Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპულად დანახული საქართველო


საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი დევნილთა დასახლებაში
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი დევნილთა დასახლებაში
ამ კვირაში სრულიად საქართველომ თუ არა, ოფიციალურმა და არაოფიციალურმა თბილისმა ევროპულად იცხოვრა. ქართულ პოლიტიკურ ელიტას - ხელისუფლებიდან დაწყებული, ოპოზიციის შერჩეული ნაწილით დასრულებული, ინგლისურ-პოლონურ-ფრანგულ-უკრაინულ ენაზე უწევდა მაღალჩინოსანი ევროპელების მოსმენა.

ევროპელ სტუმრებს მასპინძლობდნენ ამ კვირაში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები თუ კომპაქტურად ჩასახლებული დევნილებიც.

შესაბამისად, მედიის წარმომადგენლებისათვისაც ეს კვირა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც ერთ-ერთი ყველაზე ცხელი გამოდგა: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები მაიკლ იენსენი და კასტრიოტ ისლამი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ შიკორსკი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ბარონესა კეტრინ ეშტონი, უკრაინის ვიცე-პრემიერი სერგეი ტიგიპკო - ეს ის ევროპელი მაღალჩინოსნები არიან, რომლებმაც 2010 წლის 28-ე კვირა, 12 ივლისიდან 16 ივლისის ჩათვლით საქართველოში რიგრიგობით გაატარეს და აქაურობას სიტყვაც დაუტოვეს.

თბილისში ევროპული კვირეული 12 ივლისს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციამ ოთხდღიანი ვიზიტით გახსნა. დელეგაცია საქართველოში მაიკლ იენსენის ხელმძღვანელობით ჩამოვიდა. მასთან ერთად ესტუმრა თბილისს კომიტეტის კიდევ ერთი მომხსენებელი კასტრიოტ ისლამი. მათ შეხვედრები გამართეს როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის, ეთნიკური უმცირესობების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან. როგორც კასტრიოტ ისლამმა განმარტა, შეხვედრების დასრულების შემდეგ შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე მომზადდება ორნაწილიანი ტრადიციული ანგარიში, რომელშიც ფაქტობრივ მასალასთან ერთად ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის რეკომენდაციებიც შევა:

”ჩვენ საქართველოში მორიგი მონიტორინგის მიზნით ჩამოვედით და ამჯერად ხუთ საკითხზე გავამახვილებთ ყურადღებას: როგორ მიდის დეცენტრალიზაციის პროცესი და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა, სასამართლო რეფორმა, მედიის თავისუფლება. განსაკუთრებით გვაინტერესებს მედიის მფლობელთა ვინაობის საკითხი, ასევე მთავრობის ანტიკორუფციული სტრატეგია - როგორია ამ კუთხით მათი გეგმები და რა პროგრესია მიღწეული დღემდე და, ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი - ადამიანის უფლებების სფეროში არსებული ვითარებაა - აქ ვგულისხმობ რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებებს, ციხეებში არსებულ ვითარებას... მოკლედ, ყველა იმ საკითხს მოვიცავთ, რაც ადამიანის უფლებებს უკავშირდება”, - განაცხადა ისლამიმ.

უცხოეური დელეგაციების ვიზიტები 13 ივლისს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ შიკორსკის სტუმრობით გაგრძელდა. როგორც მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ახალი პრეზიდენტის პირობებში პოლონეთი შეინარჩუნებს იმ კურსს საქართველოს მიმართ, რაც მას ტრაგიკულად დაღუპული პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის დროს ჰქონდა აღებული. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თავისი გამოსვლა იმ პოზიტიური ცვლილებების აღნიშვნით დაიწყო, რომელიც, მისი აზრით, საქართველოში შეინიშნება. მისი საუბრის ერთ-ერთ თემა ევროკავშირის ქვეყნებთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის საკითხიც იყო. შიკორსკიმ პოლონეთსა და საქართველოს შორის ტურიზმის განვითარების პერსპექტივასაც გაუსვა ხაზი. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა პოლონეთის დამოკიდებულება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებითაც: ”მე არ ვფიქრობ, რომ ვინმემ რამე მოიგო აგვისტოს მოვლენებით. იმ კრიზისული სიტუაციის დეტალებზე ახლა არ ვისაუბრებ, მაგრამ ვიტყვი, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არასოდეს ვაღიარებთ თვითაღიარებული რესპუბლიკების - საქართველოს არაკონტროლირებადი ტერიტორიების - დამოუკიდებლობას და ყოველთვის ჩავთვლით ამ ტერიტორიებს საქართველოს ნაწილად”, - ამბობს შიკორსკი.

თუმცა შიკორსკის არ უხსენებია სიტყვა “ოკუპაცია” აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მისამართით. მედიის კითხვას, სწორად ახასიათებს თუ არა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მიერ ნახსენები სიტყვა „ოკუპაცია“ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შექმნილ ვითარებას და ეთანხმება თუ არა პოლონეთიც ამ ტერმინს, შიკორსკიმ ასე უპასუხა: ”ჩვენ ვიყენებდით ამ ტერმინს აქამდე, მაგრამ ის შეიცვლება.”

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ვიზიტად მყოფი კიდევ ერთი საგარეო უწყების, ამჯერად უკვე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრისადმი ბერნარ კუშნერისადმი პრეზიდენტმა სააკაშვილმა მადლიერება გამოხატა ტერმინ ოკუპაციასთან დაკავშირებით, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის ოპტიმიზმის მიუხედავად ნათელი გახდა, რომ ევროპელი დიპლომატი ამ ტერმინს ფრთხილი დიპლომატიური ხერხებით უდგება. 15 ივლისს ”ევროპის სახლში” შეკრებილ პოლიტიკოსებს, ექსპერტებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არაერთხელ აარიდა თავი რუსეთის ქმედებებისთვის ოკუპაციის დარქმევას. კუშნერი ფიქრობს, რომ მხოლოდ ოკუპაციის ძახილით არსებული სიტუაცია ვერ გამოსწორდება:

”მარტივია, ვთქვათ, რომ არის ოკუპაცია... მაგალითად, წარამარა ვამბობთ, რომ პალესტინამ მოახდინა ტერიტორიის ოკუპაცია, მაგრამ ტერიტორია მაინც ოკუპირებულად რჩება... სიტყვა ოკუპაცია კი არ ახდენს საკითხის დარეგულირებას, არამედ პოლიტიკური გამოსავალი უნდა გამოიძებნოს და რაც შეიძლება აქტიურად უნდა იმოქმედოთ... მარტო ეს ერთი სიტყვა ვერ გადაწყვეტს იმ პრობლემას, რომ რუსებმა თავიანთი ჯარები გამოიყვანონ და საწყის პოზიციებს დაუბრუნდნენ. ჩვენ ამ ვალდებულებას მუდამ შევახსენებთ რუსეთს... ”, - აღნიშნავს ბერნარ კუშნერი.

მას მიაჩნია, რომ პრობლემების გადაწყვეტის გარანტია საქართველოსთვის, უპირველეს ყოვლისა, თავად საქართველოა და მას ევროპა ყოველმხრივ დაუჭერს მხარს, თუმცა, ისიც ცხადია, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას ევროპელი დიპლომატი მეტად რთულ და ხანგრძლივ პერსპექტივად მიიჩნევს. ის თვლის, რომ ევროკავშირის გაფართოება 27-დან მაქსიმუმ 34 წევრამდე შეიძლება მოხერხდეს, მაგრამ ამ ეტაპზე აქ საქართველოს არ იგულისხმება. თუმცა მისივე თქმით, ამან ქვეყანა არ უნდა დაამუხრუჭოს, ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოების გზაზე.

15 ივლისს, ბერნარ კუშნერის ”ევროპის სახლში” გამოსვლიდან რამდენიმე საათის შემდეგ და თბილისიდან ასევე რამდენიმე ასეული კილომეტრის დაშორებით, ქალაქ ბათუმში, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ბარონესა კეტრინ ეშტონმა საქართველო ევროკავშირისკენ უფრო სწრაფად სავალ გზაზე დააყენა.

15 ივლისს, ბათუმში კეტრინ ეშტონმა გამოაცხადა გახსნილად ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები. ის თვლის, რომ ასოცირების ხელშეკრულება კიდევ უფრო განამტკიცებს ევროგაერთიანებასა და საქართველოს შორის არსებულ კავშირს, რომელიც უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპს ეყრდნობა:

”ჩვენ კვლავაც მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ რუსეთისთვის იმის შეხსენებას, რომ ექვსპუნქტიანი შეთანხმების პირობები ჯერ კიდევ არ არის შესრულებული. გულითადად მივესალმებით საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებას, რომ კონფლიქტები მშვიდობიანად, დიპლომატიური გზებით მოაგვაროს. ამჟამად ჩვენ ვამხნევებთ საქართველოს, შეასრულოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმა”, - აცხადებს ეშტონი.

უცხოური ვიზიტებით დატვირთული კვირის ბოლო სამუშაო დღეს თბილისმა უკრაინის საკმაოდ მრავალრიცხოვანი დელეგაციის მასპინძლობით დაასრულა. უკრაინის ვიცე-პრემიერი სერგეი ტიგიპკო 16 ივლისს ეკონომიკისა და ფინანსური სფეროების პირველ პირებს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. ერთი თვით ადრე დაგეგმილი ეს ვიზიტი, უკრაინის დელეგაციის მეთაურის თქმით, ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობის გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

რადგან უკრაინის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ეს ამ ქვეყნის დელეგაციის პირველი ვიზიტია საქართველოში, რადიო თავისუფლება დაინტერესდა, ხომ არ შეიძლება მას ჰქონდეს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური მიზნებიც. აზრი ქართულ-უკრაინული ეკონომიკური ურთიერთობების ექსპერტს კიევში გიორგი-მამუკა მაჭავარიანს ვკითხეთ, რომელმაც გვითხრა, რომ სერგეი ტიგიპკოსთვის საკმაოდ საინტერესოა საქართველოს გამოცდილება:

”მისთვის საინტერესოა ამ რეფორმების ქართული გამოცდილება. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ტიგიპკო გახლავთ საკმაოდ მომზადებული ბიზნესმენი, მაგრამ ის ამ შემთხვევაში არ სტუმრობს საქართველოს როგორც ბიზნესმენი. ის არის თავისი პარტიის ლიდერი, რომელმაც მესამე პოზიცია აიღო საპრეზიდენტო არჩევნების დროს, და არის სერიოზული პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ცდილობს მოაწესრიგოს უკრაინის ეკონომიკური ურთიერთობები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა დონორ ორგანიზაციებთან”, - ამბობს მაჭავარიანი.

უცხოური დელეგაციების ვიზიტებით დატვირთული კვირა კიდევ ერთი მახასიათებლით უნდა გამოვარჩიოთ. პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვის პერსპექტივა. 2010 წლის 28-ე კვირამ კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვა გაზსადენის პრივატიზების პერსპექტივასთან დაკავშირებული პროექტი დაკანონებას. საბოლოო განაჩენს მაგისტრალურ გაზსადენს პარლამენტი მესამე მოსმენით გამოუტანს. მართალია ხელისუფლება კვლავინდებურად ცდილობს დააჯეროს ოპონენტები, რომ ჯერჯერობით არავის გადაუწყვეტია მისი რუსეთისთვის მიყიდვა, თუმცა თუკი ეს ობიექტი, საბოლოო ჯამში, გაზპრომის ხელში აღმოჩნდება, საწინააღმდეგო არაფერი ექნება. მაგალითად, სადავო კანონპროექტის ერთ-ერთ ინიციატორს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ლაშა თორდიას, რომელიც ამბობს: ”არ მინდა ჩამთვალოთ, რომ რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში პოლიტიკურად რაიმენაირად კეთილგანწყობილი ვარ... მაგრამ ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ, არც ეგ არ შექმნის არანაირ პრობლემას...”
XS
SM
MD
LG