Accessibility links

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დღეს პრეზიდენტს კონსტიტუციის ახალ რედაქციას წარუდგენს


სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დღეს პრეზიდენტს კონსტიტუციის ახალ რედაქციას გადასცემს. საკანონმდებლო ორგანოში მის წარდგენა-არ წარდგენაზე და წარდგენის თარიღზე გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილი თავად მიიღებს. კონსტიტუციაში ცვლილებები საბოლოოდ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პროექტის შესვლისას შეიქმნება საზოგადოებრივი საჯარო განხილვის კომისია, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან ერთად საკონსტიტუციო პროექტზე იმსჯელებს, ამის შემდეგ კი მის განხილვას უკვე თავად პარლამენტი შეუდგება. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის საბოლოო ვარიანტი გუშინ, 44 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ახალ რედაქციას მხარი არ დაუჭირა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ჯონდი ბაღათურიამ, "თავისუფლების ინსტიტუტის" წარმომადგენელმა ლევან რამიშვილმა და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე თამარ ხიდაშელმა. როგორც ჯონდი ბაღათურიამ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მისი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ კომისიამ ნაჩქარევად მიიღო ასეთი სერიოზული პროექტის კენჭისყრის გადაწყვეტილება. ბაღათურია მიიჩნევს, რომ ეს პროცესი სექტემბრისთვის უნდა გადაეტანათ. რაც შეეხება თამარ ხიდაშელს, მისი განცხადებით, ახალი კონსტიტუციის მიხედვით იზრდება არა პარლამენტის, არამედ მთავრობის როლი და აღმასრულებელი ხელისუფლების ნებართვის გარეშე საკანონმდებლო ორგანო ბევრი საკითხის გადაჭრისას ხელ-ფეხშეკრული რჩება. მისივე თქმით, რიგ საკითხებთან დაკავშირებით სერიოზული პრეტენზიები ვენეციის კომისიასაც გააჩნდა. "თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს პროექტი დღეს მოქმედ კონსტიტუციას აშკარად სჯობს, მაგრამ ვფიქრობ, კომისიას გაცილებით მეტის გაკეთება შეეძლო", - აღნიშნა ხიდაშელმა.

XS
SM
MD
LG