Accessibility links

კომპანია K1-ს ჯერ არც ვებსაიტი აქვს და არც ის იცის, როდის და რა დაფარვის ზონით იმაუწყებლებს. შეგახსენებთ: K1 არის კომპანია, რომელსაც პირველმა არხმა ტენდერის გარეშე კონტრაქტი გაუფორმა 4,7 მილიონ ლარზე და პირველი კავკასიური არხი ჩააბარა. ამ თანხის სანაცვლოდ K1-მა მედია პროდუქცია უნდა შექმნას რუსულ ენაზე.

დღე-ღამეში მხოლოდ ექვსი საათი რუსულ ენაზე - ესაა ინფორმაცია, რომელიც კომპანია K1-ში მეტ-ნაკლები სიზუსტით იციან. კომპანიამ ჯერ არ იცის როდის და არც ის იცის რა სატელიტზე და რა ზონაში გავა მათ მიერ შექმნილი პროდუქცია. კომპანიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების წარმომადგენელი დმიტრი ბიტსულეიმანი ამბობს:

„სატელიტზე გასვლა არ არის ჩვენი პრეროგატივა და ამას უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებელი. ჩვენ არც გვაქვს უფლება, რომ გავიდეთ სატელიტზე, რადგან არ გვაქვს მაუწყებლობის ლიცენზია. რა თქმა უნდა, ის გავა სატელიტზე, თუმცა ჯერჯერობით ვერ გეტყვით, სად და როგორ. ეს გაირკვევა ცოტა ხანში.”

K1-გან განსხვავებით, პირველი არხის ხელმძღვანელობის თქმით, სატელიტზე ადგილი უკვე ნაპოვნია და იგი იმავე დაფარვის ზონას მოიცავს, რაც პირველ კავკასიურს ჰქონდა მანამ, სანამ ფრანგული კომპანია მას ამ სივრცეს სასამართლოს გზით ჩამოართმევდა. თუმცა პირველ არხზე ამ ინფორმაციას არ ასახელებენ. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე:

“სატელიტის სეგმენტი არის შესყიდული, მაგრამ ჯერჯერობით ვერ გისახელებთ, არ მაქვს უფლება დაგისახელოთ, რომელ სატელიტზეა შესყიდული ეს სეგმენტი. არ დაგიმალავთ და შიში გვაქვს, რომ შესაძლოა იგივე მოხდეს, რაც მოხდა eutelsat-თან დაკავშირებით.”

რაც შეეხება თავად შ.პ.ს K1-ს, ეს კომპანია სპეციალურად პირველ არხთან კონტრაქტის გაფორმების წინ შეიქმნა, მას ჯერჯერობით ვებსაიტიც კი არ აქვს. მისთვის გადასახდელი თანხა სამთავრობო სარეზერვო ფონდიდან გამოიყო, რაც პირველ არხს საკანონმდებლო ვალდებულებას უხსნის ჩაატაროს ტენდერი. კონტრაქტი, რომელიც მხარეებს შორის დაიდო, პირველი არხის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნებულია და მისი წაკითხვა შეგიძლიათ. K1-ს 4,7 მილიონს პირველი არხი პროდუქციის შექმნაში გადაუხდის, ანუ ეს იქნება მედიაპროდუქციის მწარმოებელი. შეგახსენებთ, რომ K1-ისთვის მედიაპროდუქციის ნაჩქარევი წესით და ტენდერის გარეშე დაკვეთა სამეთვალყურეო საბჭოს რამდენიმე წევრმა გააპროტესტა. კრიტიკას თავად K 1-ის წარმომადგენლები საკმაოდ მოკლედ პასუხობენ:

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კანონის ყველა ნორმა იყო დაცული.“

კონტრაქტის უშუალო ხელმომწერი და ინიციატორი პირველი არხის გენერალური დირექტორია. რატომ მოხდა თანხის გამოყოფა სარეზერვო ფონდიდან და რატომ არ ჩატარდა ტენდერი? - ეს შეკითხვა ჩვენ ლევან გახელაძეს დავუსვით.

„ეს არის გენერალური დირექტორის უფლება. მან მიმართა ჯერ მთავრობას, რათა გამოყოფილიყო მიზნობრივად თანხა პირველი კავკასიური არხის განვითარებისათვის. გამოიყო დაახლოებით შვიდი მილიონი. შემდეგ გენერალურმა დირექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, გაეტანა ეს პროექტი გარე წარმოებაში.

ინფორმაცია ჯერჯერობით K1-ის საქმიანობის შესახებ არ გვაქვს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შპს სულ ახლახან შეიქმნა. თუმცა ვიცით, რომ მისი დამფუძნებელია ბრიტანელი ჟურნალისტი რობერტ პარსონსი. პარსონსი ერთ ხანს რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის დირექტორად მუშაობდა, ბოლოს კი ტელეკომპანია France 24-ის ინგლისურენოვანი არხის თანამშრომელი იყო.
XS
SM
MD
LG