Accessibility links

logo-print
სამცხე-ჯავახეთში ცხვრის ფასი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ამის მიზეზი უცხოეთიდან შემოსული მყიდველია. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან დაინტერესებულ მყიდველებს უკვე არაბი და თურქი ბიზნესმენები დაემატნენ. უცხოელები ქართული ჯიშის ცხვარს მეორე წელია მასობრივად ყიდულობენ.

”შარშანდელთან შედარებით, გაძვირებულია. მყიდველს ცოტა ეძვირება. ქართველებიც არიან, რუსებიც, სომხებიც და, რა თქმა უნდა, თათრებიც - უმეტესობა ისინი არიან.”

”დღეს არ გაძვირებულა ცხვარი. 100 ლარი ღირს ბატკანი, კარგ ბატკანს რომ ეძახიან, მაგრამ რასაც ეძახიან კარგ ცხვარს, 120-დან 170 ლარამდე ღირს. არაბები შემოდიოდნენ - უფრო სწორად, ახლა დაიწყეს შემოდინება - და, როგორც გავიგე, ჩვენი ცხვარი იაფი უჯდებათ. თანაც, სამცხე-ჯავახეთში კომუნისტების დროს მეცხვარეობას მისდევდა მოსახლეობა. დღეს აქ ცხვარი ძალიან ნაკლებია. ნინოწმინდასა და ახალქალაქში საძოვრებია სპეციალური, სადაც კახეთიდან შემოდიან, აზერბაიჯანიდან და ა.შ.”

”უცხოელებიც არიან და უფრო მეტად ჩვენი ქართველები. Uუცხოელი, ძირითადად, შემოდის თურქი.”

ახალციხის მეცხოველეობის ბაზარში მყიდველებიც და გამყიდველებიც ყოველ შაბათ საღამოს იკრიბებიან და ვაჭრობა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობს. მეცხოველეობის დარგის განვითარების საკონსულტაციო სამსახურის ხელმძღვანელი ზურაბ შეშაბერიძე ამბობს, რომ ფასების ზრდასთან ერთად სამცხე-ჯავახეთში ცხვრის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

”ცხვრის ფასი მინიმუმ 30%-ით გაიზარდა, მაგრამ სულადობა 50 %-ით შემცირებულია სამცხე-ჯავახეთში; ვიზუალურად ვხედავდით ხოლმე, რომ გასულ წელს ცხვარი ცარიელ მანქანებზე იტვირთებოდა და გადიოდა და სად გადიოდა, ნამდვილად არ ვიცი. აქ შემოდიან, ძირითადად, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან – კახეთიდან, თბილისიდან, დასავლეთიდან – სამეგრელოდან და ქუთაისიდან.”

სამცხე-ჯავახეთის ვეტერინართა ასოციაციის სპეციალისტების მიერ ჩატარებული აღწერის შედეგად, გასულ წელთან შედარებით, ამ რეგიონში ცხვრის სულადობა დაახლოებით 50%-ით შემცირდა. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ეს მათთვის ერთადერთი შემოსავალია. ცხვრით ვაჭრობა განსაკუთრებით აგვისტოსა და სექტემბრის თვეში აქტიურდება.

”ადიგენის რაიონის სოფელ არლიდან ვარ. ძირითადად, ამით ვარჩენ ოჯახს. მომხმარებლისთვის ძვირია, მაგრამ მე არ მაწყობს, რომ იაფად მივცე, იმიტომ რომ მე რაზეც ვცვლი, ისიც ძვირი გამომდის. Yყველას სჯობია, იმუშაო და ირჩინო, ასე კი არა - ძაღლივით ეთრიო...”

”სასექტემბროდ, როდესაც ბავშვები სკოლაში მიდიან... გლეხებს სხვა შემოსავალი არ აქვთ, მათი ძირითადი შემოსავალი არის მეცხოველეობა და იყიდება ხოლმე სექტემბერსა და აგვისტოს ბოლო რიცხვებში.”

სამცხე-ჯავახეთის ვეტერინართა ასოციაციაში ამბობენ, რომ მწყემსებს ცხვარი, ძირითადად, გუმბათის, ნიალისა და ბუზმარეთის საზაფხულო იალაღებზე ჰყავთ გაშვებული. მათი რეალიზაცია კი, ძირითადად, შემოდგომით ხდება. მეცხოველეობის ბაზრის დირექტორი იური გელაშვილი ირწმუნება, რომ ისინი აღრიცხვას ყოველ სამუშაო დღეს აწარმოებენ.

”რეგისტრაცია, ძირითადად, ხდება გაყიდულ საქონელზე - ჩამოსული მყიდველი აფორმებს რეგისტრაციას იმისათვის, რომ მოპარული არ იყოს საქონელი, აგრეთვე ვეტერინარული დახედვა ხდება საქონლის, ამის შემდეგ მონაცემთა ბაზაში შედის. ჩვენ უკვე ვიცით საიდან არის, რომელი რაიონიდან შემოსული საქონელი და რა რაოდენობის.”

უცხოელების მიერ ქართული ცხვრით დაინტერესება ქვეყნის ხელისუფლებას ყურადღების მიღმა არ დარჩენია. პრეზიდენტის რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში ლაშა ჭკადუა ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ რწმუნებულებთან და გამგებლებთან შეხვედრაზე ყურადღება ამ საკითხზეც გაამახვილა:

”პრეზიდენტმა სამცხე-ჯავახეთზე ისაუბრა, საერთოდ. ნინოწმინდაში ფარავნის ტბის ტურისტულ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება, ასევე საუბარი შეეხო მეცხვარეობის განვითარებას და ზოგადად სოფლის მეურნეობის კუთხით იყო საუბარი.”

ამ დროისათვის ცხვრის ფასი მეცხოველეობის ბაზარზე 70-დან 100 დოლარამდე მერყეობს.
XS
SM
MD
LG