Accessibility links

logo-print

საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციის ახალი პროექტი დაამტკიცა


ავთანდილ დემეტრაშვილი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე (მარცხნივ) და თენგიზ შარმანაშვილი, კომისიის მდივანი

ავთანდილ დემეტრაშვილი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე (მარცხნივ) და თენგიზ შარმანაშვილი, კომისიის მდივანი

19 ივლისს, დღის ბოლოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის საბოლოო ვარიანტი დაამტკიცა. კომისიის 47 წევრიდან მხოლოდ 3-მა წევრმა არ მისცა ხმა წარმოდგენილ პროექტს. საქართველოს კანმდებლობით კონსტიტუციის ახალ პროექტს პრეზიდენტს ხვალ გაუგზავნიან, რის შემდეგაც დოკუმენტს უკვე პარლამენტი განიხილავს. თუმცა, პარალელურად, ასე მოკლე ვადაში მის დამტკიცებას და პრეზიდენტისათვის გადაცემას ოპოზიცია აპროტესტებს და აცხადებს, რომ ”ასეთი პროცედურით განხილული და მიღებული ქვეყნის მთავარი კანონი პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ქვეყნის კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებას და ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობას ემსახურება.”

”პრეზიდენტი რეალურად ჩამოშორდა აღმასრულებელ ხელისუფლებას და მას აღმასრულებელი უფლებამოსილებები თითქმის აღარ გააჩნია - ის ვეღარ შექმნის იმის პრობლემას, რომ უკონტროლო გადაწყვეტილებები მიიღოს. საქართველოს მთავრობა პარლამენტის წინაშეა ანგარიშვალდებული, ანუ მთავრობის ფორმირებას ახდენს არა პრეზიდენტი, არამედ პარლამენტი. ასევე პარლამენტს შეუძლია უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას, თუ ის ჩათვლის, რომ მის მიერ განხორციელებულ პოლიტიკას არაჯეროვნად ახორციელებს. ამასთან, პარლამენტის ნებისმიერი დაუსაბუთებელი მოქმედების შემთხვევაში მთავრობის საწინააღმდეგოდ, ან თუ პარლამენტი არ ახდენს მთავრობის ფორმირებას, პრეზიდენტს შეუძლია დაშალოს პარლამენტი და დანიშნოს ახალი არჩევნები.”

აი, ასეთია, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივნის თენგიზ შარმანაშვილის განმარტებით, სახელისუფლებო ძალთა თანაფარდობა, რომელიც კონსტიტუციის ახალ პროექტში შევიდა და რომლის დასამტკიცებლადაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია 18 ივლისს მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა.

ბოლო საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე იმსჯელეს, ბერლინში ჩატარდა და ეს იყო პროექტის საერთაშორისო ექპერტიზის ბოლო ეტაპი. როგორც კომისიის ხელმძღვანელი ავთანდილ დემეტრაშვილი განმარტავს, ევროპაში ის შეაფასეს როგორც ისტორიული ნაბიჯი ევროპული ტიპის კონსტიტუციისაკენ. ვენეციის კომისიის გარდა, პროექტი შეფასდა საფრანგეთში, პოლონეთში, ჩეხეთში, თურქეთში, ხოლო ის ვარიანტი, რომელზეც საბოლოო მსჯელობა გაიმართა, დემეტრაშვილის თქმით, კვლავ ხალხის ძალაუფლების იდეას ეყრდნობა. მასზე მუშაობისას იყო კიდევ ერთი მთავარი მიზანი:

”ჩამოვაცილოთ პრეზიდენტს ის ზედმეტი უფლებამოსილებები, რაც, დღევანდელი კონსტიტუციით, მას აქვს მინიჭებული. ის დღეს 69-ე მუხლის შესაბამისად წარმართავს და ახორციელებს საგარეო და საშინაო პოლიტიკას. ეს აბსოლუტურად ზედმეტია პრეზიდენტისათვის და ამას უნდა ახორციელებდეს მთავრობა.”

და ეს ასეც მოხდა. აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო მთავრობა გახდა. მაგრამ მთავრობა, თავის მხრივ, ანგარიშვალდებულია ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის წინაშე. პრეზიდენტის უფლებამოსილება მთავრობითა და პარლამენტით არის შეზღუდული. პრეზიდენტის მიერ გამოცემული ყველა ძირითადი აქტი ხელმოწერილი უნდა იყოს პრემიერ- მინისტრის მიერ.

რაც შეეხება საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას, ჩაიდოს ახალ კონსტიტუციაში მუხლი, რომ პრეზიდენტს არ ექნება მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში პრემიერის პოსტზე კენჭისყრის უფლება, ამ მოთხოვნას დემეტრაშვილი ასე უპასუხებს:

”ყველა საერთაშორისო ექსპერტმა თქვა, რომ ეს კონსტიტუციური რეგულირების საგანი არ არის. პრემიერი პოლიტიკური ბრძოლის შედეგად მოსული ლიდერი უნდა გახდეს. პიროვნებების დონეზე მსგავსი რამეების დაყვანა არ შეიძლება - რომ ერთს აუკრძალო და მეორეს გზა გაუხსნა.”

ხელისუფლებას კონსტიტუციის ეს ვარიანტი მოსწონს. უმრავლესობის წევრი პავლე კუბლაშვილი გამოყოფს ვენეციის კომისიის ერთ-ერთ შენიშვნას, რომელიც კომისიამ გაითვალისწინა და აცხადებს, რომ აბსოლუტურად საკმარისია ის დრო, რაც პროექტის გამოქვეყნებიდან მის განხილვას დაეთმო და კვლავაც დაეთმობა. ოპოზიციის პრეტენზია ასე სასწრაფო წესით პროექტის დამტკიცებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოდ მიაჩნია.

საზოგადოებრივი კომისიის წევრები შეფასებებს პროექტის მხოლოდ საბოლოო ვერსიის გაცნობის შემდეგ გააკეთებენ. ვახტანგ ხმალაძე კონსტიტუციის პროექტის განხილვის ერთთვიან ვადას მეტად მოკლე პერიოდად მიიჩნევს: ეს ხომ არ არის ერთ მუხლში ცვლილება, მთლიანად მმართველობის სისტემა იცვლება და ამისათვის ერთი თვე ძალიან ცოტაა.”

სხვათა შორის, ამავე შინაარსის განცხადებას ავრცელებენ ოპოზიციური პარტიებიც და დარწმუნებულები არიან, რომ ასეთი პროცედურით განხილული და მიღებული ქვეყნის მთავარი კანონი პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ქვეყნის კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებას და ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობას ემსახურება. არასაპარლამენტო ოპოზიციის გვერდით განცხადებას ხელს აწერენ "ქრისტიან - დემოკრატებიც“. პარტიის ერთ-ერთი წევრი, გიორგი ახვლედიანი, არასწორად მიიჩნევს მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებისას საზოგადოების იგნორირებას და ამბობს, რომ ამ საკითხის გადასაწყვეტად არც პლებისციტის ჩატარება იქნებოდა ურიგო.

კანონის მიხედვით, კონსტიტუციის პროექტი კომისიის სიითი შემადგენლობის ორი მესამედის მხარდაჭერის მოპოვების შემდეგ პარლამენტში ინიცირებისათვის პრეზიდენტს უნდა გადაეცეს. პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს ამ პროექტის გამოქვეყნებას და საერთო სახალხო განხილვის დაწყებას, რაც ერთი თვე გრძელდება. მხოლოდ ამის შემდეგ აქვს უფლება პარლამენტს მიიღოს ის სამი მოსმენით. ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლას კი 2012–2013 წლებში ვარაუდობენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG