Accessibility links

logo-print
დირექტორების უფლებათა დამცველი თეა თუთბერიძე განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინს და განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსს ირაკლი ანდრიაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს და პროკურატურას საჩივრით მიმართავს. 8 გვერდიან საჩივარს თან ფარული აუდიოჩანაწერიც ახლავს, სადაც კარგად ჩანს როგორ აიძულებენ მე-14 სკოლის დირექტორს ზვიად მიმინოშვილს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწეროს. თავად მიმინოშვილი აცხადებს, რომ მისი შემთხვევა განათლების სამინისტროსა და სკოლის დირექტორებს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის მხოლოდ ერთი, გამოაშკარავებული, მაგალითია. განათლების სამინისტრო კი ამბობს, რომ ჩანაწერი ყალბია.

ზეწოლა მე-14 სკოლის დირექტორ ზვიად მიმინოშვილზე, როგორც ის თავადაც აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში და ამას მისი წარმომადგენელი იურისტი რევაზ რიჟამაძე და თეა თუთბერიძეც ადასტურებენ, კარგა ხნის წინ დაიწყო. მას 2010 წლის გაზაფხულზე ჯერ განათლების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა განათლების რეფორმის მოწინააღმდეგე და მინისტრის პირადი მტერი უწოდა, ამას დაემატა ის, რომ სკოლაში გენერალური ინსპექცია შევიდა, რომელმაც ფინანსური დარღვევები აღმოაჩინა, რის შემდეგაც მას განათლების სამინისტრომ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა და სამსახურიდან მშვიდად წასვლა სთხოვა. მედიით უკვე გავრცელდა ფარული აუდიოჩანაწერი, სადაც პედაგოგთა პროფკავშირის, ”სინდიკატის”, წარმომადგენელი ტარას შავშიშვილი ზვიად მიმინოშვილს მშვიდად დათმობას ურჩევს.

დღეს მე-14 სკოლის სამეურვეო საბჭო დათხოვნილია, დირექტორი - გათავისუფლებული. როგორც თეა თუთბერიძე ამბობს, ზეწოლა ზვიად მიმინოშვილის სამსახურიდან წასვლის შემდეგ მის მეუღლეზეც ხორციელდება. კერძოდ, მას ურეკავს საკრებულოს წევრი და ერთ-ერთი ბაღის დირექტორი ტარიელ ხიზანეიშვილი და სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრება. მიმინოშვილის წარმომადგენელი რევაზ რიჟამაძე ამბობს, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელმა ანდრიაშვილმა პირდაპირ მოსთხოვა მას თანამდებობის დატოვება:

”ანდრიაშვილი ამ საუბარში მიმინოშვილს განუმარტავს, რომ მინისტრთან შეთანხმებით მოქმედებს და რომ საქმეს ახლა ასე სჭირდება.”

თავად ზვიად მიმინოშვილი, რომელსაც ახლა ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ის, უბრალოდ, ზედმეტად დაინტერესდა იმ მიზეზებით, რის გამოც განათლების სამინისტროში აითვალწუნეს:

”მარტო მე ხომ არ ვარ ამ დღეში, გადახედეთ სკოლის დირექტორების მდგომარეობას, ზოგმა უკვე დაწერა განცხადება, ზოგს თავად ათავისუფლებენ. როგორც ჩანს, მე ზედმეტად დავინტერესდი იმ მოტივებით და მიზეზებით, თუ რატომ უნდა წავსულიყავი. ვინმეს ანგარიშს უწევენ თუ რა, ყველას სულელებად ასაღებენ, ყველას და ყველაფერს, ვინც ან რაც არ მოსწონთ. 90-იანი წლებიდან ამ სფეროში ვარ და არავის უთქვამს აქამდე, რომ განათლების მტერი ვარ...”

არსებობს კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი მიმინოშვილსა და ირაკლი ანდრიაშვილს შორის საუბრისა, რომლის ნამდვილობაზეც პასუხისმგებლობას თეა თუთბერიძე კისრულობს.
20 ივლისს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის სახელზე სწორედ თუთბერიძემ შეიტანა საჩივარი, სადაც ის განათლების სამინისტროს პირველი პირისა და სხვა ჩინოსნების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს:

”მოვითხოვ პროკურატურისგან აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. თუ ჰგონია დიმიტრი შაშკინს, რომ ზურაბ ადეიშვილთან მას კარგი ურთიერთობა აქვს და ამიტომ გამოძიება არ დაიწყება და მისი პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება, ძალიან ცდება. მე მას შევახსენებ, რომ მასზე უფრო ძლიერი მინისტრებიც ყოფილან, გმირებად რომ ასახელებდნენ, და დღეს ისინი არათუ საქართველოში აღარ ცხოვრობენ, არამედ მათზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.”

განათლების სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით მოკლე კომენტარს აკეთებს: მათი პრესსამსახურის უფროსი ნინო პოტრჟებსკაია ამბობს, რომ ჩანაწერი ყალბია.

როგორი მსვლელობა ექნება საქმეს უკვე პროკურატურაში, ამის შესახებ თუთბერიძე, მისივე განცხადებით, მედიას ყოველ ახალ ინფორმაციას მიაწვდის.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG