Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 20 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა


სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 20 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამისი გადაწყვეტილება დე-ფაქტო მთავრობამ და პარლამენტმა მიიღეს. ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის სტანისლავ კოჩიევის განცხადებით, დაღუპულთა უმეტესობას 21 ივლისს დაკრძალავენ. "დაღუპულთა შორის არიან ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკების, რუსეთის ფედერაციისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებნი. იმის გამო, რომ ცხინვალის პროზექტურის შენობაში ამჟამად აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, ორი გარდაცვლილის ცხედარი ჩრდილოეთ ოსეთის პროზექტურაში იქნება მოთავსებული ნათესავების ჩამოსვლამდე", - განაცხადა კოჩიევმა. დე-ფაქტო მთავრობამ ასევე გადაწყვიტა, რომ დაღუპულთა ოჯახებს 100 ათასი (6 000 ლარი), დაშავებულების ოჯახებს კი 50 ათასი რუბლით (3 000 ლარი) დაეხმარება. დე-ფაქტო მთავრობა დაფარავს დაშავებულების მკურნალობის ხარჯებსაც. უკვე შექმნილია დაღუპულთა დამკრძალავი ე.წ. სახელმწიფო კომისია, რომელსაც დე-ფაქტო მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე დომენტი კულუმბეგოვი ხელმძღვანელობს. 18 ივლისს ვლადიკავკაზი-ცხინვალის სამგზავრო ავტობუსი როკის გვირაბიდან გამოსვლის შემდეგ ხრამში გადაიჩეხა. შედეგად 11 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დაიღუპა, 13 კი დაშავდა. ფაქტზე დე-ფაქტო შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. დაკავებულია ავტობუსის მძღოლი ზახარ ლალიევი.

XS
SM
MD
LG