Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რკინიგზის ევროობლიგაციები - რისკი თუ სარგებელი


საქართველოს რკინიგზამ საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე ხუთწლიანი ვადით განათავსა 250 მილიონი დოლარის ღირებულების ევროობლიგაციები. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსის ნიკოლოზ მჭედლიშვილის ინფომაციით, მოზიდული თანხები რკინიგზის შემოვლითი გზის პროექტის განხორციელებას და ასევე ”სხვადასხვა მოდერნიზაციის პროექტების” - მათ შორის, თბილისი-ბათუმის ჩქაროსნული მატარებლის - დაფინანსებას მოხმარდება. ექსპერტები ობლიგაციების გატანის გზით ვალდებულებების აღების წინააღმდეგი არ არიან, თუმცა ეჭვობენ, რომ ვალის არაეფექტურმა ხარჯვამ შესაძლოა რკინიგზა უცხო მფლობელს ჩაუგდოს ხელში. რა სარგებელსა და საფრთხეს შეიცავს რკინიგზის ევროობლიგაციების გატანა საერთაშორისო ბაზარზე?

საერთაშორისო საფინანსო ბაზარზე საქართველოს რკინიგზამ ორი ნომინალის ობლიგაციები წარადგინა - ათასდოლარიანი და 100 ათასდოლარიანი. მათი განთავსება კი ბაზრებზე სამი ბანკის Bank of America-ს, Merrill Lynch-ისა და JP Morgan- ის მეშვეობით განხორციელდა და საპროცენტო განაკვეთი, თავდაპირველი წლიური 10 პროცენტის ნაცვლად, მოცემული ბანკების პოტენციური კლიენტების ინტერესების გათვალისწინებით, 9, 875 მეათასედი პროცენტით განისაზღვრა. 5 წლის შემდეგ საქართველოს რკინიგზამ ობლიგაციების თანხა - 250 მილიონი დოლარი -პლუს ყოველწლიურად პროცენტების თანხა უნდა გადაიხადოს.

ექსპერტების განმარტებით, ეს არის ვალი, რომელიც რკინიზგის განვითარებას უნდა მოხმარდეს. იმ შემთხვევაში, თუ რკინიგზა ამ თანხის გადახდას ვერ შეძლებს, შესაძლოა კრინიგზის გასხვისების საფრთხე გაჩნდეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი იმის განსამარტავად, თუ რა მოხდება 5 წლის შემდეგ, საერთაშორისო პრაქტიკას იშველიებს:

”5 წლის შემდეგ, ანუ 2015 წელს, ეს ობლიგაციები უნდა გამოისყიდოს საქართველოს რკინიგზამ, მაგრამ ძალიან ხშირია საერთაშორისო პრაქტიკაში ისეთი სიტუაცია, როცა კომპანიები ახალ ობლიგაციებს უშვებენ და ამ ახალი ობლიგაციებით ფარავენ ძველის დასაფარ თანხას”, - აცხადებს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

ობლიგაციების თანხის გადაფარვას ბაზარზე ახალი ობლიგაციების გამოშვებით ფინანსურ პირამიდას ადარებს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი. ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ გია ხუხაშვილი საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. ის მიიჩნევს, რომ იმ მიზნებისთვის, რისთვისაც ამ თანხის გამოყენებას აპირებენ, რკინიგზის შემოსავლები ვერ გაიზრდება, რადგან რკინიგზას აქვს სისტემური პრობლემები თავისი ძირითადი ფუნქციის განხორციელების თვალსაზრისით.

”რკინიგზის ძირითადი ფუნქცია და ძირითადი შემოსავალი ეს არის ტრანზიტული გადაზიდვები და აქ გვაქს სავალალო მდგომარეობა - როგორც სავაგონო სისტემის მხრივ, ასევე სალიანდაგო სისტემის მხრივ. გვაქვს ამორტიზებული ხიდები და ამ მიმართულებით არის სერიოზული ინვესტიციები საჭირო. იმისთვის, რომ სატრანზიტო პოტენციალი იყოს მაქსიმალურად ათვისებული, საჭიროა სიჩქარეების გაზრდა. სიჩქარეების გაზრდა ძირითადი მაგისტრალის მოდერნიზაციას საჭიროებს. ეს არის რკინიგზის ძირითადი პრიორიტეტი”, - მიიჩნევს გია ხუხაშვილი.

მას მაღალ რისკად მიაჩნია იმის მოლოდინი, რომ რკინიგზის გადატანის შემთხვევაში გამოთავისუფლებულ ადგილას მშენებლობების ბუმი დაიწყება, და ამ საკითხს ”წყალზე თითით” დაწერილს უწოდებს. შესაბამისად, უჭირს იმ პერსპექტივის დანახვა, თუ როგორ შეიძლება რკინიგზის შემოსავლები გაიზარდოს და ამბობს, რომ ჩნდება რისკები:

” სავარაუდოდ, სავსებით შესაძლებელია, რომ ყველა ეს ობლიგაცია აღმოჩნდეს რუსეთის ემ-პე-ეს-ის ხელში და ეს შეიძლება ითქვას მაღალი ალბათობით. იმ შემთხვევაში, თუ რკინიგზა ვერ გაართმევს ამ მაღალ რისკებს თავს და რკინიგზა აღმოჩნდება რუსეთის ემ-პე-ეს -ის ხელში, რას ვაკეთებთ, ძალიან მაინტერესებს”, - კითხულობს გია ხუხაშვილი.

”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” პრეზიდენტი პაატა შეშელიძე ობლიგაციების გატანის საკითხში იურიდულ პრობლემას ვერ ხედავს, მაგრამ ვალის ეფექტური გამოყენება აეჭვებს. პაატა შეშელიძე ფიქრობს, რომ სახელმწიფო მენეჯმენტის ქვეშ მყოფი კომპანია ამ თანხის ეფექტურ ხარჯვას ვერ განახორციელებს.

”ჩვენ საუბარი გვაქვს ბიზნესორგანიზაციაზე, შპს-ზე, სამწუხაროდ, სახელმწიფოს წილით, მაგრამ მას აქვს სხვადასხვა კომერციული ოპერაციის უფლება. ამ შემთხვევაში ევროობლიგაციის ფორმატში მის მიერ აღებული სესხი შეგვიძლია განვიხილოთ როგორც კომერციული ოპერაცია, რომლის თავდებშიც ამ შემთხვევაში ისევ ამ კომპანიის ქონებაა”,- უთხრა რადიო თავისუფლებას პაატა შეშელიძემ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსის ნიკოლოზ მჭედლიშვილის განმარტებით, ობლიგაციების გატანით საქართველოს რკინიგზას არანაირი ფინანსური საფრთხე არ ემუქრება. პირიქით, მისი განმარტებით, რაც მეტი ქართული კომპანიის ობლიგაცია იტრიალებს საერთაშორისო საფინანსო ბაზარზე, მით უფრო მაღალი იქნება ქართული ეკონომიკის მიმართ უცხოელი ინვესტორების ინტერესი.

”საერთაშორისო ბაზარზე ბრუნავს ორი ქართული კომპანიის ფასიანი ქაღალდი -”საქართველოს ბანკის” აქციები და საქართველოს სუვერენული ობლიგაციები, რომელიც 2008 წელს გამოუშვეს, თუმცა, ჩემი აზრით, და ამას ბევრი ექსპერტიც ამბობს, ეს არის ძალიან ცოტა. ახლა მესამე დაემატა, საქართველოს რკინიგზის ობლიგაციების სახით. რაც მეტი ფასიანი ქაღალდი იტრიალებს საერთაშორისო ბაზრებზე, მით უკეთესია ინვესტორებისთვის, იმ გაგებით, რომ ინვესტორებს მით უკეთესი სურათი ექნებათ ქართული ეკონომიკის შესახებ”, - ფიქრობს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG