Accessibility links

logo-print
ყველა თანაბარ პირობებში უნდა იყოს - ასეთია მთავრობის არგუმენტი ახალ საგადასახადო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ცვლილებები არასამთავრობო სექტორს შეეხო, რომელთა სახელფასო შემოსავლები, არსებული 12 პროცენტის ნაცვლად, მომავალი წლიდან, სავარაუდოდ, 20 პროცენტით დაიბეგრება. ასეთივე ექნება დაბეგვრა სხვა სექტორებსაც. დაასუსტებს თუ არა ეს არასამთავრობო სექტორს?

რატომ უნდა იყოს არასამთავრობო სექტორი პრივილეგირებულ მდგომარეობაში? ამიტომაც ისინი დაიბეგრებიან ისევე, როგორც ყველა სხვა. საკითხი პრინციპს ეხება. ბიუჯეტში დიდი ფული ამ გზით არ შევა, მაგრამ პრინციპი იქნება დაცული, პრინციპი, რომელიც ამბობს: ყველა თანაბარ პირობებში უნდა იყოს. ასეთია მთავრობის პოზიცია. გიორგი პერტაია, ფინანსთა მინისტრის მრჩეველი ამბობს:

„მთავრობის პოზიცია არის ის, რომ ნებისმიერი დაქირავებული უნდა იყოს ერთნაირ პოზიციაში, ანუ უნდა გადაიხადოს ერთნაირად, და ეს ეხება როგორც საჯარო მოხელეს, რომელიც მუშაობს მთავრობის რომელიმე სტრუქტურაში, ასევე ეს ეხება პირებს, რომლებიც მუშაობენ კერძო სტრუქტურაში, ან რომელიმე კომპანიაში და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციაში. არანაირი სხვაობა აბსოლუტურად რეალურად აქ არ არის.“

არასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ სხვაობა არის, რადგან მათი საქმიანობა სხვა სფეროების საქმიანობისგან განსხვავებულია და მისი მათთან გათანაბრება არასწორია. ჩვენ ვავითარებთ სამოქალაქო საზოგადოებას და არ ვართ მოგებაზე ორიენტირებულნი. დაახლოებით ასეთია ქვეტექსტი არასამთავრობოების პეტიციისა, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეიმუშავა და დღეისთვის 40-მდე არასამთავრობო შეუერთდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან თამარ ხიდაშელს მოვუსმინოთ:

„მესმის, რომ შესაძლებელია ყველა დაიბეგროს თანაბრად, მაგრამ აქ სხვა ფაქტორებია ასაწონ-დასაწონი. აქ არის პოზიცია ხელისუფლების, მინდა თუ არა, რომ ამ სექტორს, რომელიც ისედაც არანაირ დახმარებას ხელისუფლების მხრიდან არ იღებს, ვარ თუ არა დაინტერესებული, რომ ამ ქვეყანაში სამოქალაქო სექტორი განვითარდეს.“

სამოქალაქო სექტორი განვითარებულ ქვეყნებში ხშირად თავად სახელმწიფოს ხელშეწყობით ან ადგილობრივი სახსრებით ვითარდება. მაგალითისთვის, ინგლისში გორდონ ბრაუნი ეგრეთ წოდებული მესამე სექტორის, ანუ სამოქალაქო სექტორისთვის 500 მილიონი ფუნტის გამოყოფისას, 2007 წელს, ამბობდა:

„მე მჯერა, რომ წარმატებული თანამედროვე დემოკრატია განვითარებულ მესამე სექტორზე დგას. ამიტომაც მთავრობამ უნდა შექმნას სივრცე და შესაძლებლობები მისი აყვავებისთვის.“

ანუ იდეაში არასამთვრობო სექტორი თავად საზოგადოებისა და მთავრობის მიერ უნდა იყოს სტიმულიზებული, რაც ისევ და ისევ ირიბად საზოგადოების დაკვეთაა. საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ათასი არასამთავრობო ორგანიზაციაა რეგისტრირებული და ისინი უკვე თხუთმეტზე მეტი წელია მუშაობენ, სექტორი თავიდან ბოლომდე უცხოური დონორების ხარჯზე არსებობს, ასე ვთქვათ, დასავლეთი ფულს ამ მხრივ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში დებს, რაც იდეაში გულისხმობს, რომ სექტორის შემდგომი განვითარება უკვე თავად ამ საზოგადოებამ უნდა იტვირთოს. ქეთი ვაშაკიძე, ევრაზიის განვითარების ფონდიდან:

„უკვე, ალბათ, თხუთმეტი წელია სამოქალაქო საზოგადოება ფეხზე დგება და დადგა რაღაც დონეზე, მაგრამ კიდევ, ალბათ, თხუთმეტი წელი უნდა ან მეტი, რომ ეს აქტივობა გაიზარდოს, მაგრამ საუბარია, ვთქვათ, რა დონეზე გაიზარდოს, რამდენად აქვს მას უნარი რესურსი ადგილობრივი წყაროებიდან წამოვიდეს. თანდათან ვხედავთ, რომ იზრდება ყოველწლიურად, თუმცა ეს მწირია, იმიტომ რომ დაემატა ამას ფინანსური კრიზისი. თუ რამე გამოჩნდა, რომ ფილანტროპიაში მეტი იდებოდა ადგილობრივი ბიზნესებიდან, ამ ფინანსურმა კრიზისმა და ომმა კიდევ ერთხელ უკან დაგვხია.“

ერთი მხრივ, შესაძლოა დავუშვათ არგუმენტი, რომ ეს გახდება ბიძგი არასამთავრობოებისთვის მეტად იაქტიურონ ადგილობრივი რესურსების მოსაძიებლად, რაც ბუნებრივად სამოქალაქო სექტორის უფრო აქტიურ ჩართულობას გამოიწვევს. მაგრამ რამდენად მზადაა დღეს შიდა ბაზარი ამისთვის? სხვა შემთხვევაში გამოდის, რომ მთავრობა ახალი ინიციატივით, რომელიც დისკრიმინაციასთან ბრძოლისკენაა მიმართული, ბეგრავს არა თავად არასამთავრობოებს, არამედ მათ, ვინც არასამთავრობოებს რესურსებით ამარაგებს, ეს კი ხშირ შემთხვევაში, მაგალითისთვის, ევროკავშირია, ორგანიზაცია, რომელთან ინტეგრაციაც ქვეყნის ძირითად პრიორიტეტად აღიქმება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG