგმა აქვს ამ პარლამენტს - არც ერთ საკითხზე არ იქმნება საგამოძიებო კომისია და სახალხო დამცველის ანგარიშის შედეგად არც ერთი თანამდებობის პირი არ ისჯება”. სახალხო დამცველის ანგარიშში, „რეზონანსის“ ცნობით, მოხვდა როგორც ცალკეული ფაქტები ადამიანის უფლებების შელახვისა, - მაგალითად, ეკა ბესელიას ოჯახის საქმე, - ისე ზოგადი პრობლემებიც, როგორიცაა რელიგიური კუთხით არსებული პრობლემები, პატიმრების საკითხი და ა.შ. ”რეზონანსი“ ასევე ბეჭდავს ინტერვიუს საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრთან - ზაქარია ქუცნაშვილთან, რომელიც აცხადებს, რომ, მისი ინფორმაციით, ახალი კონსტიტუციის მიღება 24 აგვისტოს - კონსტიტუციის მიღებიდან 15 წლის თავზე - იგეგმება და მოითხოვს გარდამავალ დებულებებში ჩაიწეროს, რომ ყოფილ პრეზიდენტს არ ექნება უფლება 5 წელი კენჭი იყაროს პრემიერ-მინისტრობაზე. ”ეს იქნება ლაკმუსის ქაღალდი, რომელიც მოგვცემს საშუალებას ავხსნათ, ეს ნაჩქარევი ცვლილებები მხოლოდ ძალაუფლების გადანაწილებას ემსახურება თუ რითაა ნასაზრდოები”, - აცხადებს ქუცნაშვილი.

”არის თუ არა სააკაშვილი ”ჭიათურმანგანუმის” წილის მემკვიდრე”? - სვამს კითხვას გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“. ეს სტატია პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 14 ივლისს გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა: ჩვენმა მთავრობამ საწარმო გაყიდა, რომელიც ჩემს დიდ ბაბუას, ჯიბო აბაშიძეს, ეკუთვნოდა და მე ჩემი წილი დავთმეო. გაზეთთან კომენტარს ქართული აკადემიის წევრი ელიზბარ ჯაველიძე აკეთებს და ამბობს, რომ ეს ურცხვი ტყუილია: ”ჯიბო აბაშიძე მართლაც იყო ”ჭიათურმანგანუმის” სააქციო საზოგადოების ერთ-ერთი მეწილე. ის სააკაშვილის დედის მხრიდან ბებიის, მზია წერეთლის, ბაბუა იყო. ჭიათურმანგანუმი გასაბჭოების შემდეგ სახელმწიფო საკუთრება გახდა, ხოლო აქციონერები წილის გარეშე დატოვეს - მათ შორის, ნიკო ნიკოლაძეც. ისიდორე ვარაზაშვილი კი ოჯახით გადაასახლეს“, - აცხადებს ჯაველიძე.

”საქართველოს რესპუბლიკა” უბრუნდება მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვის საკითხს და გთავაზობთ ვრცელ ინტერვიუს ექსპერტთან ეკონომიკის საკითხებში ლადო პაპავასთან. გთავაზობთ ციტატას: „ამერიკელებისათვის მნიშვნელოვანია გაზსადენი არ გაიყიდოს, რადგან რუსეთ-ირანის ენერგეტიკის გაერთიანებას მერე წინ ვეღარაფრით აღუდგება. ამიტომ ეს შეიძლება იყოს ამერიკელებთან ვაჭრობის საგანი იმ პირობით, რომ საქართველოს მთავრობა გაზსადენს არ გაყიდის, ამერიკელები კი დახმარების პაკეტს შესთავაზებენ.. და შემდეგ: ”ეკონომიკაში არ არსებობს სტრატეგიული ობიექტის ცნება, ამბობს ლადო პაპავა. ობიექტი ან მომგებიანია, ან წამგებიანი. სტრატეგიულობის ცნება შემოდის სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. სტრატეგიულობის მხრივ, საქართველოს უმთავრესი საერთაშორისო ფუნქციაა იყოს სატრანზიტო დერეფანი, ხოლო თუ ამაზე კონტროლს დავკარგავთ, აბსოლუტურად უფუნქციო ტერიტორიად დავრჩებით”, - ამბობს ლადო პაპავა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG